ზლატანი რონალდომ მოინახულა - იბრას მუნდიალს მიღმა ტოვებენ:
Aa
Aa

ზლატანი რონალდომ მოინახულა - იბრას მუნდიალს მიღმა ტოვებენ: "ის ჩვენს გეგმებში არ შედის"

მას შემდეგ რაც „ლოს ანჯელეს გალაქსიმ“ ზლატან იბრაჰიმოვიჩი შეიძინა, გუნდს საჩემპიონო ამბიციები გაუჩნდა.

დღეს კი „გალაქსის“ ბაზას მოულოდნელი სტუმარი ეწვია. ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა რონალდო, იგივე „ფენომენი“ ლოს ანჯელესელების ბაზაზე გამოჩნდა და გუნდს წარმატებები უსურვა.

რა თქმა უნდა, იყო უამრავი ფოტო. რონალდომ და ზლატანმა მაისურები გაცვალეს და ფოტოსესია მოაწყვეს.

ბრაზილიელმა ლეგენდამ თავისი Instagram-ის გვერდზე ამ შეხვედრის აღსანიშნავად პოსტი გამოაქვეყნა: „სასიამოვნოა შენი ნახვა ზლატან იბრაჰიმოვიჩ! წარმატებებს გისურვებ წლევანდელ სეზონში და ვიმედოვნებ პლეი-ოფში დაბრუნდები“.

შეხვედრის დროს „გალაქსის“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდოს ხუმრობით შესთავაზა, რომ თავის გუნდში მასაც ეთამაშა, რაზეც ბრაზილიელმა ასევე ხუმრობით უპასუხა: „დიახ, მომეცით ცოტა ვარჯიშის საშუალება და პლეი-ოფებისთვის 10 კილოთი ნაკლები დაგიბრუნდებით“.

ლოს ანჯელესში გადასვლის შემდეგ იბრაჰიმოვიჩი სპორტული სამყაროს ცნობილ სახეებს შეხვდა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო.

ზლატანმა, WBC-ის ვერსიით მსოფლიო ჩემპიონი ვეტერანი შვედი მოკრივე ბადუ ჯეკი მოინახულა.

შეგახსენებთ, რომ იბრას „გალაქსიში“ დებიუტი საოცარი გამოდგა. შვედმა ფორვარდმა პირველ მატჩში დუბლის გაფორმება შეძლო და გუნდს 0:3-დან 4:3-ის მოგებაში დაეხმარა. ზლატანმა პირველი გოლი დაახლოებით 35 მეტრიდან გაიტანა, ხოლო მეორე მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, რომელიც გამარჯვების მომტანი გამოდგა. იბრას ანგარიშზე 3 შეხვედრაში 3 გოლია.

ზლატანის ამერიკაში გადაბარგების ერთ-ერთი მიზეზი რა თქმა უნდა სათამაშო ფორმის აღდგენა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა იყო.

იბრამ უკვე აღნიშნა, რომ თუ ის სასურველ ფორმას დაიბრუნებს, ნაკრებში მისთვის კარი მუდამ ღიაა.

როგორც ჩანს, საპირისპირო აზრზეა შვედების მთავარი მწვრთნელი იან ანდერსონი, რომელმაც თავისი პოზიცია TYC Sports-ის ეთერში დააფიქსირა.

„იბრაჰიმოვიჩმა ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ნაკრებიდან მიდიოდა და მეც მის გადაწყვეტილებას პატივი ვეცი.

ჩემი აზრით, როდესაც ეროვნული ნაკრებიდან მიდიხარ, ვფიქრობ, რომ უკან აღარ უნდა დაბრუნდე.

იბრაჰიმოვიჩს ჩემთვის არ დაურეკავს, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჩვენს გეგმებში არ შედის“.

როგორც მოგეხსენებათ, ზლატანმა მუნდიალზე თამაშის შესახებ მინიშნება რამდენიმე დღის წინ ჯიმი კიმელის შოუში გააკეთა.

საბოლოოდ, ანდერსონის განცხადების შემდეგ იბრას რუსეთში გამგზავრების შანსები საკმაოდ დაბალია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები