Aa
Aa

ლობჟანიძის ჰეთ-თრიქი სუპერლიგაში - ქართველის ბრწყინვალე თამაში

დანიის სუპერლიგის 28-ე ტურში ქართველმა ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ ჰეთ-თრიქი შეასრულა. ''რანდერსმა'' შინ 3:0 დაამარცხა ''სიონერიუსკი.'' საბამ პირველ ტაიმში დუბლი შეასრულა, 73-ე წუთზე კი მესამე გოლი გაიტანა და კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა.

23 წლის ლობჟანიძე უცხოეთში პირველ სეზონს ატარებს. 2017 წლის ზაფხულში თბილისის ''დინამო'' დატოვა და დანიური გუნდის ფეხბურთელი გახდა. ''რანდერსი'' გასავარდნი ზონის ოთხგუნდიან ჯგუფში მესამე ადგილზეა და გადათამაშების გზით ეცდება სუპერლიგაში ადგილის შენარჩუნებას.

მიმდინარე სეზონში ლობჟანიძემ სუპერლიგაში 28 მატჩში 8 გოლი შეაგდო.  შემტევი ნახევარმცველისთვის სადებიუტო სეზონში აუტსაიდერი გუნდის მაისურში 8 გოლი და 4 საგოლე პასი საკმაოდ კარგი შედეგია. სწორედ მიმდინარე სეზონში შედგა საბას დებიუტი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

დანიის სუპერლიგის გასავარდნი ზონის პირველ ჯგუფში ''ჰელსინგორისა'' და ''სილკებორგის'' შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ''სილკებორგის'' სასტარტო შემადგენლობაში მათე ვაწაძე მოხვდა. ქართველი ფორვარდი 53-ე წუთზე გააფრთხილეს, 63-ე წუთზე კი შეცვალეს. ''სილკებორგს'' დისკვალიფიკაციის გამო დავით სხირტლაძე ვერ დაეხმარა. ოთხ გუნდს შორის ''სილკებორგი'' 32 ქულით მესამე ადგილზეა და 6 ქულით ჩამორჩება მეორეადგილოსან ''ორჰუსს.'' თუ ''სილკებორგი'' საუკეთესო ორ გუნდს შორის ვერ მოხვდება, გადათამაშების გზით მოუწევს ელიტაში ადგილის შენარჩუნება.

შვედეთის ელიტარული საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში აიკ-მა შინ 2:0 დაამარცხა ''გიოტებორგი.'' სტუმართა შემადგენლობაში გიორგი ხარაიშვილი კვლავ სათადარიგო იყო. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ლიდერი 67-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. ''გიოტებორგმა'' ხუთი მატჩიდან 2 მოიგო და სამ შეხვედრაში დამარცხდა. 16-გუნდიან ლიგაში ''გიოტებორგი'' 6 ქულით მე-9 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები