დანიელე დე როსი - რომაელი გლადიატორი!
Aa
Aa

დანიელე დე როსი - რომაელი გლადიატორი!

ნებისმიერი საფეხბურთო მატჩი გაცილებით საინტერესო სანახავია, როდესაც მოედანზე დანიელე დე როსია. იტალიელმა 2017-18 წლების სეზონში „ბარსასთან“ „ლამაზი“ ავტოგოლი გაიტანა, „ჯენოას“ თავდამსხმელს ჯანლუკა ლაპადულას სილა გააწნა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევზე მწვრთნელს უყვირა.

დე როსი მოსაწყენი არასდროს ყოფილა. გერმანიაში ჩატარებულ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მან საკუთარი ისტორია დაწერა! ჯგუფურ ეტაპზე ამერიკასთან გამართულ შეხვედრაში იტალიელი ნახევარმცველი მოედნიდან ბრაიან მაკბრაიდთან უხეშობის გამო გააძევეს. დანიელემ ბრაინს სახეში იდაყვი ჩაარტყა.

დე როსი ფინალში დაბრუნდა, სადაც პენალტების სერიაში თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ყველა ფეხბურთელისთვის საოცნებო ტიტული მოიგო.

გამარჯვებისკენ სწრაფვა იტალიელს არასდროს შეუყწვეტია. წლევანდელ ჩემპიონთა ლიგაზე დე როსი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან „ბარსას“ გაუტანა და „რომას“ ქამბექის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი გახდა. დანიელემ კატალონიაში „ჩადენილი დანაშაული“ გამოისყიდა. „ბარსასთან“ პირველ შეხვედრაში მან ავტოგოლი გაიტანა...

მიუხედავად ფიცხი ტემპერამენტისა დე როსი „ჯალოროსის“ შეუცვლელი ფიგურაა. მისი გამოცდილება და თავდადებული თამაშის სტილი დი ფრანჩესკოს გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი საკითხია.

იტალიელი ნახევარმცველის მთავარი მიზანი გუნდის წარმატებაა. შვედეთთან მეორე ტაიმში ჯამპიერო ვენტურამ დანიელეს მოედანზე შესვლისთვის გახურება მოთხოვა. განრისხებულმა დე როსიმ იტალიელ მწვრთნელს უყვირა და მიაძახა:“რა ჯანდაბა მინდა მოედანზე? ჩვენ გამარჯვება გვჭირდება და არა ფრე! ინსინიე უკეთესი ვარიანტია!“.

ალბერტო დე როსი, დანიელეს მამა, ახალგაზრდობაში „სერია C”-ში თამაშობდა. უკანასკნელი 25 წლის მანძილზე კი „რომაში“ახალგაზრდა თაობებს ზრდის. ფეხბურთი და „ჯალოროსი“ დე როსის სისხლში აქვს გამჯდარი. ზოგიერთი ჟურნალისტი იმასაც ამბობს, რომ დანიელეს ფიცხი ტემპერამენტი და შეხვედრებისას თავის დაკარგვა სწორედ „რომასადმი“ უდიდესი სიყვარულის „ბრალია“. პირველ რიგში იგი გუნდის გულშემატკივარია და მხოლოდ ამის შემდეგაა „ჯალოროსის“ კაპიტანი.

დე როსი ბრიტანული როკის მოყვარულია და მისი ფავორიტი როკ ჯგუფი “Rolling stones”-ია. ევრო 2012-ის ვერცხლის პრიზიორი კარიერის დასრულების შემდეგ თავის ოჯახთან ერთად მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას აპირებს.

დე როსი პოპულარულობისთვის არ იბრძვის, თუმცა საკუთარ აზრს ყოველთვის გამოხატავს, მაგრამ შეურაცხყოფას არავის აყენებს. ერთ-ერთ ჟურნალთან საუბრისას იტალიელმა განაცხადა: „ არამხოლოდ ფეხბურთი, არამედ მთელი მსოფლიო შეიცვალა. როდესაც ახალგაზრდა ფეხბურთელები მატჩის წინ გასახდელში სხედან და „ინსტაგრამისთვის“ ვიდეოებს იღებენ მინდა, რომ მივიდე და ბეისბოლის ბიტა პირდაპირ პირში ჩავარტყა“.

დე როსის ფიცხი ტემპერამენტის უკან რბილი ხასიათი იმალება. 2016 წელს, როდესაც იტალიის ნაკრების 2006 წლის შტაბის ერთ-ერთი წევრი, პიეტრო ლომბარდი გარდაიცვალა, დე როსიმ მას კუბოში ამავე წელს მოგებული მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალი ჩააყოლა.

დანიელემ გასაოცარი კარიერა გაიარა. დე როსის დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე 18 წლის ასაკში შედგა და მის შემდეგ იგი „რომას“ უდავო ლიდერია. იტალიელის საყვარელი ფეხბურთელები რუდი ფიოლერი და როი კინი არიან. 16 ნომერს იგი სწორედ „მანჩესტერელი“ ლეგენდის საპატივცემულოდ ატარებს.

დე როსიმ ჯერ კიდევ ფაბიო კაპელოს „რომაში“ გაიბრწყინა და გუნდთან ერთად „სერია ა“ მოიგო. თუმცა დანიელემ კარიერის პიკს ლუჩიანო სპალეტის მწვრთნელობისას მიაღწია, როდესაც ტრამვიანობის შედეგად სპალეტის გუნდს სერიოზული პრობლემები შეექმნა, იტალიელმა ტრადიციული ცენტრ ფორვარდის ნაცვლად ფრანჩესკო ტოტი ცრუ ცხრიანის პოზიციაზე გადაწია და მოედანზე 4-6-0 ტაქტიკით გამოვიდა. დე როსი ამ სქემაში უდიდეს როლს თამაშობდა და მოედნის ცენტრს დავიდ პიზაროსთან ერთად განაგებდა. „ევრო 2008“ და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დანიელე იტალიის ნაკრების შეუცვლელი ფიგურა იყო. 2014-ში კი „სერია ა“-ს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

დროის გასვლის შემდეგ დე როსის შეტევაში ჩართვის რაოდენობები და შორეული დარტყმები შემცირდა, თუმცა მან თავზე სხვა პასუხისგებლობა აიღო და გუნდს დაცვითი სამუშაობის შესრულებაში ეხმარება.

ფრანჩესკო ტოტის გუნდიდან წასვლის შემდეგ, დე როსი „ჯალოროსის“ ლიდერი და გულშემატკივრების საყვარელი ფეხბურთელია. იგი მოედანზე ნამდვილი მებრძოლია და თითოეულ შეხვედრაში მაქსიმალურად იხარჯება. თუმცა ყველა ადამიანს აქვს თავისი „რბილი“ მხარე, მარჯვენა ხელზე დანიელეს „ტელეღიპუცების ლა-ლას“ ტატუ აქვს, რომელიც მისი შვილის საყვარელი პერსონაჟია.

დე როსიმ სანაკრებო კარიერა ნოემბერში დაასრულა სეზონის ბოლოს კი „რომასთან“ კონტრაქტი უმთავრდება და დიდი ალბათობით საფეხბურთო კარიერასაც დაასრულებს.

თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ რომში გლადიატორები აღარ არსებობენ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ერთი მათგანი „რომას“ შემადგენლობაში თამაშობს და მას დანიელე დე როსი ჰქვია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები