Aa
Aa

„რეალი“ VS „ბაიერნი“ - წინასამატჩო პრესკონფერენცია

დღეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის განმეორებითი მატჩი შედგება. მადრიდში ადგილობრივი „რეალი“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს. გუნდებს შორის გამართული პირველი დაპირისპირება ერთი კვირის წინ „ალიანს არენაზე“ შედგა, სადაც გამარჯვება მადრიდულმა კლუბმა მოიპოვა. პრინციპული მატჩის წინ „რეკორდმაისტერმა“ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ პირველი ვარჯიში გამართა. გერმანელები გასამართ დაპირისპირებას მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდებიან. ნოიერი, ვიდალი, კომანი, ბოატენგი და რობენი კვლავ ლაზარეთში რჩებიან. „ბაიერნის“ დამრიგებელმა პრესკონფერენციაზე გასამართი მატჩის შესახებ ისაუბრა.

იუპ ჰაინკესი - „პირველ რიგში ჩვენ ეფექტურად უნდა ვითამაშოთ და საგოლე მომენტები გამოვიყენოთ. პირველ შეხვედრაში რეალს სამი-ოთხი საგოლე მომენტი ჰქონდა, რომლიდანაც ორი მათგანი გამოიყენეს.ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი სტილით ვითამაშოთ. ბუნდესლიგაში 88 გოლის გატანა მოვახერხეთ, ბევრ გოლს ვიტანდით გერმანიის თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე. იმედი მაქვს, რომ დღევანდელ შეხვედრაშიც საგოლე მომენტებს გამოვიყენებთ.“

გუნდები ერთმანეთს „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გასულ წელსაც დაუპირისპირდნენ. ერთი წლის წინ გამართულ შეხვედრაში მოედნიდან არტურო ვიდალი გააძევეს, გულშემატკივრების ნაწილი კი ფიქრობდა რომ რეალმა ორი ბურთი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა.

გასამართი დაპირისპირების წინ ჰაინკესმა კომენტარი მთავარ არბიტრზე, ჩუნეთ ჩაქირიზეც გააკეთა.

იუპ ჰაინკესი - „პარი სენ ჟერმენის წინააღმდეგ თამაში ჩაქირიმ განსაჯა და მან მოვალეობას თავი კარგად გაართვა. პირველ რიგში მისგან სამართლიანობას ველი. იმედი მაქვს, რომ მისი გადაწყვეტილებები თამაშზე ცუდ გავლენას არ იქონიებს.“

მთავარ არბიტრზე და გასამართ მატჩზე კომენტარი გააკეთა „ბაიერნის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ტომას მიულერმა.

ტომას მიულერი - „ჩვენ არ გვსურს, რომ მსაჯზე ზეწოლა მოვახდინოთ. მას ისედაც ძალიან საპასუხისმგებლო მოვალეობა აკისრია. მთელი გუნდი მხოლოდ თამაშზეა კონცენტრირებული. ხალხმა უკვე იცის რა მოხდა გასულ წელს, ჩვენ ორი გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაგვიტანეს, თუმცა შეცდომას ყველა უშვებს. მთავარია მობილიზებულად ვიმოქმედოთ, ნაკლები შეცდომა დაუშვათ და საგოლე მომენტები გამოვიყენოთ.“

პრესკონფერენციაზე „რეალის“ ყოფილ შუახაზელსა და ამჟამად „ბაიერნში“ მოთამაშე ხამეს როდრიგესს ჰკითხეს იზეიმებდა თუ არა სამეფო კლუბის კარში გატანილ გოლს.

ხამეს როდრიგესი - „რათქმაუნდა არა. მე მადრიდში შესანიშნავი სამი წელი გავატარე. სამეფო კლუბის შტაბში ძალიან მეგობრულად მიმიღეს და აქ ძალიან თბილი მოგონებები მაკავშირებს. ამ შესანიშნავ სამ წელიწადში მე რეალთან ერთად არაერთი ტიტული მოვიგე. ეს უბრალოდ პატივისცემის ნიშანია, რომ გოლის გატანის შემთხვევაში არ აღნიშნო.“

„რეალი“ გასამართი მატჩის წინ საკმაოდ კომფორტულ სიტუაციაში იმყოფება, მიუხედავად ამისა ფრანგი სპეციალისტი აცხადებს, რომ მეტოქე გუნდი „სანტიაგო ბერნაბეუზე“ მოსაგებად ყველაფერს გააკეთებს.

ზინედინ ზიდანი - „ბაიერნს სადარდებელი არაფერი აქვს. ისინი მოედანზე გამოვლენ იმისთვის, რომ დიდებული მატჩი ჩაატარონ. ჩვენს  მეტოქეს  ნებისმიერი კლუბის დამარცხება შეუძლია. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ როგორც არასდროს და ჩავატაროთ შესანიშნავი შერხვედრა. იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელები ჩემს მითითებებს ზუსტად შეასრულებენ და შეცდომებს მინიმუმამდე დავიყვანთ დარწმუნებული ვარ რომ ფინალში გავალთ. მიუნხენელებს დასაკარგი არაფერი აქვთ, ასე რომ წინ ძალიან რთული ბრძოლა გველის“

ზიდანმა კომენტარი ტრავმირებულ ფეხბურთელბზეც გააკეთა.

ზინედინ ზიდანი - „ნაჩოც და ისკოც ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდნენ, თუმცა დაიწყებენ თუ არა ისინი ძირითადი შემადგენლობიდან თამაშს ამას ხვალ ნახავთ. როგორც ვთქვი ფეხბურთელი    100 %-ით უნდა იყოს მზად, იმ შემთხვევაში თუ ისინი სათადარიგო სკამზე იქნებიან, ეს ნიშნავს იმას, რომ მათ 90 წუთის თამაში არ შეუძლიათ. რაც შეეხება ისკოს, მან ძალიან კარგად იცის რა უნდა გააკეთოს. ჩვენ ყველას გვინდა რომ ის სრულ მზადყოფნაში იყოს, ისევე როგორც მას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ისკომ ითამაშოს.“

გასამართ დაპირისპირებაზე და კლუბის ბოლოდროინდელ მიღწევებზე ისაუბრა მადრიდელთა კაპიტანმა სერხიო რამოსმა.

სერხიო რამოსი - „როდესაც მადრიდში გადმოვედი, ჩვენ ჩემპიონთა ლიგას უმეტეს შემთხვევაში მერვედფინალიდან ვეთიშებოდით. ახლა კი უკვე ზედიზედ მერვე წელია ნახევარფინალს ვთამაშობთ, ამას დაუმატოთ ბოლო 4 წელიწადში 3 ჩემპიონობა. ეს საოცარია. შესაძლოა ხალხის ნაწილი ფიქრობდეს, რომ ჩვენ უძლეველები ვართ, მაგრამ ეს ასე არაა. დადგება დრო, როდესაც ჩემპიონთა ლიგას სხვა გუნდი მოიგებს. თუმცა სანამ ეს დრო დადგება, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ამ წელს არ მოხდეს.“

„რეალისა“ და „ბაიერნის“ დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 22:45-ზე „საინტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება. შეხვედრას თურქ არბიტრთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი კი ჩუნეთ ჩაქირი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები