Aa
Aa

"ბაიერნი" VS "რეალი" - ტაქტიკური ანალიზი: სრული თანაფარდობა და შურისძიების წყურვილი

მიუნხენში "ალიანს" არენაზე" ერთმანეთს ორი ნაცნობი გიგანტი დაუპირისპირდება - იუპ ჰაინკესის "ბაიერნი" ზინედინ ზიდანის "რეალს" დაუხვდება.

შეხვედრა რა თქმა უნდა უდიდეს ინტერესს იწვევს. ეს ის შემთხვევაა, როდესაც აფიშა ყოველთვის მართლდება და გუნდები ნამდვილ სპექტაკლებს დგამენ.

"ბაიერნსა" და "რეალს" ერთმანეთთან დაპირისპირების უდიდესი ისტორია აქვთ. მათი ჯახი ნამდვილი ევროკლასიკაა.
აღსანიშნავია, რომ მიუნხენელები და მადრიდელები სულ 24-ჯერ შეხვდნენ და ჯერჯერობით სრული თანაფარდობაა - 11-ჯერ "ბაიერნმა" მოიგო, 11-ჯერ "რეალმა", ხოლო 2-ჯერ ფრე დაფიქსირდა.

გუნდების დანაკლისები და ამჟამინდელი მდგომარეობა

"ბაიერნიც" და "რეალიც" თავიანთ ჩემპიონატებში უკვე დიდი ხანია სრული მობილიზებით აღარ თამაშობენ. ამის მიზეზი მარტივია - "რეკორდმაისტერმა" როგორც ბოლო წლებში ხდება ხოლმე ჩემპიონობა ნაადრევად გაიფორმა. რაც შეეხება "ბლანკოსს", მართალია მათ ლა ლიგა არ მოუგიათ, მაგრამ ზიდანის გუნდმა ტიტულისთვის ბრძოლა კარგა ხანია დათმო.

ჰაინკესის გუნდმა ბუნდესლიგის ბოლო ტურში სტუმრად ითამაშა და "ჰანოვერს" მარტივად 3:0 სძლია.

გერმანელმა სპეციალისტმა რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალება მისცა და ისინი ბოლომდე არ დატვირთა.

 

ზინედინ ზიდანის გუნდს გასულ უიკენდზე თავისი მატჩი არ ჩაუტარებია. ამის მიზეზი ესპანეთის სამეფო თასის ფინალი იყო, რომელშიც მადრიდლეთა მეტოქე "სევილია" მონაწილეობდაა და ამის გამო, მადრიდულ-ანდალუსიური მატჩი გადაიდო.

"რეალმა" "ბაიერნთან" მატჩამდე 1 კვირა დაისვენა და ეს რა თქმა უნდა პლიუსია, თუმცა როგორც ჰაინკესმა განაცხადა, ამ ფაქტს ის დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს, რადგან მთავარ ფაქტორად ფსიქოლოგიურ მომზადებას თვლის.

სამეფო კლუბმა 1 კვირის წინ "ბილბაოს" უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ზიზუს გუნდს ბოლო 4 შეხვედრიდან მხოლოდ 1 მოგება აქვს.

 

გუნდები დღევანდელ შეხვედრას განსხვავებულ ვითარებში ხვდებიან. "ბაიერნს" ტრავმების გამო მანუელ ნოიერი, არტურო ვიდალი და კინგსლი კომანი ვერ დაეხმარება. ასევე, საეჭვოა ფრანგი კორენტინ ტოლისოს თამაშიც.

რაც შეეხება "რეალს", ზიდანს ყველა წამყვანი მოთამაშე მწყობრში ჰყავს. მცირე ტრავმა აწუხებს ნაჩოს, რომელიც ძირითადის წევრად არ მოიაზრება.

ტაქტიკური ანალიზი და მატჩის სავარაუდო სცენარი

"ბაიერნი" როდესაც "ალიანს არენაზე" თამაშობს ასეთ შემთხვევაში ფავორიტი ყოველთვის ერთი გუნდია.

გასული სეზონის შემდეგ გერმანელებს შურისძიების წყურვილი აქვთ და მათ ამის შანსი დღეს მიეცემათ.

მიუნხენელები რა თქმა უნდა პირველ ნომრად ითამაშებენ. ჰაინკესი პირველივე წუთებიდანვე შეეცდება, რომ ინიციატივა ხელთ იგდოს.

უნდა აღინიშნოს, რომ არცერთ გუნდს არ ჰყავს ისეთი გაუვალი დაცვა, რომ მწვრთნელებმა მეორე ნომრად თამაში აირჩიონ.
აქედან გამომდინარე პროგნოზირებადია, რომ მოედნის ცენტრში ნამდვილი ომი გაჩაღდება. მასპინძელთა უკანა ხაზი კითხვის ნიშნებს არ ბადებს - მეკარე ულრაიხის წინ ალაბა, ჰუმელსი, ბოატენგი და კიმიხი განლაგდებიან.

ნახევარდაცვაში ესპანურენოვან ტრიოს უნდა ველოდოთ. საყრდენის ფუნქციებს ხავი მარტინესი შეითავებს, რომლის სიახლოვესაც ტიაგო ალკანტარა იმოქმედებს. მათზე ოდნავ წინ ხამეს როდრიგესი იდგება და მას გუნდის თამაშში ბალანსის დაცვა დაევალება.

ჰაინკესმა "სევილიაში" გამართული მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ პირველ ტაიმში ხამესის მოედანზე არყოფნამ მათ დიდი პრობლემები შეუქმნა, რადგან ნახევარდაცვას გააზრებულად და კრეატიულად თამაში უჭირდა.

რაც შეხება შეტევას, აქ ყველაფერი ნათელია - ცენტრფორვარდად ტრადიციულად რობერტ ლევანდოვსკი ითამაშებს, რომელსაც მარცხენა ფლანგიდან ფრენკ რიბერი მიეხმარება, ხოლო მარჯვნიდან ჰაინკესს ორი არჩევანი აქვს - მიულერი, თუ რობენი? გერმანელი ფეხბურთელი ბრწყინვალე ფორმაშია და გოლს გოლზე იტანს, მაგრამ რობენის თადარიგში დატოვება რთული გადასაწყვეტია. ამას უშუალოდ მატჩის დაწყებისას გავიგებთ.

როგორი იქნება ჰაინკესის სათადარიგო გეგმა? თუ, მიუნხენელებმა თამაშის სცენარი მათთვის სასიკეთოდ ვერ წარმართეს, მეორე ნახევარში ისინი გარისკავენ.

გასულ სეზონში "ალიანს არენაზე" არადამაჯერებელ თამაშს რაც მოჰყვა ყველას კარგად ახსოვს.

იუპ ჰაინკესი ბუნდესლიგაში სუპერ შემტევ ტაქტიკურ მონახაზს ხშირად იყენებს, რადგან იქ მეტოქეები ამის საშუალებას აძლევენ და საჭიროების შემთხვევაში მას, ამის გაკეთება არც "რეალის" დონის მეტოქესთან გაუჭირდება.

ასეთ შემთხვევაში მოედანს სავარაუდოდ ტიაგო დატოვებს და მის ადგილს თადარიგში დარჩენილი მიულერი, ან რობენი დაიკავებს და გერმანელთა ტაქტიკა მართლაც, რომ ზეშემტევი გახდება.

ზინედინ ზიდანი სავარაუდოდ ნაცად სქემას არ უღალატებს და "ალიანს არენაზე" თავისი მოქნილი და ეფექტური 4-4-2 მონახაზით გავა.

კეილორ ნავასის წინ 4 მცველი მარსელო, რამოსი, ვარანი და კარვახალი იმოქმედებენ.

ნახევარდაცვას, რომელიც "რეალის" მთავარი იარაღია კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი და ისკო დააკომპლექტებენ. გერმანელი და ბრაზილიელი უფრო მოედნის ცენტრის სიღრმიდან იმოქმედებენ, ხოლო ხორვატისა და ესპანელის სამოქმედო არეალი გაცილებით მასშტაბური იქნება.

თავდასხმაში ნაცნობ დუეტს რონალდუ-ბენზემას ვიხილავთ.

ზიდანი, სხვა ბევრ მიზეზთან ერთად დიდი ტაქტიკოსი იმიტომ გახლავთ, რომ მას ყოველთვის აქვს სათადარიგო გეგმა და ის ხშირ შემთხვევაში ამართლებს კიდეც.

მართალია, მადრიდელებს გასულ სეზონთან შედარებით ანალოგიურად მძლავრი სათადარიგოთა სკამი აღარ ჰყავთ, მაგრამ ფრანგი სპეაციალისტი მას საკმაოდ ეფექტურად იყენებს.

როდესაც მატჩი ისე არ მიმდინარეობს, როგორც ზიზუს სურს, ის მოედანზე მარკო ასენსიოსა და ლუკას ვასკესს უშვებს და ამით ფლანგებზე სისწრაფეს ზრდის.

რაც შეეხება ბეილს, ის თამაშში ძირითადად ბენზემას ნაცვლად ერთვება. უნდა აღინიშნოს, რომ უელსელი შემტევი კარგ ფიზიკურ კონდიციებშია, თუმცა ის მაინც ცოტას თამაშობს. ამის მიზეზი ყვლამ კარგად იცის - სეზონის ბოლოს ის მადრიდის დატოვებას გეგმავს.

ყოფილი მოთამაშეები და მსაჯების თემა

"ბაიერნსა" და "რეალს" შემადგენლობაში ჰყავთ თითო მოთამაშე, რომლებსაც ორივე გუნდის ღირსება აქვთ დაცული. საუბარია ტონი კროოსსა და ხამეს როდრიგესზე.

გერმანელი შუახელისთვის "ბაიერნის" წინაარმდეგ თამაში უცხო ნამდვილად არ იქნება, რადგან ეს გუნდები ერთმანეთს ფაქტიურად ყოველ წელს უპირისპირდებიან.

რაც შეეხება ხამესს, ის "რეალზე" ნაწყენია და კოლუმბიელი ამას არც მალავს. კერძოდ, როდრიგესმა რამდენიმე კვირის წინ Marca-სთან საუბრისას მოულოდნელად ზინედინ ზიდანი გააკრიტიკა და მადრიდიდან წამოსვლის მიზეზად სწორედ ის დაასახელა.

ხამეს როდრიგესი მადრიდელთა წინააღმდეგ განსაკუთრებული მოტივაციით ითამაშებს და შეეცდება, რომ მათ თავისი კლასი დაუმტკიცოს.

დღევანდელ შეხვედრას ჰოლანდიელი ბიორნ კუიპერსი განსჯის და მასზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ყველას კარგად ახსოვს გასული სეზონი და "რეალი" "ბაიერნის" ნახევარფინალი, რომელიც საკმაოდ სკანდალური გამოდგა და შეხვედრის არბიტრმა მატჩზე კონტროლი დაკარგა.

ვიმედოვნოთ, რომ დღეს მსაჯები მოწოდების სიმაღლეზე იდგებიან, ხოლო გულშემატკივარი ორი უდიდესი გუნდისა და მათი ბრწყინვალე ფეხბურთელების ცქერით სიამოვნებას მიიღებს.

მოამზადა მამუკა კუკულაძემ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები