Aa
Aa

"იგუაინმა თავი ასეთ დღეში თავად ჩაიგდო...მან, ეს ეპიზოდი ძალიან მძიმედ გადაიტანა"

მსოფლიო ჩემპიონატი სულ უფრო ახლოვდება და გულშემატკივარიც ნელ-ნელა მასზე ფიქრს იწყებს.

პირველ რიგში რა თქმა უნდა, წინა მუნდიალი უნდა გავიხსენოთ და განსაკუთრებით მისი დრამატული ფინალი.

არგენტინის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა (2006-2008წ.) ალფიო ბასილემ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხება გონსალო იგუაინს დააბრალა.

-

მარაკანაზე გამართულ ფინალში იგუაინი მთავარი მოქმედი პირი გახდა. პირველ ტაიმში იმ დროისთვის "ნაპოლის" ფორვარდმა ანგარიში გახსნა, თუმცა გვერდითმა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და გოლი გაუქმდა.

იგუაინს შანსი კვლავ მიეცა, როდესაც გერმანელთა დაცვამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, თუმცა გამოცდილმა ფორვარდმა იჩქარა და კარისკენ დაუფიქრებლად დაარტყა, რის შედეგადაც არგენტინამ შეხვედრაში ანგარიშის გახსნის ყველაზე რეალური შანსი გაუშვა ხელიდან.

 

ალფიო ბასილემ თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში "მესის თაობა", დრო იგუაინსაც დაუთმო და მთავარ დამნაშავედ სწორედ ის შერაცხა.

"ყველა იმ მოთამაშეს შორის, რომლებმაც ფინალში მონაწილეობა მიიღეს, მარცხში დამნაშავე ყველაზე მეტად იგუაინია.

მათ არ სურთ, რომ იგუაინმა გუნდში ითამაშოს, რადგან ამ ფინალზე საუბრისას ყველას მისი ეპიზოდი ახსენდება და მარცხიც სწორედ ხსენებულ მომენტთან ასოცირდება.

მართლაც რთულია ახსნა, თუ რა მოხდა იმ ეპიზოდში. მოულოდნელად, მცველებმა ის მეთვალყურეობის გარეშე დატოვეს და იგუაინი კარიდან 20 მეტრში ბურთთან ერთად მეურვეობის გარეშე დარჩა. მას ნებისმიერი მიმართულებით შეეძლო გაქცეულიყო, მაგრამ რატომღაც იმწამსვე დარტყმა გადაწყვიტა.

არ არის კარგი ამის თქმა, მაგრამ იგუაინმა საკუთარი თავი ასეთ მდგომარეობაში თავად ჩააგდო. მან, ეს ეპიზოდი ძალიან მძიმედ გადაიტანა. გონალოს შეეძლო, რომ გამარჯვების გოლის ავტორი გამხდარიყო და საკუთარი სახელისთვის უკვდავება მოეპოვებინა".

აქვე გეტყვით, რომ გონსალო იგუაინს წლევანდელ მუნდიალზე თამაში პრაქტიკულად გარანტირებული აქვს და სავსებით შესაძლებელია, რომ ის ძირითად ფორვარდადაც ვიხილოთ, რადგან სერხიო აგუერომ ოპერაცია გაიკეთა და მოედანზე გასვლას მხოლოდ 1 თვის შემდეგ შეძლებს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ "კუნი" მუნდიალს 100%-ით მზად ვერ შეხვდება.

მაურო იკარდის მუნდიალზე წასვლის საკითხი კი დღემდე გაურკვეველი რჩება...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები