ნეიმარი და ''რეალი'' - ''სამეფო კლუბი'' ბრაზილიელის შეძენას გეგმავს
Aa
Aa

ნეიმარი და ''რეალი'' - ''სამეფო კლუბი'' ბრაზილიელის შეძენას გეგმავს

ფრანგული პსჟ შესაძლოა ბრაზილიელმა ვარსკვლავმა ნეიმარმა დატოვოს. ესპანური მედია აქტიურად წერს მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელის შესახებ, რომელიც ფრანგულ გუნდს 2017 წელს შეუერთდა.

Marca-ს ცნობით ნეიმარის ლა ლიგაში დაბრუნების შანსი რეალურია. “ბარსელონას’’ ყოფილი შემტევის შეძენა “სამეფო კლუბს’’ სურს.

თებერვალში “მარსელთან’’ მიღებული ტრავმის შემდეგ 26 წლის ფეხბურთელი მოედანს არ დაბრუნებია, თუმცა შესაძლოა ბრაზილიელთა სამუნდიალო განაცხადში მოხვდეს და რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილეობა მიიღოს.

პსჟ-ს მთავარი მწვრთნელის უნაი ემერის განცხადებით ნეიმარის დაბრუნების თარიღი უცნობია. ესპანელმა მწვრთნელმა “კაენთან’’ მოგებული შეხვედრის შემდეგ ბრაზილიელის შესახებ ისაუბრა.

“ნეიმარის დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია. როდის დაბრუნდება? არვიცი, არვიცი. გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებს მაშინ, როცა თავს კარგად იგრძნობს.’’

შესაძლოა ნეიმარმა რონალდოს გზა გაიაროს და ''ბარსელონას'' ყველაზე პრინციპულ მეტოქესთან, მადრიდის ''რეალთან'' გააფორმოს კონტრაქტი. ბრაზილიელი ფენომენი 1996-97 წლებში იცავდა კატალონიური გუნდის ღირსებას, შემდეგ მილანის ''ინტერში'' გადავიდა და 2002 წელს მადრიდის ''რეალის'' ფორმა  მოირგო. 

როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარი ტრავმირებულია და აღდგენით პროცესს ბრაზილიაში გადის. "პსჟ"-ს ათიანმა  ერთ-ერთ ბრაზილიურ გამოცემას ინტერვიუ მისცა და მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა.

"მუნდიალზე არაერთი უმაღლესი დონის ნაკრები ითამაშებს, თუმცა იმედი მაქვს, რომ ტურნირზე პირველ რიგში ის ფეხბურთელები გაიბრწყინებენ რომლებიც ჩემი თანაგუნდელები არიან. კოუტინიო და ჟეზუში ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან და მათი დიდი იმედი მაქვს. რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, სალაჰი არ თამაშობს ისეთ გუნდში, რომელსაც ჩემპიონატის მოგება შეუძლია, მაგრამ ვთვლი, რომ ის თავის სიტყვას იტყვის. ასევე, გამოვარჩევ დე ბრუინს, აზარსა და სუარესს, რომლებიც რუსეთში წარმატებით იასპარეზებენ. მათ წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ არა ბრაზილიის ნაკრების წინააღმდეგ".

''სანტოსის'' აღზრდილი ნეიმარი 2013 წელს ''ბარსელონაში'' გადავიდა, 2017 წელს კი 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ უმდიდრეს ფრანგულ კლუბ პსჟ-სთან გააფორმა კონტრაქტი. მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა ფეხბურთელმა ლიგა 1-ის 20 მატჩში 19 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები