Aa
Aa

NBA-ს ფლეი-ოფების პირველი რაუნდის მიმოხილვა

ბოსტონი - მილოუკი 113 - 107

საკალათბურთო ასოციაციაში საფლეიოფო დღე ბოსტონში ადგილობრივი „სელტიკსისა“ და „მილოუკის“ დაპირისპირებით გაიხსნა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ „კელტების“ გამარჯვებით 113-107 დასრულდა.

მატჩის დასრულებამდე 0.5 წამით ადრე „ბოსტონი“ 3 ქულით იგებდა, თუმცა კრის მიდლტონმა შთამბეჭდავი სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა.

დამატებით დროში უკეთ „ბოსტონმა“ გამოიყურებოდა და ფლეი-ოფის პირველი შეხვედრა 6 ქულიანი სხვაობით მოიგო.

„კელტებს“ ალ ჰორფორდმა 24 ქულითა და 12 მოხსნით ულიდერა. ასევე ორმაგი დუბლი მიითვალა ჯეისონ ტატუმმა - 19 ქულა, 10 მოხსნა. ტერი როზიერმა შეხვედრა 23 ქულით დაასრულა, ხოლო სათადარიგო სკამიდან მარკუს მორისმა გუნდს 21 ქულა შესძინა.

„ბაქსის“ მხრიდან იანის ანტეტოკოუნმპო 35 ქულით გამოირჩა, 31 ქულა გუნდს კრის მიდლტონმა შესძინა, სათადარიგო სკამიდან კი 16 ქულა მალკოლმ ბროგდონმა მოაგროვა.

„ბოსტონი“ სერიაში 1-0 დაწინაურდა და შემდეგ შეხვედრას 18 აპრილს გამართავს.

 

კლივლენდი - ინდიანა 80 – 98

სენსაცია შემოგვთავაზა „ინდიანამ“, რომელმაც სტუმრად ლებრონ ჯეიმსის „კლივლენდი“ 18 ქულიანი სხვაობით დაამარცხა.

„პეისერსმა“ უპირატესობა პირველივე მეოთხედში მოიპოვა და აღნიშნული პერიოდი 19 ქულიანი სხვაობით მოიგო. „კლივლენდმა“ მობილიზაცია მესამე მეოთხედში მოახერხა,  თუმცა ბოლო მეოთხედი 10 ქულიანი სხვაობით წააგო და 80 – 98 დამარცხდა.

„ინდიანას“ ვიქტორ ოლადიპომ 32 ქულით ულიდერა. 16 ქულა გუნდს მაილს ტერნერმა შესძინა. სათადარიგო სკამიდან ლენს სტივენსონი 12 ქულით ჩაერთო, ხოლო ბოიან ბოგდანოვიჩმა მატჩი 15 ქულით დაასრულა.

„კლივლენდს“ლებრონმა ულიდერა 24 ქულით,10 მოხსნითა და 12 გადაცემით. აღსანიშნავია, რომ სასტარტო ხუთეულის სხვა ვერცერთი მოთამაშე 10 ქულიან ნიშნულს ვერ გადაცდა. სათადარიგო სკამიდან გუნდს 15 ქულა ჯეი არ სმიტმა შესძინა. ლერი ნენსი ჯუნიორმა კი შეხვედრა 10 ქულით დაასრულა.

“პეისერსი“ სერიაში დაწინაურდა და ამ გუნდების შემდეგი შეხვედრა 19 აპრილს გაიმართება.

 

ოკლაჰომა - იუტა 116 – 108

დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა „ოკლაჰომამ“, რომელმაც საშინაო კედლებში „იუტა ჯაზი“ დაამარცხა.

„თანდერმა“ საკმაოდ სტაბილურად გამოიყურებოდა და მხოლოდ ბოლო მეოთხედი წააგო, ისიც ერთქულიანი სხვაობით.

„ოკლაჰომას“ მხრიდან პოლ ჯორჯი 36 ქულით გამოირჩა, „თანდერის“ მსუბუქმა გორვარდმა 11-დან 8 სამქულიანი მოათავსა კალათში და მხოლოდ 7 ტყორცნა გააფუჭა. რასელ ვესტბრუკს სამმაგ დუბლამდე 2 გადაცემა დააკლდა - 29 ქულა, 13 მოხსნა, 8 გადაცემა. კარმელო ენტონიმ კი გუნდს 15 ქულა შესძინა.

„იუტას“ დონოვან მიჩელმა 27 ქულითა და 10 მოხსნით ულიდერა. რუდი გობერმა 14 ქულა მიითვალა, ხოლო რიკი რუბიომ მატჩი 13 ქულით  დაასრულა.

„ოკლაჰომა“ – „იუტას“ შემდეგი დაპირისპირება 19 აპრილს გაიმართება.

 

 

ჰიუსტონი - მინესოტა 104 - 101

ფლეი-ოფების გუშინდელი ტურის დასკვნითი მატჩი ტეხასში გაიმართა, სადაც „ჰიუსტონმა“ საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში „მინესოტა“ დაამარცხა.

ტეხასელებმა ჯეიმს ჰარდენის წყალობის იმარჯვეს და სერიაში 1-0 დაწინაურდნენ.

ჰარდენმა 44 ქულა მოაგროვა და კალათში 12-დან 7 სამქულიანი მოათავსა. კლინტ კაპელამ აქტივში 24 ქულა და 12 მოხსნა ჩაიწერა. ხოლო კრის პოლმა მატჩი 14 ქულით დაასრულა.

„მინესოტას“ მხრიდან ენდრიუ უიგინსი 18 ქულით გამოირჩა. 15 ქულა გუნდს ჯეფ ტიგმა შესძინა, ხოლო სათადარიგო სკამიდან დერიკ როუზმა გუნდს 16 ქულა შესძინა.

„ჰიუსტონი“ – „მინესოტას“ შემდეგ შეხვედრას 19 აპრილს გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები