7 თვის შემდეგ - ნოიერმა გუნდთან ერთად ივარჯიშა!
Aa
Aa

7 თვის შემდეგ - ნოიერმა გუნდთან ერთად ივარჯიშა!

მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების გოლკიპერმა მანუელ ნოიერმა 7 თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ ძირითად გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა.

წინა თვეში, როდესაც ნოიერს ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშის უფლება მისცეს, გერმანიის ნაკრების თავკაცმა იოაჰიმ ლიოვმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: "იგეგმება, რომ ნოიერი სეზონის ბოლომდე „ბაიერნის“ რიგებში რამდენიმე მატჩს ჩაატარებს.  

საწყის ეტაპზე ის ბოლომდე არ დაიხარჯება, რადგან ჩვენ მისი სრულ მზადყოფნაში ხილვა გვსურს. თავდაპირველად ვარჯიშებზე ნოიერი 90%-ით დაიხარჯება, შემდეგ კი ყველაფერს 100%-ით შეასრულებს. ზედმეტად გარისკვა არ ღირს.

ვარჯიშების დროს მანუელს დიდ ყურადღებას დავუთმობთ და შევეცდებით, რომ ზედმეტად არ დავტვირთოთ. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ ის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს“.

როგორც ჩანს, ლიოვის გეგმა ნელ-ნელა სისრულეში მოდის და გერმანელი მეკარე მალე მოედანს დაუბრუნდება.

"ბაიერნის" ქომაგებს ამ ეტაპზე ერთი რამ აინტერესებთ - ითამაშებს, თუ არა ის ჩემპიონთა ლიგაზე? საეჭვოა, რომ ამდენი ხნის უქმობის შემდეგ ნოიერმა მადრიდის "რეალთან" რომელიმე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღოს, თუმცა თუ "რეკორდმაისტერი" ფინალის საგზურს მოიპოვებს, სავსებით შესაძლებელია, რომ "მანუ" კიევში ვიხილოთ.

რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, ამჯერად 99%-ით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნოიერი გერმანიის ნაკრებთან ერთად რუსეთში გაემგზავრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები