Aa
Aa

ედმუნდი და სოუზა ეშტორილის ტურნირის დაწყებამდე სერფინგით დაკავდნენ

ცნობილმა ჩოგბურთელებმა - კაილი ედმუნდმა და ჟოაო სოუზამ, ეშტორილის ტურნირის დაწყებამდე გასართობად დრო გამონახეს და პრაია დე კარსაველოსის სანაპიროს ესტუმრნენ.

ინგლისელი და პორტუგალიელი სპორტსმენები პროფესიონალ სერფერ ფედერიკო მორაიშთან იმყოფებოდნენ, რომელმაც მათ სერფინგის მცირე გაკვეთილი ჩაუტარა, რის შემდეგაც ედმუნდმა და სოუზამ რამდენიმე ტალღის წინააღმდეგ გაილაშქრეს.

კაილი ედმუნდი საკმაოდ ნიჭიერ ჩოგბურთელად მიიჩნევა. იგი ეშტორილის ტურნირზე მე-3 ნომრადაა განთესილი და პირველ რაუნდში მსოფლიოს 111-ე ჩოგან ალექს დე მინაურს შეხვდება.

რაც შეეხება სოუზას, ის საკმაოდ კარგ ფორმაშია და რამდენიმე კვირის წინ მარაკეშის ტურნირზე 1/2 ფინალში ითამაშა, ეშტორილის პირველობაზე კი საკმაოდ რთული მეტოქით დაწყება უწევს, რაც პერსპექტიულ რუს დანილ მედვედევთან დაპირისპირებას გულისხმობს.

ეშტორილი პატარა ზღვისპირა ტურისტული ქალაქია, რომელიც დედაქალაქ ლისაბონიდან დაახლოებით 30 კილომეტრში მდებარეობს. მისი წლევანდელი საჩოგბურთო ტურნირის პირველი ნომერი კევინ ანდერსონია, მე-2 ნომრად პაბლო კარენო ბუსტაა განთესილი, ხოლო მესამედ, როგორც უკვე ვთქვით - კაილი ედმუნდი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები