Aa
Aa

"რეალი" VS "ბაიერნი" - ტაქტიკური ანალიზი: პრობლემები, რისკი და ფსიქოლოგიური ომი

დღეს მადრიდში წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართება.

"რეალი" "ბაიერნს" უმასპინძლებს და "სანტიაგო ბერნაბეუზე" პირველი ფინალისტის ვინაობა გახდება ცნობილი.

ერთი კვირის წინ მიუნხენში გამართული შეხვედრა ზინედინ ზიდანის გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნს" დღეს მინიმუმ 2 ბურთის გატანა სჭირდება.

გუნდების დანაკლისი და ამჟამინდელი მდგომარეობა

"რეალმა" ლა ლიგის გასულ ტურში "ლეგანესს" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

ზიდანმა ფაქტიურად მთელი გუნდი დაასვენა, რაც მოსალოდნელიც იყო. მადრიდელთათვის ესპანეთის ჩემპიონატს აზრი უკვე დიდი ხანია დაკარგული აქვს.


 

"ბაიერნმა" ბუნდესლიგის უკანასკნელ ტურში ფრანკფურტის "აინტრახტს" უმასპინძლა და გადახალისებული შემადგენლობით 4:1 გაიმარჯვა.

ჰაინკესმა ლიდერები დაასვენა და "რეალთან" მატჩისთვის მოამზადა.

მიუნხენელებს ბუნდესლიგა უკვე მოგებული აქვთ და მთელს აქცენტს ჩემპიონთა ლიგას უთმობენ.


 

გუნდები დღევანდელ შეხვედრას დანაკლისებით ხვდებიან. ზინედინ ზიდანი ძირითადი შემადგენლობის ორ წევრს დანი კარვახალსა და ისკოს მოისაკლისებს.

რა თქმა უნდა, "რეალისთვის" ეს პრობლემაა, თუმცა მიუნხენლთა დანაკლისის ფონზე მადრიდელთა ეს ყველაფერი უმნიშვნელოდ მოსჩანს.

"ბაიერნს" დღევანდელ მატჩში მანუელ ნოიერი, არტურო ვიდალი, კინგსლი კომანი, ჟერომ ბოატენგი და არიენ რობენი ვერ დაეხმარებიან.

გუნდს დაუბრუნდა დავიდ ალაბა, თუმცა ჰაინკესს დანაკლისი მაინც ძალიან დიდი აქვს.

ტაქტიკა და მატჩის მოსალოდნელი სცენარი

ზინედინ ზიდანი მომგებიან სიტუაციაში იმყოფება და რა თქმა უნდა, ის ფრთხილ ტაქტიკას აირჩევს.

"რეალი" ტემპის დაგდებასა და ბურთის გაკონტროლებას შეეცდება.

"ბაიერნი" პირველივე წუთებიდანვე შეუტევს და ბუნებრივია, რომ მათ დაცვაში სივრცეები გაჩნდება, რითიც მადრიდელები ისარგებლებენ.

ყველაფერს პატარა დეტალები გადაწყვეტს. ნებისმიერ მომენტს უდიდესი მნიშვნელობა ექნება.

ზიდანს რამდენიმე იძულებითი ცვლილების მოხდენა მოუწევს. კეილორ ნავასის წინ 4 მცველი განლაგდება - მარცხენა ფლანგს ტრადიციულად მარსელო ჩაიბარებს, დაცვის ცენტრს კი რამოსი-ვარანი. "რეალს" პრობლემები მარჯვენა ფლანგზე აქვს. კარვახალის შემცვლელად ლუკას ვასკესი მოიაზრება, რომელმაც "ალიანს არენაზე" ამ პოზიციაზე უკვე ითამაშა.

მართალია განაცხადს ნაჩო დაუბრუნდა, მაგრამ დიდი ხნის უთამაშებელი ესპანელის ძირითადში დაყენება რისკს წარმოადგენს.

მოედნის ცენტრში კაზემირო-კროოსის დუეტი იდგება, რომელთა წინ ლუკა მოდრიჩი და მარკოს ასენსიო განლაგდებიან.

თავდასხმაში კრიშტიანო რონალდუსა და კარიმ ბენზემას წყვილს უნდა ველოდოთ.

ზიდანმა შესაძლოა ვასკესი ფლანგზე მარტო არ დატოვოს და მის წინ გარეთ ბეილი გაამწესოს.

ასეთ შემთხვევაში "რეალი" 4-3-3 ტაქტიკით ითამაშებს და კრიშტიანო რონალდუს ფლანგებიდან ასენსიო-ბეილის წყვილი დაეხმარება.

ისკოსა და კარვახალის ერთდროულად დაშავებამ ზიდანს გეგმები აურია და ფრანგი სპეციალისტი იძულებულია ტაქტიკაში ცვლილებები შეიტანოს.

იუპ ჰაინკესი რთულ სიტუაციაში იმყოფება და მას რაიმე განსაკუთრებულის მოფიქრება მოუწევს.

"ბაიერნის" კარს ულრაიხი დაიცავს, რომლის წინ ოთხი მცველი განლაგდება - ჯოშუა კიმიხი, ნიკლას ზულე, მატს ჰუმელსი და დავიდ ალაბა.

მიუნხენელთა ნახევარდაცვას დიდი ალბათობით მარტინესი-ტიაგო-ხამესის ტრიო დააკომპლექტებს.

შემტევი ტრიო მარტივად პროგნოზირებადია - რიბერი-მიულერი-ლევანდოვსკი.

ჰაინკესმა შესაძლოა ნახევარდაცვა უფრო მოძრავი გახადოს და მარტინესის ნაცვლად ძირითადში კორენტინ ტოლისო ვიხილოთ.

ფრანგი შუახაზელი პირველ შეხვედრაში ცვლილებაზე შევიდა და საკმაოდ აქტიურადაც გამოიყურებოდა.

მარტინესთან შედარებით, ტოლისო გაცილებით მოძრავი და შეტევაში პროდუქტიულია.

ჰაინკესს ფეხბურთელების მომზადება პირველ რიგში ფსიქოლოგიურად მოუწევს.

მიუნხენელებს შექმნილი მომენტების გამოყენება მართებთ, რადგან ამ ასპექტში არადამაჯერებელმა თამაშმა პირველ შეხვედრაში "ბაიერნი" დააზარალა.

ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ტიაგოსა და ხამესის თამაშზე, რომელთაგან გერმანელი ქომაგი ბევრს ელის.

მიუნხენელებს შანსი სტანდარტულების დროსაც ექნებათ. პირველ მატჩში "ბაიერნმა" საჰაერო ორთაბრძოლებისას "რეალს" ბევრი პრობლემა შეუქმნა.

მსაჯების თემა

ყველას კარგად ახსოვს ამ გუნდებს შორის გასულ სეზონში გამართული ნახევარფინალი, რომელიც "სანტიაგო ბერნაბეუზე" გაიმართა და მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებებმა მატჩი გააფუჭა.

დღევანდელ დაპირისპირებას თურქი ჯიუნეტ ჩაქირი განსჯის, რომელიც "რეალის" შეხვედრებს საკმაოდ ხშირად მსაჯობს და "ბაიერნის" წარმომადგენლებმა ეს გადაწყვეტილება UEFA-ს არ მოუწონეს.

იმედი ვიქონიოთ, რომ მატჩი ობიექტურად წარიმართება და გამარჯვება იმ გუნდს დარჩება, რომელიც ამას დაიმსახურებს.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები