როგორი იქნება „ტოტენჰემის“ ახალი სტადიონი?
Aa
Aa

როგორი იქნება „ტოტენჰემის“ ახალი სტადიონი?

„ტოტენჰემის“ ახალი სტადიონის გახსნამდე 4 თვე რჩება, რის შემდეგაც ლონდონს „დეზების“ ახალი სახლი გაანათებს. Twitter-ზე კლუბის ოფიციალურმა არხმა სტადიონის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელსაც სოციალურ ქსელში „ტოტენჰემის“ ფანებისგან დიდი ოვაციები მოჰყვა.

ამ ეტაპზე სტადიონის შიდა სამუშაოები მიმდინარეობს. კერძოდ კი მშენებლები სახურავს ამონტაჟებენ. გარდა ამისა მიმდინარეობს სხვა კოსმეტიკური სახის სამუშაოებიც.

გავრცელებული ცნობით, სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს, რათა სტადიონი წინასწარ დათქმულ ვადებში გაიხსნას.

 

კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, დენიელ ლევაის თქმით, სტადიონის სახელი უკვე შერჩეულია და მას - „ტოტენჰემ ჰოთსფურის სტადიონი“ იქამდე ერქმევა, სანამ „დეზების“ ხელმძღვანელობა შესაფერის სპონსორს მოიზიდავს.

როგორც ცნობილია „სპურსის“ ახალი სტადიონი 62,000 მაყურებელს დაიტევს. სტადიონის გარშემო ლედ ნათურები დამონტაჟდება, რომლებიც საღამოს მატჩებზე ჩაირთვება და ლონდონს არაჩვეულებრივ ვიზუალს შესთავაზებს.

გულშემატკივრებს „ტოტენჰემის“ ახალი სტადიონის აბონიმენტის ყიდვა არც ისე იაფად მოუწევთ. სეზონური აბონიმენტის ფასი 795 ფუნტიდან იწყება და 1 995 ფუნტს აღწევს, რაც პრემიერ ლიგაში ყველაზე ძვირია.

მოედანი NFL-ის მატჩებისთვისაც იქნება გათვლილი, რადგან „დეზებმა“ 10 წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის თანახმადაც NFL-ის გარკვეული მატჩები „სპურსის“ სტადიონზე გაიმართება. პირველი შეხვედრა 14 ოქტომბერსაა დაგეგმილი, სადაც ერთმანეთს სიეტლისა და ოკლენდის გუნდები დაუპირისპირდებიან.

„ტოტენჰემის“ აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, 2018/19 წლის სეზონის დაწყების შემდეგ, „დეზებს“ პირველი რამდენიმე მატჩის გამართვა შესაძლოა ისევ „უემბლიზე“ მოუწიოთ.

მასშტაბური პროექტის ფასი 850 მილიონი ფუნტია და მშენებლობაზე 2 100 ადამიანია დასაქმებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები