Aa
Aa

ვენგერმა პრეზიდენტობაზე უარი თქვა - ''არსენალი'' მთავარი მწვრთნელის შერჩევის პროცესშია

ლონდონის “არსენალის’’ მთავარ მწვრთნელ არსენ ვენგერს საფრანგეთში დაბრუნების შანსი ჰქონდა. პსჟ-ს არსენ ვენგერისა და ტომას ტუხელის მიწვევა სურდა. Mirror-ის ცნობით ტუხელი მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილებოდა, ვენგერს კი -პრეზიდენტობას სთავაზობდნენ. ვენგერმა, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებს, შეთავაზებას უარით უპასუხა.

ჩრდილოლონდონურ გუნდში 68 წლის სპეციალისტი როგორც სუფთა საფეხბურთო საკითხების, ასევე საფეხბურთო ბიზნესის პოლიტიკის განსაზღვრაში აქტიურად მონაწილეობდა. ლიგა 1-ის ჩემპიონის მიზანი ვენგერის ცოდნის გამოყენება იყო, რაც მან დააგროვა “არსენალში’’ 22-წლიანი მუშაობის პერიოდში.

2017 წლის მარტში ვენგერმა “არსენალთან’’ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. მისი განცხადებით თუ ორი წლის შემდეგ “არსენალი’’ კონტრაქტს არ გაუხანგრძლივებდა, სამწვრთნელო კარიერას დაასრულებდა.

დაასრულებს თუ არა სამწვრთნელო კარიერას არსენ ვენგერი - ამ თემაზე ივან გაზიდისმაც ისაუბრა. პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე გაზიდისმა აღნიშნა: “ვენგერი თანამედროვე ფეხბურთში უდიდესი ფიგურაა. ის ყოველთვის იყო კონკურენტუნარიანი მწვრთნელი, თუმცა გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს და მოიქცეს ისე როგორც თავად ჩათვლის.’’

“მეთოფეთა’’ აღმასრულებელი დირექტორის ივან გაზიდისის, კლუბის საფეხბურთო ურთიერთობის ხელმძღვანელის რაულ სანლეჰისა და კლუბის მთავარი სელექციონერის სვენ მისლინტატის წინაშე რთული ამოცანაა. მათ ვენგერის შემცვლელი უნდა შეარჩიონ.

“არსენალის’’ მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატი კლუბის ყოფილი ფეხბურთელი პატრიკ ვიეირაა, რომელიც ამჟამად MLS-ში “ნიუ იორკ სითის’’ ხელმძღვანელობს. ვიეირას გარდა ლუის ენრიკეს, მასიმილიანო ალეგრის, იოახიმ ლიოვისა, ტიერი ანრის დიეგო სიმეონეს, მიკელ არტეტას, ტომას ტუხელისა  და ლეონარდო ჟარდიმის კანდიდატურები განიხილება.

მას შემდეგ რაც სეზონის ბოლოს ვენგერის წასვლა დადასტურდა, “არსენალმა’’ პირველი მატჩი “ვესტ ჰემთან’’ ჩაატარა. “მეთოფეებმა’’ ‘‘ემირეითზე’’ 4:1 დაამარცხეს ''ჩაქუჩები.’’ მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვენგერმა ქომაგების შესახებ ისაუბრა. კითხვაზე რამდენად დიდი როლი შეასრულეს გულშემატკივრებმა მისი კლუბიდან წასვლის საკითხში, ვენგერმა უპასუხა: “ვგრძნობ რომ “არსენალს’’ მთელ მსოფლიოში გაცილებით დიდ პატივს სცემენ, ვიდრე ინგლისში. კლუბის ადგილობრივმა ქომაგებმა ვერ დამანახეს ერთიანობის სურათი, ერთიანობის განცდა,რაც ძალიან გულსატკენია. მიუხედავად ამისა მე არ ვარ მათზე გაბრაზებული და არ მსურს სულელური განცხადებები გავაკეთო. შედეგით გულშემატკივრები არ არიან ბედნიერები, მე მესმის მათი.’’

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები