მოჰამედ სალაჰი ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელია!
Aa
Aa

მოჰამედ სალაჰი ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელია!

მოჰამედ სალაჰი ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. გამოკითხვა ფეხბურთელთა შორის ჩატარდა და ეგვიპტელმა კევინ დე ბრუინს, ლეროი სანეს, დავიდ სილვას და ჰარი კეინს აჯობა.

სალაჰი გუნდის ისტორიაში მეშვიდე და ლუის სუარესის შემდეგ პირველი „ლივერპულელია“, რომელმაც აღნიშნული ტიტული მოიპოვა. „ენფილდზე“ მოჰამედმა თავისი პირველი სეზონი "პრემიერ ლიგაში" 31 და "ჩემპიონთა ლიგაზე" 8 გატანილი გოლით აღნიშნა. 25 წლის ეგვიპტელი „ოქროს ბუცის“ მოგების მთავარი კანდიდატია, თუმცა „ლივერის“ თავდამსხმელის ძირითადი პრიორიტეტი „ჩემპიონთა ლიგაზე“ „რომასთან“ გასამართი მატჩია.

“საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის მოპოვება ნამდვილად დიდი პატივია. ძალიან ბევრს ვშრომობდი და ბედნიერი ვარ, რომ აღნიშნული ჯილდო მოვიგე“.

„პრემიერ ლიგის დატოვების დღიდან ჩემი მთავარი მიზანი უკან დაბრუნება და წარმატების მიღწევა იყო. „ჩელსიში“ შანსი არ მომეცა და სწორედ ამიტომ ინგლისში დასამტკიცებელი ბევრი რამ მქონდა. ვფიქრობ რომ „პრემიერ ლიგას“, როგორც განსხვავებული პიროვნება, ასევე განსხვავებული მოთამაშე დავუბრუნდი და შედეგმაც არ დააყოვნა“.

სალაჰმა „ჩემპიონთა ლიგის“ სამომავლო დაპირისპირებაზეც ისაუბრა და განაცხადა:“ლივერპულის“ მსგავს კლუბში თამაში განსაკუთრებული შეგრძნებაა, დარწმუნებული ვარ „ენფილდზე“ შესანიშნავი ატმოსფერო იქნება, რაც მატჩს ერთიორად სასიამოვნოს გახდის. რაც შეეხება „რომას“, იტალიაში მშვენიერი დრო გავატარე და იქაურ მოთამაშეებთან ურთიერთობა დღემდე მაქვს. გამორიცხული არაფერია, მეტოქის დაუფასებლობა არცერთ შეხვედრაში არ შეიძლება. ჩვენ თითოეულ მატჩს სრული სერიოზულობით ვუდგებით და „ჩემპიონთა ლიგის“ ნახევარფინალში სასურველი შედეგის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ“.

ეგვიპტელს წლის საუკეთესო ტიტულის მოპოვება „ლივერპულის“ მწვრთნელმა იურგენ კლოპმაც მიულოცა.

 

„ვესტ ბრომვიჩთან“ გატანილი გოლის შემდეგ სალაჰმა ლუის სუარესის, კრიშტიანუ რონალდუს და ალან შირერის რეკორდი გაიმეორა. აღნიშნულ ტრიოს „პრემიერ ლიგის“ 38 მატჩიან სეზონში 31 გოლი აქვს გატანილი. სალაჰს რეკორდის მოსახსნელად 3 შეხვედრა დარჩა.

„პრემიერ ლიგის რეკორდთან გათანაბრება არამხოლოდ ინგლისში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით საკმაოდ დიდი მიღწევაა, თუმცა ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ და იმედი მაქვს, რომ როგორც 38-იანი, ასევე 42 მატჩიანი სეზონის რეკორდსაც მოვხსნი“.

შეგახსენებთ, რომ 42 მატჩიან სეზონში გოლების რეკორდის ავტორები ენდი კოულ და ალან შირერი არიან, რომლებმაც კალენდარულ წელში 34 გოლი გაიტანეს.

„ლივერპულის“ კაპიტანმა, ჯორდან ჰენდერსონმა, რომელიც დაჯილდოებაზე იმყოფებოდა, ჟურნალისტებთან სალაჰზე ისაუბრა:“ მოჰამედი გუნდში ზაფხულში მოვიდა და სათამაშო სქემაში იდეალურად ჩაეწერა. სალაჰი ვარჯიშებზეც საოცრად გამოიყურება და როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ საუკეთესო ფეხბურთელია“.

„ვიცოდით, რომ იგი კარგი მოთამაშე იყო, მაგრამ მან ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მოჰამედი ძალიან ბევრს მუშაობს და წარმატებაც სწორედ ამის შედეგია“.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული ლეროი სანემ დაისაკუთრა, გერმანელმა რაიან სესინიონს აჯობა. „ფულემის“ 17 წლის ვარსკლავი „ჩემპიონშიპის“ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელიც ამ ჯილდოზე წარადგინეს. შეგახსენებთ, რომ ინგლისელმა „ჩემპიონშიპის“ საუკეთესო ფეხბურთელის და საუკეთესო ახალგაზრდის ტიტული მოიგო.

ჟურნალისტებთან საუბრისას რაიანმა განაცხადა:“მიხარია, რომ „ჩემპიონშიპის“ პირველი ფეხბურთელი გავხდი, ვინც ამ ჯილდოზე წარადგინეს. თუმცა ეს დასასრული ნამდვილად არაა, მომავალში საკუთარ თავზე მუშაობას და საფეხბურთო თვალსაზრისით გაზრდას ვაპირებ“.

სანემ, რომელიც დაჯილდოებას ვერ დაესწრო, გამოკითხვაში რაჰიმ სტერლინგს და ჰარი კეინს აჯობა.

„ჩემთვის ამ ჯილდოს მოგება დიდი პატივია, მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და „მანჩესტერ სიტის“. ასევე მსურს ჩემს კონკურენტებსაც მივულოცო, მათ საუცხოო სეზონი ჩაატარეს და ჯილდოს მოგებას ნამდვილად იმსახურებდნენ“.

რაც შეეხება სხვა ჯილდოებს, „ჩელსის“ ქალთა გუნდის თავდამსხმელი - ფრენ კირბი წლის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად დაასახელეს, ხოლო „სიტისი“ მოთამაშემ, ლორენ ჰემპმა, საუკეთესო ახალგაზრდის ტიტული დაისაკუთრა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები