Aa
Aa

"როგორც ფეხბურთელი "რეალში" გავნადგურდი... როცა ვფიქრობდი, რომ მოურინიო შანსს მომცემდა"...

იტალიური "მილანისა" და მადრიდის "რეალის" ყოფილი ფეხბურთელი კაკა, მედიასთან თავისი კარიერის სხვადასხვა მომენტებს იხსენებს და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.

ლეგენდარულ ფეხბურთელს, ბრაზილიური გამოცემა UOL-ის ჟურნალისტი შეხვდა და თავდაპირველად "რეალში" გატარებულ პერიოდზე ჰკითხა.

"2009 წელს "რეალის" შეთავაზება მივიღე, თუმცა იქ გადასვლის შემდეგ, როგორც მოთამაშე გავნადგურდი და სრულად დავიკარგე. იქ იმის ჩვენება ვერ შევძელი, რასაც "მილანში" ვაკეთებდი". 

 

"იტალიაში ყველას ვუყვარდი, ესპანეთში კი თითქოს სურდათ, რომ წავსულიყავი. ამ ყველაფერს ჟოზე მოურინიოს ფაქტორიც ემატებოდა, რომელთან ერთადაც ყოველდღიური მუშაობა ჩემთვის რთული აღმოჩნდა. მასთან საერთო ენა ვერ გამოვნახე, როცა ვფიქრობდი, რომ მას შანსი უნდა მოეცა, ასე არასდროს ხდებოდა, ფორმის გამოვლენის საშუალება არ მომცემია.

ბევრს ვშრომობდი, ვიბრძოდი და ვლოცულობდი, თუმცა აშკარა იყო, რომ მწვრთნელს ჩემი ნდობა დაკარგული ჰქონდა. საბოლოოდ, გავაანალიზე, რომ მასთან ერთად მუშაობას ვერ შევძლებდი.

"რეალიდან" წამოსვლითა და "მილანში" დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვიყავი. განსაკუთრებით ის გამიხარდა, როცა მოურინიომ თქვა, რომ მე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროფესიონალი ვიყავი, რომელთანაც ოდესმე უმუშავია". 

2007 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებულს, მისი კარიერის ყველაზე მწარე მარცხის შესახებ ჰკითხეს, რაზეც მან ასე უპასუხა:

"ჩემი კარიერის ყველაზე ცუდი მარცხი, რა თქმა უნდა, "ჩემპიონთა ლიგის" 2005 წლის ფინალია, როცა "ლივერპულთან" წავაგეთ. ის ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე რთული საღამო იყო, თუმცა ამასთანავე ძალიან ბევრი მასწავლა. მაგალითად, მივხვდი, რომ ჩემზე არაა დამოკიდებული მოვიგებთ თუ დავმარცხდებით.

მაშინდელი გუნდი, "როსონერის" ისტორიაში, ერთ-ერთი უძლიერესი იყო, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის ხაზით, მაგრამ 6 წუთის ინტერვალში, ჩვენს კარში 3 გოლი გავიდა"...

 

გასული წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ "რიკი" კარიერას ასრულებდა. იგი რამდენიმე დღით მილანში იმყოფებოდა, იტალიური პრესა კი წერდა, რომ იგი მუშაობას "მილანის" დირექტორთა საბჭოში გააგრძელებდა, თუმცა ასე არ მოხდა. როგორც კაკას საუბრიდან ირკვევა, ამ საკითხზე სერიოზული მოლაპარაკებები არ ყოფილა და იგი "სან სიროზე" თავისი ნებით მივიდა.

"რეალისა" და "დორტმუნდის" მატჩის სანახავად წავედი, მოგვიანებით კი "მილანის" თამაში უნდა დაწყებულიყო, რომელიც "სან სიროზე" ტარდებოდა. სტადიონზე შევედი და გულშემატკივრებს მივესალმე. ფანებმა სახელის სკანდირება დაიწყეს, რაც ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. ამ დროს მივხვდი სად ვიყავი და გავაანალიზე, რომ ტიფოზებთან ერთად ტრიბუნაზე ყოფნა, თამაშის ყურება და გუნდის მხარდაჭერა მსურდა". 

 

35 წლის ბრაზილიელმა, ინტერვიუს ბოლოს, მოკლე კომენტარი სამომავლო პერსპექტივებზეც გააკეთა.

"გადავწყვიტე, რომ მეტი აღარ მეთამაშა და კარიერა დამესრულებინა. მომავლში "სან პაულოში" ვიმუშავებდი, თუმცა მწვრთნელობა არ მსურს, არც ტელეკომენტატორობა". 

რიკარდო იზექსონ დოს სანტოს ლეიტემ, რომელიც ყველასთვის უბრალოდ კაკაა, კარიერა ამერიკულ "ორლანდო სიტიში" დაასრულა. მან 2003-04 წლებში სერია A, 2004 წელს იტალიის სუპერ თასი, 2006-07 წლებში "ჩემპიონთა ლიგა", 2007 წელს უეფას სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 2010-11 წლებში ესპანეთის თასი და 2011-12 წლებში ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო. რაც შეეხება სანაკრებო დონეს, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იმარჯვა, 2005 და 2009 წლებში კი კონფედერაციის თასს დაეუფლა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები