იტალიური პრესა:
Aa
Aa

იტალიური პრესა: "სკუადრა აძურას" მანჩინი გაწვრთნის!

იტალიური პრესის ინფორმაციით, რობერტო მანჩინისა და ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას შორის შეთანხმება მიღწეულია და "სკუადრა აძურას" უახლოეს ხანში სწორედ "ზენიტის" ამჟამინდელი თავკაცი ჩაიბარებს.

ჯამპიერო ვენტურას ნოემბერში დათხოვნის შემდეგ, იტალიის უპირველესი გუნდის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ლუიჯი დი ბიაჯო ასრულებდა, რომელიც ნაკრებს ინგლისთან და არგენტინასთან ამხანაგურ შეხვედრებში ხელმძღვანელობდა.

არსებული ცნობებით, მანჩინი 2 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, შესაბამისად, გუნდს 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე უხელმძღვანელებს. მისი წლიური ანაზღაურება 4 მილიონი ევრო იქნება. როგორც რამდენიმე კვირის წინ დაიწერა, სრული სამწვრთნელო შტაბის წლიური სახელფასო ბიუჯეტი 5 მილიონი ევროა.

ერთადერთი დაბრკოლება "ზენიტი" და მასთან მოქმედი კონტრაქტია. რუსებს მანჩინის გაშვების სურვილი არ აქვთ, თუმცა მისთვის არც მთლად ხელის შეშლას აპირებენ, რაც ნიშნავს, რომ იტალიურ მხარეს, დიდი ალბათობით, საკომპენსაციო თანხის გადახდა მოუწევს.

მანჩინი იტალიაში იმყოფებოდა და მოლაპარაკებები დახურა, ახლა კი რუსეთში გაემგზავრა, რათა "ზენიტი" ჩემპიონატში დარჩენილი 2 მატჩისთვის მოამზადოს - პეტერბურგელები "ლოკომოტივსა" და "სკა"-ს უნდა შეხვდნენ.

football-italia წერს, რომ ფედერაციის წარმომადგენლები კონტრაქტის დეტალებს უახლოეს პერიოდში გაახმაურებენ, რის შემდეგაც ახალი მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად დასახელდება. ეს ყველაფერი დაახლოებით 20 მაისისთვის უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ მოლაპარაკებები კარლო ანჩელოტისთან მიმდინარეობდა, თუმცა შეთანხმების მიღწევას ანაზღაურების ოდენობამ შეუშალა ხელი. "პაპა კარლოს" გარდა, აღნიშნულ პოსტზე კლაუდიო რანიერი და ანტონიო კონტე მოიაზრებოდნენ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები