ქართველები დანიის თასის ფინალში - ''სილკებორგმა'' ისტორიული შედეგი გაიმეორა
Aa
Aa

ქართველები დანიის თასის ფინალში - ''სილკებორგმა'' ისტორიული შედეგი გაიმეორა

დანიის საფეხბურთო თასის გათამაშების ნახევარფინალში ''სილკებორგმა'' სტუმრად 1:0 დაამარცხა ''ფრედერისია.'' ამ გამარჯვებით ''სილკებორგმა'' ისტორიული შედეგი გაიმეორა და თასის გათამაშების ფინალში გავიდა. დანიური გუნდი 2001 წელს დანიის თასის ფინალში დამარცხდა. დღევანდელი გამარჯვებით ''სილკებორგი'' მეორედ ითამაშებს ფინალურ მატჩში.

''სილკებორგის'' სასტარტო შემადგენლობაში დავით სხირტლაძემ ითამაშა. 25 წლის ფორვარდი 88-ე წუთზე შეცვალეს. გამარჯვებულთა მთავარმა მწვრთნელმა პეტერ სორენსენმა მათე ვაწაძე სამატჩო განაცხადში შეიყვანა, თუმცა 29 წლის ფეხბურთელს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია. დღევანდელი შეხვედრის ერთ ეპიზოდში დავით სხირტლაძემ მარცხენა ფეხით ბურთი მეტოქის კარის ძელს გაარტყა. ასევე მის წინააღმდეგ თამაშის წესი მეტოქის საჯარიმოში დაირღვა, თუმცა მთავარმა მსაჯმა საეჭვო ვითარებაში პენალტი არ დანიშნა. გოლის გატანის შემდეგ ''სილკებორგი'' მეორე ნომრად თამაშობდა და კარის უსაფრთხოებაზე იყო ორიენტირებული. მიმდინარე სეზონში დანიის თასის გათამაშებაში დავით სხირტლაძემ 3 გოლი შეაგდო და 3 საგოლე პასი შეასრულა.

იხილეთ ინტერვიუ დავით სხირტლაძესთან: ''გასახდელი დავანგრიეთ, გამარჯვება სიმღერით აღვნიშნეთ''

 26 აპრილს დანიის თასის მეორე ნახევარფინალურ მატჩში ''მიდტიულანდი'' უმასპინძლებს ''ბრონდბიუს.'' დანიის თასზე ფინალის მონაწილე ერთი მატჩით ირკვევა. ფინალური შეხვედრა 10 მაისს გაიმართება.

45 წლის პეტერ  სორენსენი ქართველი ფეხბურთელებისადმი სიმპატიით გამოირჩევა. იგი ''ორჰუსში'' დავით დევდარიანს, მათე ვაწაძესა და დავით სხირტლაძეს წვრთნიდა. დევდარიანმა საფეხბურთო კარიერა წელის ქრონიკული ტრავმის გამო დაასრულა, სხირტლაძე და ვაწაძე კი კვლავ სორენსენთან მუშაობენ.

2015 წელს პეტერ სორენსენი ''სილკებორგის'' მთავარი მწვრთნელი გახდა. გუნდში მოსვლის შემდეგ მისი ერთ-ერთი პირველი ტრანსფერი ''ორჰუსიდან'' დავით სხირტლაძის გადაბირება იყო. პირველივე სეზონში ''სილკებორგი'' ელიტაში აღზევდა და სუპერლიგაში მეორე სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონის დასაწყისში სორენსენმა ''ვიბორგიდან'' წამოსული მათე ვაწაძე დაიმატა. მიუხედავად იმისა, რომ ვაწაძე რეგულარულად ვერ ხვდება სასტარტო თერთმეტეულში, სხირტლაძესთან ერთად დანიის თასზე ''სილკებორგის'' წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები