მენოტი:
Aa
Aa

მენოტი: "გუარდიოლა არის იდეალური ვარიანტი არგენტინის ნაკრებისთვის"

ლეგენდარულმა არგენტინელმა მწვრთნელმა სეზარ ლუის მენოტიმ, რომელმაც არგენტინის ნაკრებთან ერთად 1978 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, დღევანდელ „ალბისელესტეზე“ ისაუბრა.

მენოტიმ საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, პეპ გუარდიოლას არგენტინის ნაკრების თავკაცობა მოუხდებოდა.

„ამჯერად არ ვიცი, მაგრამ იყო მომენტი, როდესაც პეპ გუარდიოლას არგენტინის ნაკრების ჩაბარება შეეძლო და მას ეს ძალიან მოუხდებოდა. გუარდიოლას უყვარს ბუენოს აირესი და არგენტინა.

ამჟამად ჩვენთან რამდენიმე კარგი ახალგაზრდა მწვრთნელი გამოჩნდა.

მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთის ფედერაციას ჰქონდეს სამომავლო გეგმა, რომელსაც გუნდი გაყვება.

გუარდიოლა არის იდეალური ვარიანტი არგენტინის ნაკრებისთვის. მე ვფიქრობ, ის უნდა იყოს მთავარი მწვრთნელი და მას, უნდა ჰყავდეს ორი ახალგაზრდა თანაშემწე, რომლებიც მისგან ისწავლიან და ნაკრებს სამომავლოდ გაუძღვებიან.

ჩვენ კარგი ფეხბურთელები გვყავს და ასევე არის ერთი ძალიან კარგი მოთამაშეც... თქვენ იცით ვისაც (მესი) ვგულისხმობ. მთავარია, მწვრთნელმა მათ ნდობა გამოუცხადოს და მხარში ამოუდგეს, ამის შემდეგ არგენტინას გაცილებით უკეთ ათამაშდება“.

მენოტი თვლის, რომ არგენტინის ნაკრებს რუსეთში კარგად გამოსვლა შეუძლია: „ჩვენ გვყავს მესი და გვყავს ძალიან კარგი გუნდი. ამ თაობისთვის ეს ბოლო შანსი იქნება. მათთან სწორად მუშაობაა საჭირო და ისინი თავიანთ შესაძლებლობებს უკეთ წარმოაჩენენ“.

79 წლის ლეგენდარული სპეციალისტი ანდრეს ინიესტას “ბარსელონადან“ წასვლასაც შეეხო: „ინიესტა არის მოთამაშე, რომელსაც შესაძლოა მესისა და მარადონას ხიბლი არ გააჩნია, მაგრამ ის გამონაკლისი მოთამაშეა, რადგან იგი ყველაფერს ფლობს.

მისი მოედანზე ყოფნა თანაგუნდელებს გაცილებით უკეთესს ხდის. მე, რომ „ბარსელონას“ ხელმძღვანელი ვიყო, ანდრესის გუნდში დასარჩენად ყველაფერს გავაკეთებდი“.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მუნდიალზე ჯგუფში ხორვატიასთან, ისლანდიასთან და ნიგერიასთან ერთად ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები