Aa
Aa

NBA-ის ფლეი-ოფების პირველი რაუნდის მიმოხილვა

მილუოკი -  ბოსტონი 104 – 102

საკალათბურთო ასოციაციაში ფლეი-ოფის პირველი რაუნდის მორიგი შეხვედრები გაიმართა. ტური მილუოკში გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა „ბაქსმა“ დაძაბულ ბრძოლაში „ბოსტონის“ წინააღმდეგობა დაძლია და სერიაში ანგარიში გაათანაბრა 2-2.

„ბაქსმა“ მატჩი მშვენივრად დაიწყო და შესვენებაზე 16 ქულიანი უპირატესობით გავიდა. თუმცა მეორე ნახევარში პარკეტზე აბსოლუტურად სხვა „ბოსტონი“ ვიხილეთ. „კელტებმა“ მეოთხე მეოთხედში წინ გასვლაც მოახერხეს, მაგრამ „მილუოკიმ“ ბოლომდე იბრძოლა და საბოლოოდ მატჩის დასრულებამდე 5 წამით ადრე იანისის მიერ ჩაგდებული ორიანით იმარჯვა.

ბერძენმა მსუბუქმა ფორვარდმა „ბაქსს“ 27 ქულით ულიდერა. კრის მიდლტონმა აქტივში 23 ქულა ჩაიწერა, ხოლო სათადარიგო სკამიდან ჯაბარი პარკერმა გუნდს 16 ქულა შესძინა. „ბაქსის“ გამარჯვებაში დიდი წვლილი თონ მეიკერმა შეიტანა, 21 წლის ცენტრმა თავი 8 ქულას და 5 დაფარებას მოუყარა.

„ბოსტონის“ მხრიდან ჯეილენ ბრაუნი გამოირჩა, რომელიც 34 ქულით ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. ჯეისონ ტატუმმა აქტივში 21 ქულა ჩაიწერა, ალ ჰორფორდმა კი თავი 13 ქულას და 9 მოხსნას მოუყარა.

სერიაში ანგარიში 2-2-ია და შემდეგი შეხვედრა 25 აპრილს ბოსტონში გაიმართება.

 

სან ანტონიო - გოლდენ სტეიტი 103 – 90

სენსაცია შემოგვთავაზა „სან ანტონიომ“, გრეგ პოპოვიჩის არყოფნაში ტეხასელებმა მოქმედი ჩემპიონი „გოლდენ სტეიტი“ დამაჯერებლად დაამარცხეს და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები შეინარჩუნეს.

„სპურსმა“ პირველი ტაიმი 14 ქულიანი სხვაობით მოიგო და მოპოვებული უპირატესობა მატჩის ბოლომდე შეინარჩუნა. ტეხასელებმა კალათში 28-დან 15 სამიანი მოათავსეს და ბურთი მხოლოდ 8-ჯერ დაკარგეს.

„გოლდენ სტეიტმა“ სერიის ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა, „უორიორსი“ მეტოქის ფარს მხოლოდ 37.8 პროცენტით უტევდა და არც 24 შეტევაში მოხსნილმა ბურთმა უშველა.

„სან ანტონიოს“ რიგებში ლამარკუს ოლდრიჯი 22 ქულითა და 10 მოხსნით გამოირჩა. რუდი გეიმ გუნდს 14 ქულა შესძინა, ხოლო სათადარიგო სკამიდან მანუ ჯინობილიმ შეხვედრა 16 ქულით დაასრულა.

„მეომრებს“ კევინ დურანტმა 34 ქულითა და 13 მოხსნით ულიდერა. დრეიმონდ გრინმა მატჩი 9 ქულით, 18 მოხსნით და 9 გადაცემით დაასრულა. კლეი ტომპსონმა კი აქტივში 12 ქულა ჩაიწერა.

სერიაში ანგარიში 3-1-ია და შემდეგი შეხვედრა 25 აპრილს, ოკლენდში გაიმართება.

 

ინდიანა - კლივლენდი 100 – 104

„კლივლენდ კავალიერსმა“ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო, ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ სტუმრად ინდიანაში იმარჯვა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

„კავსმა“ მატჩი მშვენივრად დაიწყო და შესვენებაზე 10 ქულიანი უპირატესობით გავიდა. „ინდიანა“ შეხვედრაში მესამე მეოთხედში დაბრუნდა და აღნიშნული პერიოდი 28-20 მოიგო. მეოთხე მეოთხედი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, მატჩის დასრულებამდე 11 წამით ადრე ვიქტორ ოლადიპოს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მიეცა, თუმცა „პეისერსის“ ლიდერმა სამიანი გააფუჭა.

„კლივლენდს“ ტრადიციულად ლებრონ ჯეიმსმა 32 ქულითა და 13 მოხსნით ულიდერა. კაილ კორვერმა აქტივში 18 ქულა ჩაიწერა, ხოლო ჯეი არ სმიტმა შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.

„ინდიანას“ რიგებში 10 ქულიან ნიშნულს ერთბაშად 7 კალათბურთელი გადაცდა. ვიქტორ ოლადიპომ საშინელი შეხვედრა ჩაატარა, 25 წლის უკანახაზელმა შეხვედრა 17 ქულით დაასრულა, თუმცა 20-დან მხოლოდ 5 სროლა გამოიყენა.

„პეისერსს“ დამონტას საბონისმა 19 ქულითა და 6 მოხსნით ულიდერა. მაილს ტერნერმა კი აქტივში 17 ქულა ჩაიწერა.

სერიაში ანგარიში თანაბარია 2-2 და შემდეგი შეხვედრა 26 აპრილს კლივლენდში გაიმართება.

 

ვაშინგტონი - ტორონტო 106 – 98

საოცარი შეხვედრა მოიგო „ვაშინგტონმა“. ჯონ ვოლმა და კომპანიამ მეორე ნახევარში 11 ქულიანი უპირატესობა აღმოფხვრეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს 2-2.

ბრედლი ბილმა „ჯადოქრებს“ 31 ქულით ულიდერა. ჯონ ვოლმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 27 ქულა, 14 გადაცემა. ოტო პორტერმა გუნდს 12 ქულა შესძინა, ხოლო სათადარიგო სკამიდან შემოსულმა კელი უბრე ჯუნიორმა თავი 10 ქულას მოუყარა.

„ტორონტოს“ მხრიდან დემარ დეროუზანი 35 ქულით გამოირჩა. კაილ ლოურიმ გუნდს 19 ქულა შესძინა, იონას ვალანჩუნასმა კი 15 წუთში აქტივში 11 ქულა ჩაიწერა.

სერიაში ანგარიში თანაბარია და შემდეგი შეხვედრა 26 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები