Aa
Aa

"ეს ჩვენს მიმართ გამოხატული უღირსი საქციელია" - "პსჟ"-ს ქომაგებმა მიმართვა გაავრცელეს

"პსჟ"-ს ქომაგებმა ინტერნეტსივრცეში გაავრცელეს მიმართვა, რომელიც გუნდის მოთამაშეებს გაუგზავნეს და ეს განსაკუთრებით ნეიმარს ეხებოდა.

ულტრასებს მიაჩნიათ, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი კლუბისადმი უპატივცემულობას იჩენს და ამ ქმედებით, ის შეურაცხყოფას გულშემატკივრებსაც აყენებს.

"ტრავმის მკურნალობა საზღვარგარეთ ეს ჩვენს მიმართ გამოხატული უღირსი საქციელია. ეს ქომაგების მიმართ უპატივცემულო საქციელია.

მთელი გუნდის მხრიდან ისეთ დაფასებას ველით, როგორსაც ვიმსახურებთ".

როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარმა ტრავმა 26 თებერვალს მიიღო და სამკურნალოდ ბრაზილიაში გაემგზავრა, სადაც ის სპეციალურ აღდგენით პროცესს გადის.

მას შემდეგ ნეიმარი პარიზში აღარ დაბრუნებულა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა "პსჟ"-ს ჩემპიონობა გუნდთან ერთად არ აღნიშნა. ამ დროს, ის პოკერს თამაშობდა და თავისი გუნდის თამაშს ასე ადევნებდა თვალს. ამ ფაქტმა ფრანგების გაღიზიანება გამოიწვია.

პარიზელი ქომაგების ასეთი ნაბიჯი სწორედ ამ ყველაფერს მოჰყვა.

ტრავმის სირთულის დადგენის შემდეგ ნეიმარმა გადაწყვიტა, რომ პარიზში აღარ დაბრუნებულიყო და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადებულიყო.

ექიმების თქმით, ბრაზილიელ ფეხბურთელს ლიგა 1-ის ბოლო ტურებში თამაშის შანსი შესაძლოა ჰქონოდა, თუმცა ნეიმარმა არ გარისკა და როგორც უკვე აღვნიშნეთ საფრანგეთში აღარ დაბრუნებულა. ამ გადაწყვეტილებამ ისედაც გაღიზიანებული გულშემატკივარი კიდევ უფრო განარისხა.

როგორც უკვე ვთქვით, გუნდთან ერთად ჩემპიონობის აღნიშვნაზე უარის თქმის გამო, ნეიმარი ბევრმა ადამიანმა გააკრიტიკა. ამ ყველაფერს წინ სდევდა მისი სარეაბილიტაციო პროცესი, რომლის დროსაც ფეხბურთელი გართობას არ იკლებდა. ღამის კლუბები და "შოპინგი" - ნეიმარი ძირითადად ამით იყო დაკავებული.

"პსჟ"-მ სეზონი ჩემპიონობით დაასრულა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" დამარცხების შემდეგ გუნდში სიტუაცია აირია.

პარიზელთა გასახდელში, რომ არაჯანსაღი სიტუაციაა, ამაზე უკვე ბევრი დაიწერა.

ქომაგები ამ ყველაფერს გრძნობენ, ხედავენ და ფეხბურთელების მხრიდან მეტად გუნდურობას მოითხოვენ.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, "პსჟ"-ს თავკაცის პოსტს უნაი ემერი ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვებს და გუნდს ახალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება.

ამ ყველაფერს ნეიმარის საკითხიც ემატება, რომლის შეძენაც მადრიდის "რეალს" სურს და ზაფხულში ფლორენტინო პერესი ბრძოლის დაწყებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები