309 დღე ფეხბურთის გარეშე - პირველი მატჩი ეროვნულ ნაკრებში დებიუტის შემდეგ
Aa
Aa

309 დღე ფეხბურთის გარეშე - პირველი მატჩი ეროვნულ ნაკრებში დებიუტის შემდეგ

2017 წლის 7 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა ელგუჯა ლობჯანიძემ. ვაკეში ვლადიმირ ვაისის გუნდმა გიორგი არაბიძის დუბლით და ლადო დვალიშვილის გოლით სენტ კიტსი და ნევისი დაამარცხა. ლობჯანიძემ ამხანაგური შეხვედრის მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა.

ეროვნულ ნაკრებში დებიუტისას ლობჯანიძე რუსული ''ორენბურგის'' ფეხბურთელი იყო. ვლადიმირ ვაისმა თავდამსხმელი რუსულ კლუბში გამოსვლის შემდეგ მიიწვია ეროვნულ გუნდში. ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის პრემიერლიგაში 11 მატჩი ჩაატარა და პრემიერლიგის ერთ-ერთ  საუკეთესო კლუბ ''კრასნოდარს'' გამარჯვების გოლი გაუტანა. 

 

ხანგრძლივი ტრავმის გამო ლობჯანიძემ რუსულ კლუბთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

25 წლის ფორვარდმა ''მიხეილ მესხზე'' გამართული მატჩის შემდეგ 309 დღე გაატარა მინდვრის მიღმა, მას 309 დღე არ ჰქონდა საფეხბურთო შეხვედრაში მონაწილეობა მიღებული და 13 აპრილს ეროვნული ლიგა 2-ის მე-6 ტურში ქობულეთის ''შუქურას'' მაისურით ყოფილი გუნდის თბილისის ''ვიტ ჯორჯიას'' წინააღმდეგ ითამაშა. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, ლობჯანიძე კი თამაშში 57-ე წუთზე ჩაერთო.

იხილეთ აღნიშნული მატჩის ეპიზოდი, როცა ლობჯანიძემ პირველ ბურთზე ბრძოლა მოიგო, მეტოქის ორ ფეხბურთელს აჯობა და თანაგუნდელი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა.

 ''მცხეთა პარკზე'' ელგუჯა ლობჯანიძემ ქობულეთის ''შუქურას'' 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზა.

ელგუჯა ლობჯანიძე 2012-15 წლებში თბილისის ''ვიტ ჯორჯიას'' ფეხბურთელი იყო, შემდეგ ქობულეთის ''შუქურასა'' და ბათუმის ''დინამოში'' ირიცხებოდა. 2016-17 წლების სეზონის მეორე ნახევარი რუსეთის პრემიერლიგის ''ორენბურგში'' გაატარა, რასაც მოყვა ხანგრძლივი იძულებითი პაუზა და დაბრუნება ქობულეთურ კლუბში.

ფოტო: gff.ge, witgeorgia.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები