Aa
Aa

„ბაიერნი“ VS „რეალი“ - მატჩის შემდგომი კომენტარები

გასულ საღამოს მიუნხენში „ალიანს არენაზე“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა.

ერთმანეთს ნაცნობი მეტოქეები „ბაიერნი“ და „რეალი“ დაუპირისპირდნენ. ისევე როგორც შარშანდელ სეზონში, გამარჯვება ამჯერადაც მადრიდელებს დარჩათ.

მატჩის შემდეგ, განვლილი შეხვედრა გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და მოთამაშეებმა შეაფასეს.

ზინედინ ზიდანი - „მიღწეული შედეგით კმაყოფილები ვართ. მატჩის დასაწყისში შეცდომები დავუშვით და პრობლემები შეგვექმნა, ვერ შევძელით ბურთის დაჭერა რის გამოც ჩვენს კართან სახიფათო მომენტები შეიქმნა. მეორე ტაიმში გაცილებით უკეთესად გამოვიყურებოდით და კმაყოფილი ვარ, რომ ბიჭებმა ჩემი მითითებები ზუსტად შეასრულეს. მიუხედავად იმისა, რომ ბურთზე კონტროლის მოპოვება ვერ მოვახერხეთ, ფეხბურთელები ზონებს კარგად კეტავდნენ, რამაც შედეგზეც დიდი გავლენა იქონია. ალიანს არენაზე თამაში ძალიან რთულია. ჩვენ ვიცით, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია, თუმცა საბოლოო ჯამში შედეგით კმაყოფილები ვართ. განმეორებით შეხვედრაში იუვენტუსთან დაშვებული შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ამას მიუნხენელები არ გვაპატიებენ.“

იუპ ჰაინკესი - „ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მომავალ კვირას ეს ანგარიში აღმოვფხვრათ. ეს ჩვენი უმთავრესი მიზანია. ნახევარფინალური მატჩი ორმატჩიანია და ვნახოთ რა მოხდება მადრიდში. ჩვენ წაგება არ დაგვიმსახურებია, თუმცა აღსანიშნავია რომ გადამწყვეტ მომენტში ბევრს ვცოდავდით. ბოატენგისა და რობენის არყოფნამ თამაშზე დიდი გავლენა იქონია. ტაიმის ბოლოს ძალიან უაზრო გოლი გაუშვით და ფაქტია, რომ ორივე გოლი საჩუქარი იყო. უნდა გავიაზროთ ის, რომ როდესაც ასეთი დონის შეხვედრას თამაშობ შეცდომების დაშვების უფლება არ გაქვს. ბერნაბეუზე მაქსიმალურად კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ და ჩვენი შანსი გამოვიყენოთ. ჯერ ყველაფერი წინ არის.“

 ტონი კროოსი - „რათქმაუნდა ველოდით, რომ ძალიან რთული მატჩი გველოდა, ეს ნახევარფინალია , ბაიერნი კი დიდი კლუბია. ეს ნორმალურია, როდესაც შენ თამაშის დროს პრობლემები გექმნება, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ მათ ზეწოლას გავუმკლავდით. თამაში კონტრ-შეტევებზე ავაწყეთ და ამან შედეგიც გამოიღო, მას შემდეგ რაც მოედანზე მარკო ასენსიო გამოვიდა. ცოტათი გაგვიმართლა თუმცა ვფიქრობ რომ ეს შედეგი დავიმსახურეთ.“

 შეგახსენებთ, რომ განმეორებითი დაპირისპირება მომდევნო კვირაში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები