Aa
Aa

NBA-ს ფლეი-ოფების პირველი რაუნდის მიმოხილვა

მაიამი - ფილადელფია 108 - 128

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში ფლეი-ოფის პირველი რაუნდის სამი შეხვედრა გაიმართა. ტური თბილისის დროით 03:000-ზე მაიამიში „ჰიტისა“ და „სიქსერსის“ დაპირისპირებით გაიხსნა.

„ფილამ“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და სერიაში 2-1 დაწინაურდა. „სიქსერსს“ ჯოელ ემბიდი დაუბრუნდა და გუნდს 23 ქულა შესძინა. „ფილადელფიამ“ გადამწყვეტი უპირატესობა ბოლო მეოთხედში მოიპოვა და აღნიშნული მონაკვეთი 32-14 მოიგო.

ემბიდის გარდა მარკო ბელინელი გამოირჩა, რომელმაც სათადარიგო სკამიდან გუნდს 21 ქულა შესძინა. ბენ სიმონსმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 19 ქულა, 12 მოხსნა. 21 ქულას თავი დარიო სარიჩმა მოუყარა, ხოლო ჯეი ჯეი რედიკმა შეხვედრა 10 ქულით დაასრულა.

„მაიმის“ გორან დრაგიჩმა 23 ქულით და 8 გადაცემით ულიდერა. ჰასან ვაითსაიდს სათამაშო დრო კვლავ არ მიეცა და პარკეტზე მხოლოდ 13 წუთი დაჰყო - 5 ქულა, 2 მოხსნა. სათადარიგო სკამიდან ფლორიდელებს 19 ქულა ჯასტის უინსლოუმ შესძინა, ხოლო ჯოშ რიჩარდსონმა მატჩი 14 ქულით დაასრულა.

„ფილა“ სერიაში 2-1-ს იგებს და შემდეგ შეხვედრას 21 აპრილს გამართავს.

 

ნიუ ორლეანი - პორტლენდი 119 – 102

ენტონი დევისის „ნიუ ორლეანმა“ „პორტლენდი“ ზედიზედ მესამედ დაამარცხა და მეორე რაუნდში გასვლისთვის უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

„პელიკანსმა“ უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა და აღნიშნული პერიოდი 16 ქულიანი სხვაობით მოიგო. საბოლოოდ „ნიუ ორლეანმა“ მხოლოდ ბოლო მეოთხედი დათმო ისიც 4 ქულით და საკმაოდ იოლი გამარჯვება მოიპოვა.

ტრადიციულად „პელიკანსის“ რიგებში ენტონი დევისი გამოირჩა 28 ქულითა და 11 მოხსნით. თუმცა მატჩის საუკეთსო მოთამაშე ნამდვილად ნიკოლა მიროტიჩი იყო, რომელომაც გუნდს 30 ქულა შესძინა და 15-დან მხოლოდ 3 სროლა გააცუდა. 16-16 ქულა აქტივში რონდო-ჰოლიდეის დუეტმა ჩაიწერა, ხოლო სათადარიგო სკამიდან მილერმა გუნდს 8 ქულა შესძინა.

„პორტლენდს“ ლიდერს - დემიან ლილარდს კვლავ სერიოზული პრობლემები აქვს, რონდომ 27 წლის უკანახაზელი მთლიანად გამოთიშა თამაშს და უკანასკნელ მატჩში თავი მხოლოდ 20 ქულას მოუყარა. 27 წლის უკანახაზელმა 9-დან 3 სამქულიანი ჩააგდო და ბურთი 8-ჯერ! დაკარგა. „ტრეილ ბლეიზერსს’ სი ჯეი მაკალუმმა 22 ქულით ულიდერა, 21 ქულა ალ ფარუქ ამინუმ მიითვალა. აღნიშნული ტრიოს გარდა სხვა არცერთ კალათბურთელს 10 ქულიანი ნიშნული არ გადაულახავს.

„ნიუ ორლეანი“ სერიაში 3-0-ს იგებს და შემდეგ შეხვედრას 22 აპრილს გამართავს.

 

სან ანტონიო - გოლდენ სტეიტი 97 – 110

დღევანდელი საფლეიოფო ტურის ბოლო მატჩი ტეხასში გაიმართა, სადაც გრეგ პოპოვიჩის გარეშე დარჩენილმა „სან ანტონიომ“ „გოლდენ სტეიტთან“ უშანსოდ ზედიზედ მესამედ წააგო.

„მეომრებმა“ ყველა მეოთხედში იმარჯვეს და საბოლოოდ „სან ანტონიო“ კომფორტული 13 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს.

„სპურსს“ ლამარკუს ოლდრიჯმა 18 ქულითა და 10 მოხსნით ულიდერა, სათადარიგო სკამიდან ტონი პარკერმა გუნდს 16 ქულა შესძინა, ხოლო პეტი მილსმა თავი 14 ქულას მოუყარა.

„გოლდენ სტეიტის“ რიგებში კევინ დურანტი 26 ქულითა და 9 მოხსნით გამოირჩა, 19 ქულა გუნდს კლეი ტომპსონმა შესძინა, ხოლო სათადარიგო სკამიდან შემოსულმა შონ ლივინგსტონმა მატჩი 16 ქულით დაასრულა.

„გოლდენ სტეიტი“ სერიაში 3-0 დაწინაურდა და შემდეგ შეხვედრას ისევ სტუმრად 22 აპრილს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები