Aa
Aa

NBA-ს ფლეი-ოფების პირველი რაუნდის მიმოხილვა

კლივლენდი - ინდიანა 100 – 97

გამთენიისას საკალათბურთო ასოციაციაში საფლეიოფო ტური კლივლენდში გაიხსნა, სადაც „კავალიერსმა“ „პეისერსს“ უმასპინძლა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

„კლივლენდმა“ უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვა და პირველი მეოთხედი 15 ქულიანი სხვაობით მოიგო. „კავსმა“ დანარჩენი ყველა მეოთხედი წააგო, თუმცა შეხვედრის სასურველი შედეგით დასრულება მაინც მოახერხა.

ლებრონმა „კავსის“ რიგებში ფლეიოფის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. „მეფემ“ თავი 46! ქულასთან ერთად 12 მოხსნას და 5 გადაცემას მოუყარა. ჯეიმსის გარდა 10 ქულიანი ნიშნული მხოლოდ კევინ ლავმა - 15 და კაილ კორვერმა - 12 გადალახა.

„ინდიანას“ მხრიდან ვიქტორ ოლადიპო 22 ქულით გამოირჩა, მაილს ტერნერმა გუნდს 18 ქულა შესძინა, ხოლო სათადარიგო სკამიდან ლენს სტივენსონმა თავი 10 ქულას მოუყარა.

“კლივლენდმა“ სერიაში ანგარიში გაათნაბრა და შემდეგ შეხვედრას 21 აპრილს ინდიანაპოლისში გამართავს.

 

ოკლაჰომა - იუტა 95 – 102

თბილისის დროით 04:00 საათზე სტარტი „ოკლაჰომასა“ და „იუტას“ დაპირისპირებამ აიღო. „ჯაზმენებმა“ სასურველ შედეგს მიაღწიეს და სერიაში ანგარიში გაათანაბრეს.

„იუტამ“ პირველი ნახევარი 7 ქულით მოიგო, თუმცა მესამე მეოთხედის 12 ქულიანი სხვაობით წაგების შემდეგ „იუტამ“ ბოლო პერიოდი 28-16 მოიგო და 7 ქულიანი გამარჯვება მოიპოვა.

„ჯაზმენების“ მხრიდან დონოვან მიჩელი 28 ქულით გამოირჩა, რიკი რუბიომ გუნდს 22 ქულა შესძინა, ხოლო დერიკ ფეივორსმა აქტივში 20 ქულა და 16 მოხსნა ჩაიწერა.

„თანდერს“ რასელ ვესტბრუკმა 19 ქულით ულიდერა. პოლ ჯორჯმა ორმაგი დუბლი მიითვალა - 18 ქულა, 10 მოხსნა. კარმელო ენტონიმ კი შეხვედრა 17 ქულით დაასრულა.

სერიაში ანგარიში თანაბარია და 22 აპრილს გაიმართება.

 

ჰიუსტონი - მინესოტა 102 – 82

გასული საფლეიოფო ტურის დასკვნითი მატჩი ტეხასში გაიმართა, სადაც „ჰიუსტონმა“ „მინესოტას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.

ჯეიმს ჰარდენმა „როქეთსის“ რიგებში სეზონის ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა, „ჰიუსტონის“ უკანახაზელმა 18-დან მხოლოდ 2 ბურთი მოათავსა კალათში და თავი 12 ქულას მოუყარა. ტეხასელებს კრის პოლმა 27 ქულით ულიდერა, სათადარიგო სკამიდან 21 ქულა გუნდს ჯერალდ გრინმა შესძინა.

„მინესოტას“ შემადგენლობაში კარლ ენტონი თაუნსმა ზედიზედ მეორე საფლეიოფო შეხვედრა ჩააგდო. „ტიმბერვულვზის“ ცენტრმა თავი 5 ქულას მოუყარა. მინეაპოლისებს ნემანია ბიელიცამ 16 ქულით ულიდერა, ხოლო ჯიმი ბატლერმა თავი 11 ქულას მოუყარა.

„ჰიუსტონი“ სერიაში 2-0-ით ლიდერობს და შემდეგ შეხვედრას სტუმრად 22 აპრილს გამართავს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები