242 მატჩი ერედივიზიონში - კაშიამ თეო იანსენის რეკორდი გაიმეორა
Aa
Aa

242 მატჩი ერედივიზიონში - კაშიამ თეო იანსენის რეკორდი გაიმეორა

ჰოლანდიის ერედივიზიონში როტერდამის ''სპარტასთან'' გამარჯვების შემდეგ გურამ კაშიამ არნემის ''ვიტესის'' მაისურით 242-ე მატჩი ჩაატარა და გაიმეორა თეო იანსენის რეკორდი, ამდენივე მატჩი ჩაატარა იანსენმა ''ვიტესის'' შემადგენლობაში 1998-2008 და 2012-14 წლებში.  საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების 30 წლის მცველი კიდევ ერთი მატჩის ჩატარების შემდეგ იანსენის რეკორდს გააუმჯობესებს.

ჰოლანდიის ერედივიზიონის 31-ე ტურში არნემის ''ვიტესმა'' შინ 7:0 გაანადგურა როტერდამის ''სპარტა.'' ტრადიციულად გამარჯვებულებს ქართველმა კაპიტანმა 90 წუთი უკაპიტნა. შემდეგ ტურში ''ვიტესი'' ''ალკმაარს'' ესტუმრება. თუ კაშია აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს, ქართველი ფეხბურთელი ''ვიტესის'' ისტორიაში ჰოლანდიის ჩემპიონატში ჩატარებული მატჩების რაოდენობით საუკეთესო შედეგს აჩვენებს და კლუბის რეკორდსმენი გახდება. ''სპარტასთან'' მატჩის შემდეგ გურამ კაშიას მიერ გაკეთებულ კომენტარს omroepgelderland-ზე ვკითხულობთ:

''ძალიან ბედნიერი ვარ. უკვე რვა წელია ''ვიტესის'' ფეხბურთელი ვარ და ამ პერიოდში მატჩების 99 პროცენტში მონაწილეობა მივიღე. მე ყოველთვის ვცდილობდი ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამომევლინა და ჩემი უნარებით დავხმარებოდი კლუბს წარმატების მიღწევაში. მე ვცხოვრობ თამაშიდან თამაშამდე. ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ ფიზიკურ მომზადებას.  ჩემთვის შემდეგი სეზონი ''ვიტესის'' შემადგენლობაში რიგით მეცხრე იქნება. ეს საოცარია და მე ძალიან ბედნიერი ვარ. როცა 2010 წელს ''ვიტესთან'' გავაფორმე ხელშეკრულება და მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვთამაშობდი, ვინ იფიქრებდა რომ  კაშია 8 წელი დარჩებოდა გუნდში?''

''ვიტესი'' მთავარმა მწვრთნელმა ჰენკ ფრეიზერმა დატოვა. ''სპარტასთან'' შეხვედრაში ''ვიტესს'' მთავარი მწვრთნელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ედვარდ სტურინგმა უხელმძღვანელა. სტურინგის დებიუტი ძალიან წარმატებული გამოვიდა. 7-ბურთიანი სხვაობით ''ვიტესს'' ერედივიზიონში არასდროს ჰქონდა მოგებული.''სპარტასთან'' გამარჯვებამდე ''ვიტესის'' სარეკორდო საშინაო გამარჯვება ერედივიზიონში 1998 წლის 8 აპრილით თარიღდებოდა, როცა ''ვიტესმა'' 6:0 დაამარცხა ''ვოლენდამი.'' რაც შეეხება გასვლით მატჩებს, 1997 წლის 27 სექტემბერს ''ვიტესმა'' 7:1 გაანადგურა სიტარდის ''ფორტუნა.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები