''ძლიერ გუნდში თამაში მსურს'' - გოროზიამ ''ჰიბერნიანსი'' დატოვა
Aa
Aa

''ძლიერ გუნდში თამაში მსურს'' - გოროზიამ ''ჰიბერნიანსი'' დატოვა

მალტური საფეხბურთო კლუბი ''ჰიბერნიანსი'' ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი გოროზიამ დატოვა. ნორვეგიული ''სტაბეკის'' ყოფილი ნახევარმცველი მიმდინარე წლის იანვარში ჩაირიცხა მალტურ კლუბში და კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. გიორგიმ crystalsport-თან საუბარში აღნიშნა:

''მალტის ჩემპიონატის ბოლო თამაშები ტრავმის გამო გამოვტოვე. ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში ვაპირებდი მონაწილეობის მიღებას, თუმცა არ გავრისკე. სავარაუდოდ ზაფხულამდე უგუნდოდ ვიქნები და შემდეგ ჩემი მომავალი გაირკვევა. იმედი მაქვს კარიერას ძლიერ გუნდში გავაგრძელებ.''

''ჰიბერნიანსის'' მაისურით 23 წლის ფეხბურთელმა 9 მატჩი ჩაატარა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.14-გუნდიან ჩემპიონატში ''ჰიბერნიანსი'' 46 ქულით მე-5 ადგილზე გავიდა და ევროტურნირზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვა.

2014-16 წლებში გიორგი გოროზია ''სტაბეკში'' ასპარეზობდა, ნორვეგიის ჩემპიონატის 53 მატჩში 4 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით წარმატებული 2015 წელი გამოვიდა, როცა ''სტაბეკს'' ბობ ბრედლი წვრთნიდა და გუნდმა ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა. ''სტაბეკიდან'' წამოსვლის შემდეგ გოროზია აზერბაიჯანულ ''ზირასა'' და თბილისის ''ლოკომოტივში'' ასპარეზობდა.

2012 წელს ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა და საუკეთესო ოთხ გუნდს შორის მოხვდა. მაისურაძის გუნდში გიორგი გოროზია თამაშობდა. შემდგომში გიორგი საქართველოს 19 და 21 წლამდე გუნდებში ირიცხებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები