გრიგალაშვილის სადებიუტო გოლი - საგოლე კომბინაცია კანკავას მონაწილეობით
Aa
Aa

გრიგალაშვილის სადებიუტო გოლი - საგოლე კომბინაცია კანკავას მონაწილეობით

ყაზახეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მე-6 ტურში ''ყიზილჟარისა'' და ''ატირაუს''  შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. 24-ე წუთზე ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. სტუმართა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი შოთა გრიგალაშვილმა შეასრულა და ყაზახური გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი შეაგდო.

 

31 წლის გრიგალაშვილი მიმდინარე წელს შეუერთდა ''ყიზილჟარს,'' რომლის მაისურით ჩატარებულ ხუთ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა.

დღევანდელ მატჩში ''ყიზილჟარის'' მაისურით 74-ე წუთზე გოგიტა გოგუა ჩაერთო თამაშში, ხოლო გიორგი ფოფხაძეს თამაშში მონაწილეობა არ მიუღია, სათადარიგო იყო. 12-გუნდიან პრემიერლიგაში ''ყიზილჟარი'' 4 ქულით მე-9 ადგილზეა.

ყაზახეთის პრემიერლიგაში ''ტობოლისა'' და ''აკჟაიკის'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. სტუმრებმა მე-12 წუთზე ანგარიში გახსნეს, ხოლო 33-ე წუთიდან რიცხვობრივ უმცირესობაში თამაშობდნენ. 70-ე წუთზე ''ტობოლმა'' ანგარიში გაათანაბრა, საგოლე კომბინაციაში ჯაბა კანკავამ მიიღო მონაწილეობა.

  

''ტობოლის'' მაისურით ჯაბა კანკავამ 90 წუთი ითამაშა, ხოლო მისი თანაგუნდელი ნიკა კვეკვესკირი ტრავმირებულია. ნიკა დაახლოებით სამ კვირაში დაბრუნდება.

6 ტურის შემდეგ ''ტობოლი'' 13 ქულით მეორე ადგილზეა და მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება ლიდერ ''ასტანას.''

ყაზახეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა ''ჟეტისუმ,'' რომლის შემადგენლობაში ქართველი მცველი ლაშა კასრაძე ირიცხება. ''ჟეტისუმ'' 2:1 დაამარცხა ''ირტიში.'' ქართველმა ფეხბურთელმა გამარჯვებულთა მაისურით 90 წუთი ითამაშა. 28 წლის კასრაძემ მიმდინარე სეზონში ექვსივე ტურში სასტარტოში შეუცვლელად იასპარეზა.

12-გუნდიან ჩემპიონატში ''ჟეტისუ'' 7 ქულით მე-7 ადგილზეა. შემდეგ ტურში 29 აპრილს ''ატირაუს'' ესტუმრება.

ყაზახეთის პრემიერლიგაში ''ორდაბასი'' შინ 1:2 დამარცხდა ლიდერ ''ასტანასთან.'' მასპინძელთა მაისურით 68-ე წუთზე ჯაბა ჯიღაური ჩაერთო თამაშში. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი 85-ე წუთზე გააფრთხილეს. 12-გუნდიან ჩემპიონატში ''ორდაბასი'' 12 ქულით მე-4 ადგილზეა. ჯიღაურის გუნდი ზედიზედ მეორე მატჩში დამარცხდა. ''ორდაბასი'' მე-5 ტურში ''აკჟაიკთან'' განადგურდა, ამჯერად კი მოქმედ ჩემპიონთან დაკარგა ქულები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები