ლივერპული VS რომა - რაშია უპირატესობები?
Aa
Aa

ლივერპული VS რომა - რაშია უპირატესობები?

მიმდინარე ტურნირის მთავარი ფავორიტები მეორე წყვილში ხვდებიან, „ლივერპული“ და „რომა“ კი წარმატების მიღწევას თავიანთი გამართული თამაშითა და მონდომებით ცდილობენ. ისინი პირველ მატჩს „ენფილდზე“ გამართავენ, სადაც ფავორიტი ყოველთვის ერთია, თუმცა ფაქტია, რომ „ჯალოროსის“ აღიარებული გრანდების არ ეშინია და მათი დამარცხება შეუძლია.

გუნდები ერთმანეთს 1983-84 წლების „ჩემპიონთა თასის“ ფინალში დაუპირისპირდნენ და მაშინ „ლივერპულმა“ პენალტების სერიით იმარჯვა.

„წითლები“ წლევანდელ „ჩემპიონთა ლიგაზე“ ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ და მეტოქეთა კარში ყველაზე მეტი, 33 გოლი გაიტანეს.

მერსისაიდელთა საშინაო არენა 54 ათას მაყურებელს იტევს და დღეს სრული ანშლაგი იქნება, რაც ინგლისელთა ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა. კლოპის გუნდი "სქაუზერებისგან" უნდა დაიმუხტოს და „რომას“ დამარცხება მათთან ერთად სცადოს.

გუნდების ამჟამინდელი მდგომარეობა

კლოპის ბიჭები ბოლო დროს მშვენიერ ფორმაში არიან და უკანასკნელი 15 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგეს. ისინი განსაკუთრებით კარგად საკუთარ მოედანზე გამოიყურებიან, სადაც ბოლო 25 თამაშიდან 1 დათმეს, უკანასკნელ 5 შეხვედრაში კი გოლიც არ გაუშვიათ.

მერსისაიდელებმა გასულ უქმეებზე „ვესტ ბრომვიჩის“ წინააღმდეგ ითამაშეს და ფრე 2:2-ს დასჯერდნენ. არადა, ინგსმა და სალაჰმა ანგარიში 2:0 გახადეს, თუმცა საბოლოოდ თამაში საყაიმო შედეგით დასრულდა.


 

„ლივერი“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 71 ქულით მე-3 ადგილზეა. იგი „ტოტენჰემს“ 3-ით, ხოლო „ჩელსის“ 8 ქულით უსწრებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მეტოქეებს მასზე 1 თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

იურგენ კლოპს დღევანდელი მატჩისათვის ჯანის, ლალანასა და მატიპის იმედი ვერ ექნება - სამივე მათგანი ტრავმირებულია.

დამაჯერებლად გამოიყურება „რომაც“, რომელსაც ბოლო 4-დან 3 მატჩი მშრალად აქვს მოგებული, თუმცა ევროტურნირების ეგიდით გასვლაზე ვერ ყოჩაღობს და ბოლო 2 თამაში წაგებული აქვს - „შახტართან“ და „ბარსელონასთან“.

ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი შაბათს „სპალს“ სტუმრად დაუპირისპირდა და 3:0 იმარჯვა. მეტოქემ პირველი გოლი საკუთარ კარში გაიტანა, დანარჩენი გოლები კი ნაინგოლანმა და შიკმა შეაგდეს.


 

რომაელები „ჩემპიონთა ლიგის“ ზონისთვის გამალებით იბრძვიან და ამჟამად სერია A-ს ცხრილის მე-3 ადგილზე იმყოფებიან. მათ „ლაციოს“ მსგავსად 67 ქულა აქვთ და მე-5 ადგილოსან „ინტერს“ 1 ქულით უსწრებენ.

სტუმრები თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით არიან, რადგან ტრავმირებულები - რიკ კარსდორპი და გრეგუარ დეფრელი პრაქტიკულად მთელი სეზონია დაზიანებას იშუშებენ.

იტალიელებმა თამაშის წინა დღეს "ჰილსბოროს" ტრაგედიის დროს დაღუპულთა მემორიალი მოინახულეს და იგი გვირგვინით შეამკეს.

ტაქტიკა და თამაშის სავარაუდო სცენარი

ინგლისელების კოზირი სისწრაფე და ფიზიკური ორთაბრძოლებია. გარდა ამისა, „ლივერპული“ ძალიან ტექნიკური გუნდია და კომბინაციური თამაშიც მშვენივრად გამოსდის. იგი უპირატესობის მოპოვებასა და სწრაფი გოლის გატანას ეცდება, რაც მეტოქისთვის დიდი დარტყმა, ხოლო თავად „ლივერისთვის“ ბრწყინვალე მოტივატორი იქნება.

„რომას“ მიზანი სათამაშო რგოლებს შორის ბალანსის შენარჩუნება და ზუსტი ტაქტიკური მოქმედება იქნება. „მგლებს“ იმდენად სწრაფი გუნდი არ ჰყავთ, რამდენადაც „ლივერპულს“, ამიტომაც მათ გააზრებული თამაში და უაღრესად მაღალ დონეზე შესრულებული სათამაშო დისციპლინა სჭირდებათ. იტალიელებს საკმაოდ მობილური და კრეატიული მოედნის ცენტრი ჰყავთ, რამაც დაცვასა და თავდასხმას საქმე უნდა გაუადვილოს, საამისოდ კი ნახევარდაცვის შუა ხაზმა ეფექტურად უნდა იმუშაოს.

სავარაუდოა, რომ „ლივერპული“ აქტიურ და „მახრჩობელა“ პრესინგს ითამაშებს და თუკი საჭირო გახდება, საქმეში „წვრილი ფოლის“ ტაქტიკასაც ჩართავს, რაც იმას გულისხმობს, რომ თუკი „რომა“ მეტოქის მაღალ პრესინგს თავს დააღწევს, „ლივერის“ ფეხბურთელები სწრაფი შეტევების ჩაშლას, წვრილი ჯარიმებით ეცდებიან.

იტალიელებმა საკუთარი საჯარიმოდან მაქსიმალურად შორს უნდა ითამაშონ და დაცვის ფლანგებს უდიდესი ყურადღება დაუთმონ, რადგან მეტოქის ერთ-ერთი მთავარი პლიუსი სწორედ ძლიერი ფლანგებია. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ყურადღება სტანდარტული სიტუაციებისას, როცა „წითლები“ ძალიან სახიფათოდ თამაშობენ და ერთი შეხედვით, „მეორე სართულზე“ უპირატესობაც მათ უნდა ჰქონდეთ.

ბევრი იქნება დამოკიდებული ედინ ჯეკოზე, რომელსაც ტანმაღალ მცველებთან ჭიდილი მოუწევს, რათა პირველი ბურთი აიღოს და თანაგუნდელებს წინ ამოსვლის საშუალება მისცეს. უმნიშვნელოვანესია ჯენგიზ იუნდერისა და მეორე ვინგერის, სავარაუდოდ, დიეგო პეროტის როლიც, რომელთაც ასევე ბურთი მაქსიმალურად უნდა დაიჭირონ და მეტოქის მცველები მუდმივ დაძაბულობაში ამყოფონ.

რაც შეეხება „ლივერპულის“ ერთ-ერთ მთავარ უპირატესობას ეს სისწრაფეა და განსაკუთრებით შეტევის ხაზში. სალაჰი რეაქტიული ფეხბურთელია, რომლის წინააღმდეგაც კოლაროვმა უნდა ითამაშოს, ფედერიკო ფასიოსაც თანაგუნდელის დაზღვევა ხშირად მოუწევს, ფასიო კი ძალიან ნელი ფეხბურთელია, ამიტომაც, სალაჰის აყვანისას უკან რომელიმე საყრდენმაც უნდა დაიწიოს - ნაინგოლანმა ან სტროოტმანმა. თავსატეხია სადიო მანეც, რომელიც ასევე ძალიან სწრაფი და სახიფათოა, მის წინააღმდეგ ალესანდრო ფლორენცი უნდა იყოს, ის კი ამპლუით ნახევარმცველია და დახმარება დასჭირდება. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული კოსტას მანოლასის კარგ თამაშზე, რომელიც „რომას“ მცველთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი და სწრაფი მოთამაშეა.

სავარაუდო შემადგენლობები და განლაგებები

მასპინძელთა კარში ლორის კარიუსს ვიხილავთ, რომლის წინაც 4 მცველი - არნოლდი, ლოვრენი, ვან დიიკი და რობერტსონი განლაგდებიან. ბოლო პერიოდში კლოპი სწორედ ამ ოთხეულს ენდობა და ძნელი წარმოსადგენია, ასეთი თამაშის წინ რამე შეცვალოს. თანაც „ლივერის“ ეს დაცვის ხაზი დამაჯერებელია და მაგალითად, ბოლო 5 სახლის მატჩში გუნდს გოლი არ გაუშვია.

ნახევარდაცვაში ჰენდერსონის, მილნერისა და ჩემბერლენის ტრიოს ვიხილავთ, რომელთაგანაც ჰენდერსონს მეტწილად შეტევების ჩაშლა, ამავდროულად ბურთის განაწილება დაევალება, მილნერის დაახლოებით ამავე ფუნქციებს გადაინაწილებს, ჩემბერლენი კი ჩვეულად ბევრს იმოძრავებს და უფრო ნახევარდაცვა-თავდასხმის დამაკავშირებელი იქნება.

შეტევის წინა ხაზზე ტრადიციული სამეული მოგვევლინება, რომელსაც ბრწყინვალე ფორმაში მყოფი მოჰამედ სალაჰი, მუდამ შემართული და მებრძოლი სადიო მანე და გაცენტრფორვარდებული ბრაზილიელი რობერტო ფირმინო შეადგენენ.

ეუსებიო დი ფრანჩესკომ "ჯალოროსი" "ბარსელონას" წინააღმდეგ საშინაო მატჩისას 3-5-2 სქემით გამოიყვანა, თუმცა პოპულარული იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი ვარაუდობს, რომ "რომა" დღეს 3-4-2-1 სქემით ითამაშებს, რომელიც უფრო მეტად ნახევარდაცვაზე აქცენტირებული მონახაზია.

"ბარსასთან" დი ფრანჩესკო 3 ცენტრალურ მცველში, ცენტრად კოსტას მანოლასს ათამაშებდა, მის გვერდით კი ფასიო და ჟუან ჟესუში მოქმედებდნენ. „გლადიატორები“ „ბარსასთან“ ძალიან აგრესიულ მაღალ პრესინგს თამაშობდნენ და თუკი ესპანელები ბურთის ამოტანას მაინც ახერხებდნენ, 3 ცენტრალური მცველიდან ერთ-ერთი ბურთიან მეტოქეზე სწრაფად ადიოდა და წვრილ ჯარიმას იღებდა, რაც რომაელთა თავკაცის ტაქტიკური ხრიკი იყო.

იტალიელთა კარს ალისონ ბეკერი დაიცავს, რომელსაც ფანტასტიური სეზონი აქვს და არაერთი ევროპული გრანდის სატრანსფერო სამიზნეა. 3 ცენტრალური მცველი იგივე სიზუსტით განლაგდება.

საყრდენებად დანიელე დე როსი და კევინ სტროოტმანი იმოქმედებენ. დე როსი ჩამშლელი და ბურთის მთავარი გამნაწილებელი იქნება, შეტევაში კი იშვიათად ჩაერთვება, ხოლო სტროოტმანი გაცილებით მოძრავი და ენერგიულია, ამიტომაც უშუალო ფუნქციების შესრულების გარდა, მას წინაც არცთუ იშვიათად ვიხილავთ. ამ დუეტის წინ რაჯა ნაინგოლანი და ჯენგიზ იუნდერი განლაგდებიან. ბელგიელი უაღრესად მოძრავი და ფიზიკურად ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, რომელსაც ჩაშლა და შექმნა თითქმის ერთნაირად შეუძლია. შესაბამისად, ნაინგოლანის როლი ძალიან დიდია და მან ჩვეულად უნდა იშრომოს. იუნდერი მშვენიერ ფორმაშია, უბრალოდ ძალიან ახალგაზრდაა და ვნახოთ, თავის უდიდეს პოტენციალს რამდენად წარმოაჩენს.

დიეგო პეროტი ბოლო დროს ტრავმიანობდა და მას დი ფრანჩესკო ძირითადში, ალბათ ვერ დააყენებს, თუმცა მეორე ტაიმში შეიძლება გამოიყვანოს.

ჯეკოს ფაქტორზე უკვე ვისაუბრეთ, მან რაც შეიძლება მეტი ორთაბრძოლა უნდა მოიგოს, რაც „რომას“ საკუთარი სათამაშო გეგმის შესრულებას გაუადვილებს.

მსაჯი

მატჩის მთავარი არბიტრი გერმანელი ფელიქს ბრიხი იქნება, რომელმაც 2014 წელს „ევროპა ლიგის“, ხოლო 2017 წელს „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალი განსაჯა და ბოლო წლებში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო რეფერად ითვლება. ბრიხი ერთადერთი გერმანელი მთავარი მსაჯია, რომელიც მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის არბიტრთა ოფიციალურ ჩამონათვალში ფიგურირებს.

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

ასევე იხილეთ - მატჩის წინა პრესკონფერენციები

ასევე იხილეთ - მატჩის წინა განხილვა და პროგნოზი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები