სკოტი პიპენმა კავაი ლეონარდი გააკრიტიკა
Aa
Aa

სკოტი პიპენმა კავაი ლეონარდი გააკრიტიკა

წლევანდელ სეზონი „სან ანტონიოს“ ბოლოდროინდელი ისტორიის ალბათ ყველაზე რთული მონაკვეთია. გუნდმა 18 წლის შემდეგ პირველად ვერ მოახერხა რეგულარულში 50 ან მეტი გამარჯვების მოგროვება, დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილი დაიკავა და პირველ რაუნდში „გოლდენ სტეიტს“ დაუპირისპირდა. სერია ჯერჯერობით არ დასრულებულა, თუმცა დიდი ალბათობით „სპურსი“ ფლეი-ოფს საწყის ეტაპზევე დაემშვიდობება.

წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი კავაი ლეონარდის არყოფნაა. მიუხედავად იმისა, რომ „სპურსის“ ექიმებმა კავაის თამაშის უფლება მისცეს, იგი დიდი ხანია, არათუ პარკეტზე, არამედ სათადარიგო სკამზეც არ გამოჩენილა, უკანასკნელი ინფორმაციით კი გუნდსაც აღარ ეკონტაქტება.

აღნიშნულ საკითხს „ჩიკაგო ბულსის“ ლეგენდა, სკოტი პიპენი გამოეხმაურა და “ESPN“-თან საუბრისას განაცხადა:“კავაი ამტკიცებს, რომ მას გუნდთან ერთად ყოფნა არ სურს. მისი თანაგუნდელები კი იმედგაცრუებულები არიან, რადგან ძალიან რთულია როდესაც გუნდის ლიდერი თამაშზე უარს ამბობს. ალბათ სწორედ ამიტომ არ უნდათ მათ სათადარიგო სკამზე ლეონარდის ხილვა. მე პირადად არანაირი სურვილი არ მაქვს სათადარიგო სკამზე იმ კალათბურთელს ვუყურო, რომელსაც თამაში შეუძლია, მაგრამ რიგ მიზეზთა გამო პარკეტზე არ გამოდის. სიმართლე გითხრათ არასდროს მინახავს სუპერვარსკლავი, რომელიც უარს საკუთარი გუნდის გაძღოლაზე ამბობს. როგორც ჩანს კავაის კალათბურთი აღარ უყვარს“.

შეგახსენებთ, რომ ლეონარდის შესახებ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ჭორების მიხედვით „კლიპერსი“, „ლეიკერსი“, „ბოსტონი“ და „მილოუკი“ ზაფხულში კავაის გადმობირებას შეეცდებიან. მეორეს მხრივ კი „სპურსი“ ლეონარდის გაცვლას არ გეგმავს და იმედი აქვს, რომ პრობლემები მალე მოგვარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები