Aa
Aa

პაპუნაშვილის მორიგი გოლი - ქართველმა ''ალმერიას'' გაუტანა

ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გიორგი პაპუნაშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი გოლი შეაგდო. ლა ლიგა 2-ის 36-ე ტურში ''სარაგოსამ'' ''რომარედაზე'' 2:1 დაამარცხა ''ალმერია,'' რომელიც რანგით მეორე ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის. ამ გამარჯვებით ''სარაგოსა'' 58 ქულით მე-4 ადგილზეა და ლა ლიგაში აღზევების რეალური შანსი აქვს. ასევე 58 ქულაა ''ნუმანსიას'' ანგარიშზე.

22 წლის ქართველი ''სარაგოსას'' სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა. 56-ე წუთზე ბენიტოს საგოლე გადაცემის შემდეგ პაპუნაშვილმა ანგარიში გახსნა. 66-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა მოედანი დატოვა. 85-ე წუთზე სხვაობა ორამდე გაიზარდა. ''ალმერიამ'' საპასუხო გოლი მესამე დამატებულ წუთზე შეაგდო.

გიორგი პაპუნაშვილი მიმდინარე სეზონის დაწყებამდე შეუერთდა ''სარაგოსას.'' ლა ლიგა 2-ში სადებიუტო სეზონში 22 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი შეაგდო. ''რაიო ვალეკანოსა'' და ''ალმერიას'' გარდა ''ლორკას'' ორ სხვადასხვა შეხვედრაში  გაუტანა. ასევე აღსანიშნავია რომ პაპუნაშვილმა ზედიზედ მეორედ გაიტანა გოლი. გასულ ტურში ''რაიო ვალეკანოსთან'' გამოიჩინა თავი, ამჯერად კი - ''ალმერიასთან.'' 

ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტური რჩება. საუკეთესო ორი გუნდი ლა ლიგაში აღზევდება, ხოლო მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილზე გასული კლუბები გადათამაშებაში მიიღებენ მონაწილეობას. ამ ეტაპზე ''სარაგოსა'' ლიდერებს, ''რაიოსა'' და ''ხიხონს'' მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება, თუმცა ლიდერებს მიმდინარე ტურის შეხვედრა ჯერ არ ჩაუტარებიათ.

ლა ლიგა 2-ში ასევე ითამაშა ''ხიმნასტიკმა.'' ოთარ კაკაბაძის გუნდმა ''ნუმანსიას'' უმასპინძლა. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ''ხიმნასტიკის'' სასტარტო თერთმეტეულში მოხვდა და შეუცვლელად ითამაშა. 22-გუნდიან ჩემპიონატში ''ხიმნასტიკი'' 43 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ 4 ქულით უსწრებს. მიმდინარე ტურის გარდა თითოეული გუნდი კიდევ ექვს მატჩს ჩაატარებს.

ფოტოზე: ''ხიმნასტიკის'' მთავარი მწვრთნელი ნანო და ოთარ კაკაბაძე

ლა ლიგა 2-ში ასევე ითამაშა გიორგი აბურჯანიამ, რომელიც ''სევილია ბ''-ს ღირსებას იცავს. აბურჯანიას ჩატარებული მატჩის შესახებ იხილეთ აქ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები