„კრისტალ პალასს“ ახალი სტადიონი ექნება
Aa
Aa

„კრისტალ პალასს“ ახალი სტადიონი ექნება

პრემიერ ლიგის კლუბ „კრისტალ პალასს“, ქალაქ კროიდონის საბჭომ სტადიონის რეკონსტრუქციის ნება დართო. „სელჰურსტ პარკის“ განახლებაში 100 მილიონი ფუნტი დაიხარჯება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სტადიონი 26 000-ის ნაცვლად  34 000 მაყურებელს დაიტევს.

„კრისტალ პალასის“ ხელმძღვანელობა, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ და მხოლოდ პრემიერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე ფიქრობენ, სამუშაოების დაწყებას 2018/19 წლებში აპირებენ. გავრცელებული ცნობით „კრისტალ პალასი“ ახალ მოედანზე 2021 წლის სეზონის დასაწყისიდან ითამაშებს.

ამ ეტაპზე მშენებლობის უფლების საბოლოოდ გასაცემად ქალაქ კროიდონის საბჭო შესაბამის სააპლიკაციო ფორმას ლონდონის მერ, სადიქ ხანს გაუგზავნის, რის შემდეგაც ლონდონის მერმა მშენებლობის უფლების გაცემას ხელი უნდა მოაწეროს. სტადიონის განახლების ფარგლებში, „კრისტალ პალასის“ ხელმძღვანელობა ვალდებული იქნება, რომ ქომაგებისთვის ადგილობრივი ტრანსპორტი განავითაროს და სტადიონის მიმდებარედ არსებული 6 სახლის მფლობელებისთვის ალტერნატიული ფართი შეიძინოს, რადგან ეს სახლები მშენებლობის პროცესში დაინგრევა.

სიახლეზე კომენტარი კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ პერიშმა გააკეთა - „ძალიან გახარებული ვარ, რომ კროიდონის საბჭომ სტადიონის განახლების გეგმაში მხარი დაგვიჭირა. პროექტის ფარგლებში არა მარტო სტადიონი გარდაიქმნება, რომელიც 1924 წლიდან ჩვენი სახლია, არამედ პოზიტიურ შედეგს გამოიღებს ლონდონის სამხრეთ ნაწილში მცხოვრები მოსახლეობისთვის. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის.“

„კრისტალ პალასის“ ახალი სტადიონის წინა მხარე შუშის იქნება. სამშენებლო სამუშაოები კი 3 წელიწადში დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები