შეთანხმება შედგა - რონალდუმ და
Aa
Aa

შეთანხმება შედგა - რონალდუმ და "რეალმა" ერთმანეთს დაუთმეს

კრიშტიანო რონალდუსა და მადრიდის "რეალს" შორის მოლაპარაკებები დასასრულისკენ მიდის. როგორც ჩანს, პოზიციები ორივე მხარემ დათმო და მალე ახალი ხელშეკრულება გაფორმდება.

ყველას კარგად მოეხსენება, თუ როგორ მიმდინარეობდა ხსენებული პროცესი. რონალდუ გუნდიდან წასვლასთან საკმაოდ ახლოს იყო და "რეალს" ეს დიდად არც აღელვებდა, რადგან მათთვის კრიშტიანოს მიერ წამოყენებული პირობები მიუღებელი იყო.

როგორც სჩვევია ხოლმე, რონალდუმ პრესის კრიტიკასა და გუნდის ხელმძღვანელობის არასათანადოდ დაფასებას პასუხი მოედანზე გასცა და ყველას დაუმტკიცა, რომ დღევანდელი "რეალი" მის გარეშე არც თუ ისე მრისხანედ გამოიყურება.

ესპანური AS-ის ინფორმაციით, "რეალი" მზადაა რონალდუს ხელფასი წლიური 21 მილიონი ევროდან 30 მილიონამდე გაზარდოს, თუმცა პორტუგალიელი ფეხბურთელის ხელშეკრულების ხანგრძლივობა იგივე დარჩება - 2021 წლამდე.

საინტერესოა, რომ თავიანთი თავდაპირველი პოზიცია ორივე მხარემ დათმო. როგორ? რონალდუს ნეიმარის და მესის ოდენობის ანაზღაურება სურდა. ბრაზილიელის წლიური ხელფასი 35 მილიონი ევროა, ხოლო არგენტინელის 45 მილიონი.

როგორც ხედავთ, კრიშტიანო ნეიმარს ბოლომდე ვერ გაუთანაბრდა, მაგრამ წამოეწია, ხოლო მესიმდე კვლავ საკმაოდ შორსაა. მას, ის არ მიუღია რაც თავდაპირველად მოითხოვა, მაგრამ ანაზღაურება მაინც მნიშვნელოვნად გაეზრდება.

თავის მხრივ, "რეალი" არ აპირებდა, რომ რონალდუსთვის მოთხოვნები დაეკმაყოფილებინა და მისთვის ხელფასი საგრძნობლად გაეზარდა, მაგრამ მათ ეს მაინც გააკეთეს და ახალი სეზონიდან გუნდის ლიდერს 9 მილიონით მეტს გადაუხდიან.

საბოლოოდ გამოჩნდა, რომ წასვლა არც რონალდუს სურდა და მის გასაშვებად მზად არც "რეალი" აღმოჩნდა.

მხარეები ხელშეკრულებას ხელს უახლოეს მომავალში მოაწერენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები