ბასილაშვილი მარაკეშის ტურნირს 1/4 ფინალიდან გამოეთიშა
Aa
Aa

ბასილაშვილი მარაკეშის ტურნირს 1/4 ფინალიდან გამოეთიშა

მსოფლიო რეიტინგის 86-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარე 250-იანთა კატეგორიის ტურნირს 1/4 ფინალიდან გამოეთიშა.

26 წლის ქართველმა გათამაშების პირველ რაუნდში იტალიელი მატეო ბერეტინი 2 სეტში დაამარცხა, შემდეგ კი ადგილობრივ ლამინ ოუჰაბის 3 სეტიანი დაპირისპირება მოუგო, რისი წყალობითაც 1/4 ფინალში პორტუგალიელ ჟოაო სოუზაზე გავიდა.

სოუზა ამჟამად მსოფლიოს 70-ე ჩოგანია, იგი ტიპიური "თიხისტი" გახლავთ, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ამ საფარზე ჩატარებული ბოლო 11 მატჩიდან 9 თავის სასარგებლოდ დაასრულა.

ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად ხვდებოდნენ, მატჩის ფავორიტად კი, სათამაშო ფორმის გათვალისწინებით, სოუზა ითვლებოდა.

პორტუგალიელმა პირველი და მესამე სეტი დამაჯერებლად ჩაატარა, რამაც მეორე წაგებული პარტია გადაწონა და მას 1/2 ფინალში გასვლის საშუალება მისცა - 6:2; 4:6; 6:1.

ბასილაშვილმა 1 ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. უჩვეულოა, რომ ნიკოლოზმა მეორე მოწოდებაზე უფრო მეტი ქულა მოიგო - მან პირველი ჩაწოდების შემდეგ ქულების 45% აიღო, ხოლო მეორისას - 53%.

ნიკოლოზ ბასილაშვილი 2018 წლის სეზონს, სამწუხაროდ, საკმაოდ სუსტად ატარებს და არცერთ ტურნირზე 2-ზე მეტი შეხვედრა არ მოუგია, ჯამში გამართული 16 მატჩიდან კი 10 წააგო.

ორშაბათიდან მონტე კარლოში წლის მე-3 მასტერსის სერიის ტურნირი იწყება, თუმცა მოთამაშეთა ოფიციალურ ჩამონათვალში ბასილაშვილის გვარი არ ფიგურირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები