''22 წელი ერთ გუნდში წარმოუდგენელია'' - მოურინიოს ''იუნაიტედში'' დარჩენა სურს
Aa
Aa

''22 წელი ერთ გუნდში წარმოუდგენელია'' - მოურინიოს ''იუნაიტედში'' დარჩენა სურს

''მანჩესტერ იუნაიტედის'' მთავარი მწვრთნელის ჟოზე მოურინიოს განცხადებით, მას კლუბში დარჩენისა და კონტრაქტის გახანგრძლივების დიდი სურვილი აქვს. აღნიშნულ თემაზე პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა ''არსენალთან'' მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

''დღეს ჟურნალისტების, სოციალური მედიისა და თუ საფეხბურთო ექსპერტების მხრიდან დიდი ზეწოლაა, რასაც არამარტო მთავარი მწვრთნელი, კლუბის ხელმძღვანელებიც გრძნობენ. არ ვიცი რამდენ ხანს დავრჩები ''იუნაიტედში,'' თუმცა მე არ მსურს წასვლა. გულწრფელად გითხრათ, როცა სხვა გუნდებში ვმუშაობდი, ყოველთვის ვფიქრობდი რა იქნებოდა შემდეგ, რომელ გუნდში გადავიდოდი. ვფიქრობდი რომ შემდეგი ნაბიჯი იქნებოდა სერი ა-ში, ლა ლიგაში. დღეს მე ''მანჩესტერ იუნაიტედში'' ვარ და გუნდის შეცვლაზე არ ვფიქრობ. მსურს ჩემი მომავალი ''იუნაიტედს'' უკავშირდებოდეს. მომწონს რასაც ვაკეთებ.''

პრემიერლიგის 36-ე ტურში ''მანჩესტერ იუნაიტედი'' ლონდონის ''არსენალს'' უმასპინძლებს. მოურინიოს აზრით თანამედროვე ფეხბურთში თითქმის წარმოუდგენელია მწვრთნელმა ერთ გუნდში მთავარი მწვრთნელის პოსტზე 22 წელი გაატაროს, როგორც ეს მოხდა არსენ ვენგერის შემთხვევაში.

''მე არ ვფიქრობ რომ არსენ ვენგერის სამწვრთნელო კარიერა დასრულდა. როგორც ვიცი ის მხოლოდ ''არსენალში'' მოღვაწეობას ასრულებს. დარწმუნებული ვარ ''მანჩესტერ იუნაიტედის'' გულშემატკივრებს არასდროს დაავიწყდებათ ის პერიოდი, როცა ''არსენალი'' ჩვენი გუნდის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე იყო. მე ყოველთვის მემახსოვრება არსენი, როგორც დიდი ოპონენტი. თანამედროვე ფეხბურთში წარმოუდგენელია მთავარმა მწვრთნელმა გუნდს 22 წელი უხელმძღვანელოს.

მახსოვს პრემიერლიგაში ჩემი პირველი წელი. 2004 წელს ლონდონის ''ჩელსის'' მთავარი მწვრთნელი გავხდი და ''არსენალი'' პრემიერლიგის გამარჯვებული იყო. არსენ ვენგერის გუნდმა ჩემპიონობა მარცხის გარეშე მოიპოვა. ეს იყო ნამდვილი საოცრება. მე ყოველთვის მემახსოვრება არსენი და ვფიქრობ ის ფეხბურთში მოღვაწეობას გააგრძელებს.''

პრემიერლიგის 36-ე ტურში არსენ ვენგერის ხელმძღვანელობით ''არსენალი'' ბოლო შეხვედრას ჩაატარებს ''წითელი ეშმაკების'' წინააღმდეგ. საფეხბურთო დაპირისპირება დღეს, 29 აპრილს თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები