ფერგიუსონი, მოურინიო, გუარდიოლა, კლოპი, ანრი და სხვები - ვენგერის წასვლას გამოეხმაურნენ
Aa
Aa

ფერგიუსონი, მოურინიო, გუარდიოლა, კლოპი, ანრი და სხვები - ვენგერის წასვლას გამოეხმაურნენ

ლონდონის "არსენალის" 68 წლის ფრანგმა სპეციალისტმა არსენ ვენგერმა დღეს ზოგისთვის მოულოდნელი, ხოლო ბევრისთვის მოსალოდნელი განცხადება გააკეთა და დაადასტურა, რომ ის სეზონის ბოლოს თანამდებობას დატოვებს.

ვენგერის 22 წლიანი კარიერა ბევრმა ადამიანმა შეაფასა, მათ შორის მწვრთნელებმაც და ფეხბურთელებმაც.

პეპ გუარდიოლა: "ვენგერმა "არსენალში" ბრწყინვალედ იმუშავა, მან პრემიერლიგასაც ბევრი რამ შესძინა. ინგლისის ჩემპიონატი, რომ დღეს ასეთია, ამაში მისი წვლილი სოლიდურია. არსენს, თავის მომავალ კარიერაში წარმატებებს ვუსურვებ".

ტიერი ანრი: სამწუხაროა... "არსენალი" დიდებულმა ადამიანმა დატოვა. იმედი მაქვს, რომ მომდევნო შეხვედრაში "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ გულშემატკივარი ტრიბუნებს გაავსებს და ვენგერს პატივს სცემს.

ბოლო პერიოდში "არსენალს" რთული დროება ედგა. ვენგერი ღირსეულად წასვლას იმსახურებს".

ჟოზე მოურინიო: "თუ, ვენგერი ბედნიერია, მაშინ მეც ბედნიერი ვარ. თუ, ის განიცდის, მეც განვიცდი. ჩემს ოპონენტებს ყოველთვის საუკეთესოს ვუსურვებ.

თუ, ის საკუთარი გადაწყვეტილებით კმაყოფილია, თავს ბედნიერად გრძნობს და კარიერაში ახალი გამოწვევისთვის მზად არის, მე მას მხოლოდ მივესალმები.

დარწმუნებული ვარ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვენგერის მიმართ უდიდეს პატივისცემას გამოხატავს. მითუმეტეს, რომ სერ ალექს ფერგიუსონის დროს ისინი პრინციპული მეტოქეები იყვნენ.

ვწუხვარ, თუ არა ვენგერთან კონფლიქტების გამო? საკითხი ასე საერთოდ არ დგას. ამ ყველაფერს ის ადამიანები ვერ გაიგებენ, რომლებსაც ფეხბურთი არასდროს უთამაშია, ან მწვრთნელად არასდროს უმუშავია.

თქვენ არაფერი იცით ჩემი და ვენგერის ურთიერთპატივისცემაზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გვერდიდან არ ჩანდა.
მოედანზე მოთამაშეები ერთმანეთს ეუხეშებიან, ყვითელ და წითელ ბარათებს იღებენ, თუმცა მატჩის დასრულების შემდეგ ეს ყველაფერი ქრება. ანალოგიურად ხდება მწვრთნელების შემთხვევაშიც.

ეს ყველაფერი არის ძალაუფლება ძალაუფლების წინააღმდეგ, ამბიცია ამბიციის წინააღმდეგ, ოსტატობა ოსტატობის წინააღმდეგ, თუმცა საბოლოოდ ყველანი ფეხბურთს ვემსახურებით, სადაც პატივისცემის გარეშე არაფერი ხდება.
ვემგერის გადაწყვეტილების გამო მოხარული ვარ და არამგონია, რომ ის ფეხბურთიდან წავიდეს".

უნაი ემერი: "შეუძლებელია "არსენალზე", პრმეიერლიგაზე და მწვრთნელებზე საუბარი არსენ ვენგერის ხსენების გარეშე, ეს ეჭვგარეშეა. მადლობა არსენ!"

იურგენ კლოპი: "ვენგერის შესახებ ახალი ამბის გაგების შემდეგ გაკვირვებული დავრჩი, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა და მას პატივი უნდა ვცეთ.

ვენგერს დიდებული კარიერა ჰქონდა. მან, ფეხბურთს ბევრი რამ შესძინა.

22 წელი ეს დიდი დროა. ბოლო წლებში ნაჩვენები შედეგებით, შესაძლოა ყველა კმაყოფილი ვერ იყო, თუმცა "არსენალი" ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული 2000-იანი წლების დასაწყისის ჩათვლით ევროპაში დომინირებდა.
ის, უდაოდ მისაბაძი მაგალითია. არ ვიცი სად იმუშავებს ის, თუმცა მე მას წარმატებას ვუსურვებ".

გარი ნევილი: "პირდაპირ გეტყვით, რომ არსენ ვენგერის გუნდი ყველაზე ძლიერი იყო ვის წინააღმდეგაც ოდესმე ინგლისში მითამაშია.

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო 1998 წლის "არსენალი", რომელსაც ბრწყინვალე შემადგენლობა ჰყავდა.

ვენგერი კომპლიმენტებს იმსახურებს იმის გამო, რასაც ის ჩვენ გვაიძულებდა - "მეთოფეების" წინააღმდეგ ასპარეზობისას სათამაშო სტილს მუდამ ვცვლიდით".

სერ ალექს ფერგიუსონი: "მას დიდი ნიჭი და ტალანტი აქვს. ვენგერის უდიდესი პროფესიონალიზმისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარს დიდ პატივს ვცემ.

ის ამ საქმეს 22 წელი აკეთებდა და ეს ყველაფერი უყვარდა. ჩვენს ეპოქაში მწვრთნელების უმრავლესობა პოსტს 2-3 სეზონით ინარჩუნებს და რაც ვენგერმა შეძლო ნამდვილად დასაფასებელია.

კარგია, რომ წასვლის შესახებ მან ახლა განაცხადა, რადგან მას ისეთი გაცილება ექნება, როგორსაც ნამდვილად იმსახურებს.
უდაოა, რომ პრემიერლიგის ისტორიაში ვენგერი ერთ-ერთი უდიდესი მწვრთნელია. ამაყი ვარ, რომ ასეთი დიდებული ადამიანის მეტოქე, კოლეგა და მეგობარი გახლავართ".

იუპ ჰაინკესი: "პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ვენგერის კარიერა აღფრთოვანებას იმსახურებს, რადგან მისი გუნდები ყოველთვის შემტევ, სანახაობრივ და დომინანტურ ფეხბურთს თამაშობდნენ. არსენი უდაოდ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.

ვფიქრობ, რომ ვენგერი წარმატებას სხვა გუნდშიც მიაღწევს, თუმცა "არსენალის" მის გარეშე ნახვა ძალიან რთული იქნება.
ყველა მწვრთნელს აქვს კარიერაში მომენტი, როდესაც უნდა თქვას, რომ - მორჩა, საკმარისია. ვენგერმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები