ეროვნული საგანძური და
Aa
Aa

ეროვნული საგანძური და "ლივერპულის" მამოძრავებელი ძალა - სალაჰი და ორი ტიტანი

"ლივერპულის" ეგვიპტელი შემტევი მუჰამედ სალაჰი საოცარ სეზონს ატარებს და მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა შორის ნელ-ნელა ადგილს იმკვიდრებს.

სალაჰმა პრემირლიგაში უკვე 30 გოლის გატანა შეძლო. ჩემპიონთა ლიგაზე კი მის ანგარიშზე 8 ბურთია.
ეგვიპტელი ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებშიც შესანიშნავად გამოიყურება და მისი ძალისხმევით "ფარაონებმა" მუნდიალის საგზურიც მოიპოვეს.

"ლივერპულის" ლეგენდარულმა ფორვარდმა რობი ფაულერმა Mirror-თან საუბრისას სალაჰი მესისა და რონალდუს შეადარა და აღნიშნა, რომ ის ოქროს ბურთის კანდიდატთა შორის ყოფნას იმსახურებს.

"ვთვლი, რომ მო სალაჰი ოქროს ბურთის პრეტენდენტთა სიაში ყოფნას იმსახურებს. მე არ ვამბობ, რომ მან ეს ჯილდო უნდა მოიგოს, უბრალოდ ის მთავარ ნომინანტთა შორის ყოფნას იმსახურებს. იმ კრიტერიუმებით რაც დღეს არის, ისედაც ნათელია, რომ სალაჰს ოქროს ბურთის მოგება ჯერჯერობით გაუჭირდება.

რონალდუ და მესი თანამედროვეობის ორი უდიდესი მოთამაშეა, რომელთა მსგავსიც ფეხბურთის ისტორიას არ ახსოვს. მათ, უამრავ წარმატებას მიაღწიეს და წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე თასის აღმართვის შანსი ორივეს ექნება.

ვთვლი, რომ სალაჰს FIFA-ს წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს მოგების მეტი შანსი ექნება, რადგან ამ შემთხვევაში ხმას გუნდების მთავარი მწვრთნელები აძლევენ. ოქროს ბურთზე კი ყველაფერს სპორტული ჟურნალისტები წყვეტენ.

რასაც სალაჰი "ლივერპულში" აკეთებს ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ის "ენფილდზე" იმისთვის მოვიდა, რომ მსოფლიო კლასის მოთამაშე გამხდარიყო და ახლა ის კლოპის ხელშია.

რასაც სალაჰი ნაკრებში აკეთებს, ამან ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, მან მთელი ქვეყანა აღტაცებაში მოიყვანა. ასეთი რამ თავიანთ ქვეყნებში რონალდუსა და მესის ნამდვილად არ გაუკეთებიათ.

სალაჰმა გადამწყვეტ შეხვედრაში ორი ბურთი გაიტანა და ეგვიპტე მუნდიალზე გაიყვანა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან ეგვიპტე მსოფლიო რუკაზე დააბრუნა.

მგონია, რომ ეროვნული ნაკრებების მწვრთნელები სალაჰის როლსა და მის გამოსვლას ობიექტურად შეაფასებენ, მაგრამ ამას სპორტული ჟურნალისტებისგან არ ველი.

რასაც სალაჰმა მიაღწია და დღესაც აკეთებს, მიმაჩნია, რომ ის მინიმუმ კანდიდატთა შორის ყოფნას იმსახურებს.

სალაჰს ლუის სუარესს შევადარებდი, რომელმაც "ლივერპულში" ასევე ბევრს მიაღწია, მაგრამ ურუგვაელმა ხელიდან ბევრი შანსი გაუშვა. მო დღესაც აქ არის და მას შანსი ჯერაც აქვს. ეს ყველაფერი ერთგულებისა და მოთმინების დამსახურებაა.

ის ნამდვილი საჩუქარია. რატომ არ შეიძლება სალაჰი რონალდუსა და მესის გვერდით მოვიხსენიოთ? ის ხომ წლევანდელ სეზონს იგივე მონდომებითა და ტემპით ატარებს".

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ეგვიპტეში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში მოსახლეობის დაახლოებით 40-45-მა პროცენტმა ბიულეტენები გადახაზა და სასურველ კანდიდატად მუჰამედ სალაჰის გვარი ჩაწერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები