წაქცეული მარათონის მონაწილე და დაგვიანებული სამედიცინო დახმარება
Aa
Aa

წაქცეული მარათონის მონაწილე და დაგვიანებული სამედიცინო დახმარება

2018 წლის თანამეგობრობის თამაშების ორგანიზატორები სკანდალში გაეხვნენ. კვირას გამართულ მარათონში მონაწილე კალუმ ჰოკინსი მოულოდნელად შეუძლოდ შეიქმნა და ასფალტზე დაეცა. სამედიცინო ეკიპაჟმა ადგილზე მისვლა რამდენიმე წუთით დააგვიანა, რამაც კალუმის ჯანმრთელობა სერიოზული საფრთხის ქვეშ დააყენა.

ჰოკინსი მარათონს დამაჯერებლად ლიდერობდა და უშუალო მდევარს 2 წუთით უსწრებდა. კალუმი პირდაპირი ტრანსლაციისას დაეცა და თავდაპირველად დისკვალიფიკაციის შიშის გამო სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა, თუმცა საბოლოოდ შოტლანდიელი იძულებული გახდა ექიმების ჩარევას დათანხმებოდა და რამდენიმე წუთში იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

 

25 წლის ჰოკინსი 26 მილის სიგრძის მარათონში მონაწილეობდა და ცუდად გადაღლილობისა და ტემპერატურის მატების გამო გახდა..

საავადმყოფოში გატარებული საღამოს შემდეგ შოტლანდიელმა საკუთარი მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა:“თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ, მინდა მადლობა თანადგომისთვის თითოეულ გულშემატკივარს გადავუხადო და ასევე ჩემი მადლიერება საავადმყოფოს პერსონალის მიმართაც გამოვხატო“.

აღნიშნულმა ფაქტმა სპორტულ სამყაროში სერიოზული რეზონანსი გამოიწვია და ორგანიზატორები ბევრმა ცნობილმა სპორტსმენმა გააკრიტიკა. მათ შორის ქალთა მარათონის მსოფლიო რეკორდის მფლობელი - პაულა რედკლიფიც აღმოჩნდა:“ბუნებრივია, ასეთ დროს სპორტსმენები სწორად ვერ აზროვნებენ, მათ მუდამ მარათონის დასრულება სურთ, რადგან ამისთვის დიდი ხანი ემზადებოდნენ! როდესაც სამედიცინო პერსონალის წევრი ხარ ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინო, ვინაიდან შენს გადაწყვეტილებებზე ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული.“

„BBC“-ის კომენტატორმა სტივ კრემმა განაცხადა:“ეს ყველაფერი საზიზღრობაა! სპორტსმენის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული საფრთხის ქვეშაა და ამ დროს ფინიშის ხაზთან დგომა და ლოდინი უდიდესი სირცხვილია“.

„ოქროს ნაპირი 2018“-ის ორგანიზატორმა მარკ პიტერსმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ჩვენ აღნიშნულ ფაქტებს აუცილებლად გადავამოწმებთ, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ კილომეტრზე სამედიცინო პერსონალს ვერ დავაყენებთ“.

ჰოკინსის ტრამვის შედეგად ოქროს მედალი ავსტრალიელმა მაიკ შელვიმ მოიგო, უგანდელმა მუნიო სოლომონ მუტაიმ ვერცხლი აიღო, ხოლო ბრინჯაო რობი სიმპსონმა დაისაკუთრა.

ცხელი ამბები