უმცროსი ბორჯღალოსნების მეორე მარცხი სამხრეთ აფრიკასთან - ამჯერად ვიგებდით თუმცა...
Aa
Aa

უმცროსი ბორჯღალოსნების მეორე მარცხი სამხრეთ აფრიკასთან - ამჯერად ვიგებდით თუმცა...

სამხრეთ აფრიკაში ტურნეზე მყოფი უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებს 50-ე წუთისთვის 23:17 ამარცხებდა, თუმცა მასპინძლებმა დარჩენილ დროში 5 ლელო გაიტანეს და 48:23 იმარჯვეს.

ისე მოხდა, რომ ჩვენი გუნდის ყველა ქულა საკუთარ ანგარიშზე მგეზავმა თედო აბჟანდაძემ ჩაიწერა. მან მასპინძლებს ორი ლელო გაუტანა, ორივე გარდასახა და მონაგარს კიდევ 3 ჯარიმა შემატა. 

ეს იყო სერიის მეორე მატჩი. ერთი კვირის წინ ‘ჯუნიორ ბოკემ’ 55:14 იმარჯვა და ჩვენი სამწვრთნელო შტაბის მიზანი იყო, რომ მეორე რკენამდე გუნდს უკეთესი შედეგი ეჩვენებინა. რეალურად ასეც მოხდა - იგივე მტოქესთან ავიღეთ 9-ით მეტი ქულა და ჩამორჩენა 44-იდან 25 ქულამდე შემცირდა.

ანგარიში ჯარიმით თედო აბჟანდაძემ გახსნა, სამხრეთ აფრიკამ მალევე გვიპასუხა, თანაც საჯარიმო ლელოთი და ბექა საღინაძეც სინბინით დაისაჯა. მასპინძლებმა მეტობა უმალ გამოიყენეს და მეორე ლელო გაიტანეს. 32-ე წუთზე სტუმართა კარგი შეტევის შემდეგ თედო აბჟანდაძემ ხაზი გაჭრა და თავისივე ლელო გარდასახა, თუმცა ‘ჯუნიორ ბოკემ’ სამიოდე წუთში ლელოთი გვიპასუხა - 17:10.

პირველი ტაიმის ბოლოს და მეორეს დასაწყისში აბჟანდაძემ ორი ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, ხოლო 50-ე წუთზე გუნდისა და თავისი მეორე ლელო გაიტანა, გარდასახვა კვლავ უნაკლოდ შეასრულა და საქართველო უძლიერეს მეტოქესთან 23:17 დააწინაურა.

მაგრამ აფრიკელები ამას არ შეეგუენ, დარჩენილ დროში 31 უპასუხო ქულა აიღეს და საბოლოოდ 48:23 იმარჯვეს.

შინ დაბრუნების შემდეგ უმცროსი ბორჯღალოსნები ცოტას დაისვენებენ და დასკვნით შეკრებაზე შევლენ, რომლის ფარგლებში 19 მაისს ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრებს შეხვდებიან, ხოლო 23 მაისს საფრანგეთში გაემგზავრებიან, სადაც 30 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში ზედიზედ მესამედ ითამაშებენ.

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშეს

სასტარტო: 15. ბექა მამუკაშვილი, 14. დემურ თაფლაძე, 13. სანდრო სვანიძე, 12. გიორგი წიკლაური, 11. ზურაბ ქავთარაძე, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ლუკა დვალიშვილი; 1. გურამ გოგიჩაშვილი, 2. ლევან პაპიძე, 3. ლუკა ჯაფარიძე, 4. ბექა საღინაძე (კაპ.), 5. ლაშა ჯაიანი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. თორნიკე ჯალაღონია, 8. არსენ მაჩალაძე.

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე, 17. გიორგი ნუცუბიძე, 18. ლუკა აზარიაშვილი, 19. არჩილ აბესაძე, 20. თენგიზ გიგოლაშვილი, 21. მიხეილ ალანია, 22. ლაშა ლომიძე, 23. ოთარ ძაგნიძე.

2 ლელო: აბჟანდაძე

2 გარდასახვა: აბჟანდაძე

3 ჯარიმა: აბჟანდაძე

გამოყენებულია rugby.ge-ს მასალები.

ცხელი ამბები