Aa
Aa

NBA-ის ფლეი-ოფების მიმოხილვა

კლივლენდი - ინდიანა 105 - 101

გუშინ საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფის პირველი რაუნდის ბოლო შეხვედრა კლივლენდში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა „კავალიერსმა“ „ინდიანას“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა.

„კავსმა“ მატჩი მშვენივრად დაიწყო და ლებრონის მეთაურობით შესვენებაზე 11 ქულიანი უპირატესობით გავიდა. თუმცა „ინდიანამ“ მესამე მეოთხედში შეხვედრაში დაბრუნება მოახერხა და აღნიშნული პერიოდი 31-22 მოიგო. საბოლოოდ „კლივლენდმა“ გადამწყვეტი მეოთხედში  2 ქულიანი სხვაობით იმარჯვა და შემდეგ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

„კლივლენდს“ ტრადიციულად 45 ქულით, 9 მოხსნით, 7 გადაცემით და 4 ჩაჭრით „მეფემ“ ულიდერა. სასტარტოში გამწესებულმა ტრისტან ტომპსონმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 15 ქულა, 10 მოხსნა. კევინ ლავმა გუნდს 14 ქულა შესძინა. სათადარიგო სკამინდა შემოსულმა ჯორჯ ჰილმა კი მატჩი 11 ქულით დაასრულა.

„ინდიანას“ მხრიდან 30 ქულითა და 12 მოხსნით ვიქტორ ოლადიპო გამოირჩა. დარენ კოლისონმა გუნდს 23 ქულა შესძინა, ხოლო თადეუს იანგმა შეხვედრა 14 ქულითა და 10 მოხსნით დაასრულა.

„კლივლენდმა“ მეორე რაუნდის საგზური მოიპოვა და შემდეგ ეტაპზე „ტორონტოს“ დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა კანადაში 2 მაისს გაიმართება.

„ჰიუსთონ როქეთსმა“ ფლეი-ოფის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრა „იუტასთან“ გამართა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ტეხასელებმა უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვეს და „იუტას“ მოახლოების საშულება მთელი მატჩის განმავლობაში არ მისცეს.

„ჰიუსტონს“ ჯეიმს ჰარდენმა 41 ქულით ულიდერა. კრის პოლმა აქტივში 17 ქულა ჩაიწერა. კლინტ კაპელამ კი ორმაგი დუბლი მიითვალა და შეხვედრა 16 ქულითა და 12 მოხსნით დაასრულა.

„ჯაზმენების“ რიგებში რუბიოს არყოფნაში 21 ქულით დონოვან მიჩელი გამოირჩა. ჯეი კრაუდერმა შეხვედრა 21 ქულით დაასრულა, ხოლო ჯო ინგლსმა გუნდს 15 ქულა შესძინა.

„ჰიუსტონი“ სერიაში დაწინაურდა და შემდეგ შეხვედრას შინ 3 მაისს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები