Aa
Aa

"ვიტესის" ისტორიაში პირველად! - კაშია "ღირსების კედელზე" ოქროს ასოებით

გურამ კაშია ჰოლანდიის ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების მიხედვით, არნემის „ვიტესის“ ყველა დროის რეკორდსმენია.

ერედივიზიეს 32-ე ტურში „ვიტესი“ სტუმრად „ალკმაარს“ დაუპირისპირდა და 3:4 დამარცხდა, კაშია კი არნემელებს 90 წუთის განმავლობაში კაპიტნობდა.

ქართველმა მცველმა გუშინ „ვიტესის“ მაისურით, ერედივიზიეს ეგიდით 243-ე შეხვედრა გამართა, რითაც ტეო იანსენის რეკორდი დაამხო და არნემული გუნდის ისტორიაში ამ კუთხითაც შევიდა.

ქართველ მცველს ეს მიღწევა გასახდელშივე მიულოცეს და კლუბის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა გამოაცხადა, რომ "ვიტესის" "ღირსების კედელზე" კაშიას გვარი სხვებზე დიდი ასოებით დაიწერება.

"ვიტესის" წარმომადგენელი: "243 თამაში! ტეო იანსენზე ერთით მეტი, ფეხბურთელზე, რომელიც ვიტესის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია.

ჩემი აზრით უკანასკნელი 8 წლის მანძილზე როგორც კაპიტანმა და პიროვნებამ, შესანიშნავი სამუშაო შეასრულე, შენ მნიშვნელოვანი ფიგურა ხარ, როგორც გულშემატკივრებისთვის, ასევე სპონსორებისა და ფეხბურთელებისთვის. ზუსტად ამიტომ, ჩვენს „ღირსების კედელზე“, ისტორიაში პირველად, შენს სახელს სხვებზე დიდი ასოებით დავწერთ".

გურამ კაშია: "ბიჭებო, მინდა ყველაფრისთვის მადლობა გადაგიხადოთ. აღნიშნული 8 წელი საკმაოდ გრძელი გამოდგა. თავს მშვენივრად ვგრძნობ, რაც აქაური პერსონალისა და თანაგუნდელების დამსახურებაა. ეს მიღწევა ნამდვილად საამაყოა და რომ არა თქვენ, ამ ყველაფერს მარტო ვერ მოვახერხებდი! მადლობა!

ჩემთვის ეს განსაკუთრებული მიღწევაა და საკუთარი თავით ვამაყობ. ზოგჯერ კარგად ვთამაშობდი, ცუდი შეხვედრებიც მქონია, მაგრამ გულახდილად შემიძლია გითხრათ, რომ თითოეულ მატჩში ბოლომდე ვიხარჯები და გამარჯვებისთვის ყველაფერს ვაკეთებ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები