მონტე კარლოში ფავორიტები იგებენ
Aa
Aa

მონტე კარლოში ფავორიტები იგებენ

ჩოგბურთში წლის მე-3 მასტერსის სერიის ტურნირი მონტე კარლოში თიხის საფარზე მიმდინარეობს.

მძიმე მატჩები გამართეს მსოფლიოს მე-5 ჩოგანმა გრიგორ დიმიტროვმა და მე-7 ნომერმა დომინიკ ტიმმა.

ბულგარელმა ფრანგი პიერ-უგო ერბერის წინააღმდეგობა 3:6; 6:2; 6:4-ით დაძლია, გადამწყვეტი ბრეიკი მან მე-3 სეტის მე-7 გეიმში შეასრულა და საქმის ბოლომდე მიყვანით ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა.

კიდევ უფრო რთული მატჩი გადაიტანა ტიმმა, რომელიც ნიჭიერ რუს ანდრეი რუბლიოვს ხვდებოდა და პირველი სეტი ერთი ბრეიკით 5:7-ზე დათმო. მეორე პარტიის ბედიც ერთადერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა და ამჯერად ის მე-12 გეიმში ტიმმა შეასრულა.

მე-3 სეტში ავსტრიელი 4:1 იგებდა, თუმცა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და 5:4-ზე საკუთარ ჩაწოდებაზე რუბლიოვს მატჩ-ბოლი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და საბოლოოდ თამაში 7:5; 5:7; 5:7 წააგო.

თავიანთი მატჩები მოიგეს ალექსანდრ ზვერევმა, დავიდ გოფენმა, რიშარ გასკემ, ფაბიო ფონინიმ, დიეგო შვარცმანმა და ფილიპ კოლშრაიბერმა.

დღეს კორტზე ნოვაკ ჯოკოვიჩსა და რაფაელ ნადალს ვიხილავთ, სერბის მეტოქე ხორვატი ბორნა ჩორიჩი იქნება, ხოლო ნადალი სლოვენიელ ალიაჟ ბედენეს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები