''ქომაგმა ფეხბურთით ისიამოვნა'' - არველაძის გუნდის მორიგი გამარჯვება
Aa
Aa

''ქომაგმა ფეხბურთით ისიამოვნა'' - არველაძის გუნდის მორიგი გამარჯვება

უზბეკეთის საფეხბურთო ჩემპიონატში შოთა არველაძის გაწვრთნილმა ტაშკენტის ''ფახთაქორმა'' მორიგი გამარჯვება მოიპოვა. სუპერლიგის მერვე ტურში ''ფახთაქორმა'' შინ 1:0 დაამარცხა  ნამანგანის ''ნავბახორი.'' ერთადერთი გოლი 77-ე წუთზე ბრაზილიელმა ტიაგო ბეზერამ გაიტანა. მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შოთა არველაძემ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

''საინტერესო თამაში გამოვიდა. სტადიონზე შეკრებილ ქომაგს არ მოუწყენია. ვფიქრობ ასეთი თამაშები გულშემატკივრებში პოპულარულია და მათ დღეს თამაშის ყურებით ისიამოვნეს. რომელიმე ფეხბურთელის გამორჩევა არ მსურს. მატჩამდე კარგად შევისწავლეთ მეტოქის თამაშის სტილი და ხელწერა. დიდი მადლობა სტადიონზე მოსულ ქომაგს მხარდაჭერისთვის.''

ქართველი მწვრთნელის გუნდმა რვა მატჩიდან 6 მოიგო და ორ შეხვედრაში დამარცხდა. უკანასკნელ ხუთ მატჩში ''ფახთაქორმა'' 11 გოლი გაიტანა და მხოლოდ 2 გაუშვა.

''ფახთაქორი'' 18 ქულით პირველ ადგილზეა. ასევე 18 ქულაა ''ბუხარას'' ანგარიშზე. მათგან განსხვავებით მიმდინარე ტურში ჯერ არ უთამაშია მესამეადგილოსან ''ბუნიოდკორს,'' რომელსაც დღეს ესტუმრება კახა მახარაძის ტაშკენტის ''ფახთაქორი.'' გამარჯვების შემთხვევაში ''ბუნიოდკორი'' ლიდერობას დაიბრუნებს.

უზბეკეთის სუპერლიგაში ''ბუხარამ'' საკუთარ მოედანზე 1:0 დაამარცხა ''ქიზილქუმი,'' რომლის მაისურით ელგუჯა გრიგალაშვილმა და გიორგი კვესიეშვილმა 90 წუთი ითამაშეს. 12-გუნდიან ჩემპიონატში ''ქიზილქუმი'' 6 ქულით მე-10 საფეხურს იკავებს.

ყაზახეთის პრემიერლიგის მე-7 ტურში ''ყიზილჟარი'' შინ 0:2 დამარცხდა ლიდერ ''ასტანასთან.'' მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში შოთა გრიგალაშვილმა შეუცვლელად ითამაშა. მისი თანაგუნდელი გიორგი ფოფხაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ამპლუით მცველს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. ''ყიზილჟარს'' ტრავმის გამო გოგიტა გოგუა ვერ ეხმარება. 12-გუნდიან პრემიერლიგაში ''ყიზილჟარი'' 4 ქულით მე-10 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები