Aa
Aa

"ჩვენ ხმით, თქვენ გულით - მიდით, მოიგეთ ის" - "იუვეს" ფანების სამაგალითო ჟესტი...

ტურინის "იუვენტუსმა" სერია A-ს საჩემპიონო რბოლაში საქმე გაირთულა და უკვე ბევრი თვლის, რომ "სკუდეტოს" მოგების უკეთესი შანსი "ნაპოლის" აქვს. ასეთ დროს, "ვეკია სინიორას" ტიფოზები ფეხბურთელებს ამხნევებენ და საამისოდ ორიგინალური გზა მონახეს.

მათ ტურინის სამხრეთ-დასავლეთით, ვინოვოში მდებარე კლუბის ბაზაზე ბანერი გამოფინეს, რომელზეც ასეთი რამ წერია: "ჩვენ ხმით, თქვენ გულით - მიდით, მოიგეთ ის". დღევანდელ ვარჯიშზე მისულ "იუვენტუსის" მოთამაშეებს სწორედ ეს წარწერა დახვდათ, რომელიც ფანების მხრიდან გამოხატული თანადგომის, უდავოდ, სამაგალითო ჟესტია.

აი რამდენად მოახდენს ეს გამხნევება გავლენას სერია A-ს ბოლო ტურებში "ბიანკონერის" შედეგებზე, უახლოეს პერიოდში მივხვდებით. იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური რჩება, ერთი შეხედვით კი „იუვენტუსს“ "ნაპოლიზე" რთული კალენდარი აქვს. „ბებერი ქალბატონი“ სტუმრად „ინტერსა“ და „რომას“ უნდა შეხვდეს, ხოლო საკუთარ მოედანზე „ბოლონია“ და „ვერონა“ უნდა მიიღოს.

რაც შეეხება „ნაპოლის“, იგი გასვლაზე „ფიორენტინასთან“ და „სამპდორიასთან“ ითამაშებს, „სტადიო სან პაოლოზე“ კი „ტორინოსა“ და „კროტონეს“ უმასპინძლებს. "ტორინოსა" და "ფიორენტინას" ტურინულ გრანდთან პრინციპული ან პირდაპირ თუ ვიტყვით, სიძულვილის შემცველი დამოკიდებულება აქვთ და ბევრი თვლის, რომ ისინი "ნაპოლის" წინააღმდეგ თავს დიდად არ მოიკლავენ. რამდენად ასე იქნება, რთული სათქმელია, თუმცა ფაქტი, ფაქტია, რომ "იუვე" ორივესთვის ერთ-ერთი ყველაზე საძულველი მეტოქეა...

„იუვენტუსს“ სერია A-ს ბოლო 6 სეზონში ტიტული ზედიზედ აქვს მოგებული, ხოლო „ნაპოლიმ“ „სკუდეტო“ ისტორიაში 2-ჯერ, 1987 და 1990 წელს მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები