იკარდისა და დიბალას საკითხი გადაწყდა? სამპაოლიმ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
Aa
Aa

იკარდისა და დიბალას საკითხი გადაწყდა? სამპაოლიმ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და ახლოვდება ის დღე, როდესაც მთავარი მწვრთნელები მუნდიალზე წამსვლელთა საბოლოო 23 კაციან განაცხადს დაასახელებენ.

Mundoalbiceleste-სა და TyC Sports-ის ინფორმაციით, არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ "ალბისელესტეს" გაფართოებული შემადგენლობა უკვე შეარჩია და მუნდიალის დაწყებამდე დაგეგმილ ამხანაგურ მატჩებში სწორედ მათ გამოცდის.

ყველაზე საინტერესო კი ის გახლავთ, რომ ზემოხსენებულ გაფართოებულ შემადგენლობაში არ არის "ინტერის" ლიდერი მაურო იკარდი, რომელიც საუცხოო სეზონს ატარებს.

იკარდისა და დიბალას ყბადაღებული თემის შესახებ ფეხბურთის ქომაგს კარგად მოეხსენება. როგორც ჩანს, დიბალას რუსეთში გამგზავრების შანსი ისევ აქვს, მაგრამ იგივეს ვერ ვიტყვით იკარდიზე.

წყაროს ინფორმაციით, სამპაოლი შემადგენლობაში მყოფი მოთამაშეების პირადად მონახულებას გეგმავს და თავის მოგზაურობას უახლოეს დღეებში დაიწყებს.

სამპაოლი პირველ რიგში არგენტინის ჩემპიონატიდან გამოძახებულ მოთამაშეებს მოინახულებს და ევროპაში შემდეგ გაემგზავრება.

ხორხე სამპაოლის ევროტური ესპანეთით დაიწყება და ის პირველ რიგში მესის, მერკადოსა და ბანეგას მოინახულებს. რის შემდეგაც საფრანგეთში გაემგზავრება და დი მარია-ლო სელსოს წყვილს გაესაუბრება. შემდეგ იქნება რეისი ამსტერდამში, სადაც მწვრთნელი ნიკოლას ტალიაფიკოს შეხვდება. ამის შემდეგ კი სამპაოლი ინგლისში ჩაფრინდება, სადაც ოტამენდის, აგუეროს, როხოს, ფუნეს მორის, ლამელასა, კაბალიეროსა და ლანსინის მოინახულებს. შემდეგ იტალიაში გაემგზავრება და ფედერიკო ფასიოს, ლუკას ბილიას, დიეგო პეროტის, პაულო დიბალასა და გონსალო იგუაინს ნახავს.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ თამაშგარეში რჩება მაურო იკარდი...

"ინტერის" კაპიტანმა ნაკრებში თავისი შანსი მიიღო და სამპაოლი მისი გარჯით უკმაყოფილო დარჩა, თუმცა იკარდიმ დღევანდელი ფორმაციის არგენტინის ნაკრებთან ერთად მხოლოდ 2-3 მატჩი ჩაატარა და ეს გუნდთან შესათამაშებლად ძალიან ცოტა დროა.

იკარდისთვის ხაზის გადასმა უდიდესი შეცდომაა და ამას ფეხბურთში ჩახედული ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება.

არგენტინის ნაკრების მწვრთნელებს (თუ, ფეხბურთის ფედერაციას?..) ასეთი "უცნაურობები" ყოველთვის ახასიათებდა და ეს დღემდე გრძელდება...

სამპაოლის ფორმაციის ნაკრები დღემდე შეუთამაშებელია. დღემდე უცნობია, თუ რომელი ტაქტიკური მონახაზით ითამაშებენ ისინი.

მუნდიალის დაყწებამდე საკმაოდ ცოტა დრო რჩება და რთული წარმოსადგენია ამ მოკლე ვადაში სამპაოლიმ გუნდი ააწყოს. როგორც ჩანს, ამჯერადაც მთელი არგენტინა მესის სასწაულის იმედად იქნება...

"ალბისელესტეს" გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:

მეკარეები:

სერხიო რომერო (მანჩესტერ იუნაიტედი), ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ვილი კაბალიერო (ჩელსი), ნაუელ გუსმანი (ტიგრესი), აგუსტინ მარკესინი (ამერიკა).

მცველეები:

ფაბრისიო ბუსტოსი (ინდეპენდიენტე), გაბრიელ მერკადო (სევილია), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი), ნიკოლას ოტამენდი (მანჩესტერ სიტი), რამირო ფუნეს მორი (ევერტონი), მარკოს როხო (მანჩესტერ იუნაიტედი), ფედერიკო ფასიო (რომა).

ნახევარმცველები:

მაქსი მესა (ინდეპენდიენტე), ენხო პერესი (რივერ პლეიტი), პაბლო პერესი (ბოკა ხუნიორსი), ევერ ბანეგა (სევილია), ჯოვანი ლო სელსო (პსჟ), ანხელ დი მარია (პსჟ), მანუელ ლანსინი (ვესტ ჰემი), ერიკ ლამელა (ტოტენჰემი), ლუკას ბილია (მილანი), დიეგო პეროტი (რომა), ედუარდო სალვიო (ბენფიკა), მარკოს აკუნია (ლისაბონის სპორტინგი), მატიას კრანევიტერი (ზენიტი), ემილიო რიგონი (ზენიტი), ლეანდრო პარედესი (ზენიტი), ხავიერ მასკერანო (ჰიბეი ფორტუნა).

თავდამსხმელები:

კრისტიან პავონი (ბოკა ხუნიორსი), ლაუტარო მარტინესი (რასინგი), ლეო მესი (ბარსელონა), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი), პაულო დიბალა (იუვენტუსი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები