Aa
Aa

"მან, ამ ქმედებით „პსჟ“-ს სულში ჩააფურთხა" - ნეიმარი მსოფლიოს ჩემპიონმა გააკრიტიკა

„პსჟ“-ს ბრაზილიელი ათიანი ნეიმარი უკვე კარგა ხანია ლაზარეთში იმყოფება. გამოკვლევის შედეგად თავიდანვე დადგინდა, რომ ფეხბურთელი მთელს დარჩენილ სეზონს გააცდენდა.

გამოჯანმრთელების პროცესი კარგად მიმდინარეობს და ნეიმარს იმედი აქვს, რომ მოედანს მალე დაუბრუნდება და მუნდიალის წინ ფორმას აღიდგენს.

ნეიმარი სამშაბათს სან პაულუში გამოჩნდა, სადაც ჩინური ელექტრონული ბრენდის TLC-ის სარეკლამო რგოლში გადაიღეს. ფეხბურთელი ყავარჯნებითა და სპეციალური დამცავით მოძრაობდა.

და სილვა ჟუნიორმა განაცხადა, რომ მისი დაბრუნება მაისის მეორე ნახევრისთვის იგეგმება, როდესაც მას საბოლოო სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება.

როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარმა ტერფის მძიმე ტრავმა „მარსელთან“ შეხვედრაში მიიღო, როდესაც ანგარიში პარიზელთა სასარგებლოდ 3:0 იყო, ბრაზილიელი ფეხბურთელი უწყინარ სიტუაციაში დაშავდა. მას, ოპერაცია რიო დე ჟანეიროში ჩაუტარდა და სარეაბილიტაციო პერიოდს დღემდე ბრაზილიაში გადის.

ნეიმარი ოპტიმისტურად გამოიყურება და იმედი აქვს, რომ რუსეთში ბრაზილიის ნაკრებთან ერთად იქნება. „ჯერჯერობით ჩემი მოედანზე დაბრუნების ზუსტი დრო დადგენილი არ არის. ყველაფერი საბოლოო შემოწმების შედეგად დადგინდება. თუ არ ვცდები ეს 17 მაისს მოხდება. ამის შემდეგ გავიგებთ ზუსტ თარიღს.

იმედი მაქვს, რომ მუნდიალის ყურება ტელევიზორში არ მომიწევს. ფორმის აღსადგენად საკმაო დრო მექნება. უფრო ძლიერი დავბრუნდები, ვიდრე აქამდე ვიყავი“.

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს შვეიცარიასთან მატჩით გახსნის. შეხვედრა 17 ივნისს გაიმართება. „პენტაკამპეონების“ ჯგუფში ასევე კოსტა-რიკა და სერბეთი იმყოფებიან.

ნეიმარის შესახებ კომენტარი ვეტერანმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა სერჟინიომაც გააკეთა.

„იმედი მაქვს ნეიმარი 100 % ჯანმრთელი დაუბრუნდება მოედანს. მან საკმაოდ მძიმე ტრავმა მიიღო, თუმცა ვფიქრობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატს სათანადო ფორმაში შეხვდება. დღეს იგი მესისთან და კრიშტიანუ რონალდუსთან ერთად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. იმედი მაქვს, რომ ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინებს. ვფიქრობ, რომ 2014 წლის მუნდიალის შემდეგ ბრაზილიის ნაკრებში პირველ რიგში მენტალიტეტი შეიცვალა. ტიტეს წყალობით მოთამაშეები ბოლომდე გაიხსნენ და ფეხბურთს ლაღად თამაშობენ. სწორედ კრეატიულობა და ფანტაზია აკლდა „სელესაოს“ 2014 წელს“.

 

„პსჟ“-მ გასულ უქმეებზე „მონაკო“ 7:1 გაანადგურა და ჩემპიონობა ლამაზ სტილში გაიფორმა. ნეიმარი პარიზში არ ჩასულა და გუნდთან ერთად არ უზეიმია. ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის პოკერს თამაშობს და თან პარიზელთა თამაშს უყურებს.

ბრაზილიელის ასეთმა ქმედებამ ვეტერანი ფეხბურთელის, მსოფლიოს 1998 წლის ჩემპიონის კრისტოფ დიუგარის აღშფოთება გამოიწვია.

დიუგარი RMC-ის ეთერში „პსჟ“ „მონაკოს“ შეხვედრაზე ექსპერტად იყო მიწვეული. ვეტერანმა ფეხბურთელმა ნეიმარს ლიდერობა და პასუხისმგებლობა დაუწუნა.

„რატომ არ იმყოფებოდა ის გუნდთან ერთად, რათა ჩემპიონობა აღენიშნა? როგორ შეუძლია მას მოედანზე ლიდერი იყოს?! ამას გარდა, ის პოკერსაც თამაშობდა. როგორ შეიძლება ეს კლუბისთვის მისაღები იყოს? მან, ამ ქმედებით „პსჟ“-ს სულში ჩააფურთხა. თანაგუნდელებს ხელი როგორ უნდა ჩამოართვა, როდესაც თქვენ ასე იქცევით? მე, რომ „პსჟ“-ს წარმომადგენელი ვიყო, ამ ყველაფრის შემდეგ განრისხებული ვიქნებოდი“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები