რაფაელი:
Aa
Aa

რაფაელი: "გუნდიდან 1 წუთში გამიშვა" - რატომ არ სწყალობდა ვან გაალი ბრაზილიელებს?

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა და ამჟამად „ლიონის“ ფეხბურთელმა ბრაზილიელმა რაფაელ და სილვამ ESPN-თან საუბრისას „წითელ ეშმაკებში“ გატარებული დრო გაიხსენა და ლუი ვან გაალის შესახებ საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა.

ბრაზილიელი ფეხბურთელის თქმით, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა მისი „მანჩესტერული“ კარიერა ერთ წუთში დაასრულა.

„როდესაც ცნობილი გახდა, რომ ლუი ვან გაალი „მანჩესტერის“ მთავარი მწვრთნელი ხდებოდა, დაახლოებით 5-6 ადამიანი შემეხმიანა, მათ შორის ფეხბურთელებიც და გამაფრთხილეს, რომ მას ბრაზილიელი ფეხბურთელები არ უყვარდა.

მათ ამიხსნეს, თუ რა დაემართა რივალდოს „ბარსელონაში“, როდესაც მას ვან გაალი წვრთნიდა, მაგრამ ამის დაჯერება არ მსურდა.

„იუნაიტედში“ თავისი პირველი სეზონის დასაწყისში მან კაბინეტში დამიბარა. ჩვენი შეხვედრა სულ ერთ წუთს გაგრძელდა. ვან გაალმა მითხრა - „თქვენ შეგიძლიათ წახვიდეთ“.

ვან გაალის პირველ სეზონში რაფაელმა მხოლოდ 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გუნდში ჰოლანდიელის მისვლის წინა წელს, ბრაზილიელმა განაპირა მცველმა „იუნაიტედის“ რიგებში 28-ჯერ ითამაშა.

„წასვლისთვის დრო დამჭირდა. გუნდიდან აბარგება ჩემთვის მტკივნეული პროცესი იყო და ძალიან მოწყენილი ვიყავი, რადგან „მანჩესტერში“ ყველაფერი მიყვარდა.

ვან გაალმა საუბრის დასრულების შემდეგ ტექსტური შეტყობინება გამომიგზავნა, სადაც ეწერა - „ხომ იცი ფეხბურთი ასეთია... მადლობა“. ეს ყველაფერი მოულოდნელი იყო ჩემთვის. თავი მაქსიმალურად ზრდილობიანად მეჭირა, თუმცა ძალიან გაბრაზებული ვიყავი.

ვან გაალი კარგი მწვრთნელია, მაგრამ მისი ხასიათი არ მომწონს. მას ერთი ჩვევა ახასიათებდა. გუნდი როდესაც ჭამას დაასრულებდა, ის მოდიოდა და გვესაუბრებოდა.

ერთხელ, თავის ტრავმა მქონდა და „იოვილთან“ შეხვედრის წინ მას ხელით ვიმოწმებდი. რამდენიმე წამის შემდეგ ჩემთან ვან გაალი მოვიდა და მითხრა - „პატივს რატომ არ მცემ“? მას ვუპასუხე, რომ პატივს ყოველთვის ვცემდი და მისთვის შეურაცხყოფა არასდროს მიმიყენებია. გაწონასწორებული ადამიანი ვარ, მაგრამ იმ მომენტში ავღელდი. ცუდი ნამდვილად არაფერი გამიკეთებია.

ამის შემდეგ ჩემთან ანტონიო ვალენსია მოვიდა და მითხრა - „დღეიდან შენ ვეღარ ითამაშებ“. ვან გაალის მუშაობის პერიოდში „მანჩესტერში“ ფეხბურთელები ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. ვალენსია მართალი აღმოჩნდა, ამ მატჩის შემდეგ თამაშის საშუალება აღარ მომეცა.

„მანჩესტერი“ ძალიან მიყვარდა და გუნდის დატოვებისას სასოწარკვეთილი ვიყავი. იქ ყველაფერი მიყვარდა, მაგრამ „ერთი კაცის“ გაძლება აღარ შემეძლო“.

შეგახენებთ, რომ რაფაელ და სილვა „წითელ ეშმაკებში“ 2008-2015 წლებში თამაშობდა. ის სერ ალექს ფერგიუსონის აღმოჩენა იყო. ბრაზილიელმა „მანკუნიანელთა“ რიგებში 170 შეხვედრა ჩაატარა. მის ანგარიშზე 5 გოლი და 15 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები