ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტების დეტალური ანალიზი - ის, რაც უნდა ვიცოდეთ
Aa
Aa

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტების დეტალური ანალიზი - ის, რაც უნდა ვიცოდეთ

„ჩემპიონთა ლიგის“ ნახევარფინალის წყვილები ცნობილია. „რეალი“ – „ბაიერნს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ლივერპული“ ფინალში გამსვლელის ვინაობას „რომასთან“ გაარკვევს.

თითოეულ გუნდს საკუთარი ძლიერი და სუსტი წერტილები გააჩნია. ზიდანს და ჰაინკესს ზურგს სერიოზული გამოცდილება უმაგრებს, ხოლო დი ფრანჩესკო მწვრთნელის რანგში პირველადაა ლიგის ნახევარფინალში.

ლივერპული

გზა ნახევარფინალამდე

წლევანდელ სეზონში „ლივერპულს“ დარჩენილი გუნდებიდან „ჩემპიონთა ლიგის“ ეგიდით ყველაზე მეტი შეხვედრა აქვს გამართული. „მერსისაიდელებმა“ ასპარეზობა ფლეი-ოფში დაიწყეს, სადაც „ჰოფენჰაიმი“ ორი მატჩის ჯამში 6-3 გაანადგურეს.

ჯგუფში „წითლებმა“ პირველი ადგილი დაიკავეს და „მარიბორი“ და „მოსკოვის სპარტაკი“ 7-0 დაამარცხეს.

მერვედფინალში „ლივერპულმა“ „პორტუს“ ბარიერი დაძლია, ხოლო მეოთხედფინალში „სიტისთან“ იმარჯვა.

სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი

ვირჯილ ვან დაიკი

ნამდვილად ადვილი იქნებოდა მნიშვნელოვან მოთამაშეებად „ლივერპულის“ შემტევი ტრიო დაგვესახელებინა, მაგრამ მათ ნაცვლად საუბარი ვირჯილ ვან დაიკზე ვარჩიეთ. ჰოლანდიელი „ლივერში“ იანვარში გადმოვიდა და გუნდის ქაოტური დაცვა დაალაგა. მნიშვნელობა არ აქვს ვინაა მისი პარტნიორი დაცვის ცენტრში, ლოვრენი თუ მატიპი, ვან დაიკთან ერთად „წითლების“ დაცვა გაცილებით კარგად გამოიყურება.

ჯეიმს მილნერი

ინგლისელი „ლივერპულის“ შემადგენლობაში ალბათ ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელია. მილნერი განსაკუთრებით კარგად „ჩემპიონთა ლიგაზე“ გამოიყურება და „სიტისთან“ მოგებული მეოთხედფინალის ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელია. ჯეიმსი ძირითადად შავ სამუშაოს ასრულებს, თუმცა იგი შეტევაშიც კარგად ერთვება და „ჩემპიონთა ლიგის“ წლევანდელ სეზონში 8 გადაცემა აქვს შესრულებული.

მოჰამედ სალაჰი

ეგვიპტელი „ფარაონი“ „ლივერპულის“ მეფედ იქცა. „რომადან“ გადასვლის შემდეგ სალაჰი საოცარ ფეხბურთს თამაშობს და პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც „პრემიერლიგაში“ თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული 3-ჯერ მოიგო.

 „ლივერპული“ და „ჩემპიონთა ლიგა“

„წითლებს“ „ჩემპიონთა ლიგაზე“ ასპარეზობის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ. „ლივერმა“ თასი 5-ჯერ აღმართა, თუმცა 2010 წლის შემდეგ ისინი ლიგაზე მეორედ ასპარეზობენ.

მწვრთნელის გამოცდილება

იურგენ კლოპის „დორტმუნდმა“ „ბუნდესლიგა“ 2-ჯერ მოიგო, თუმცა „ჩემპიონთა ლიგის“ ფინალში დორტმუნდელები „ბაიერნთან“ რობენის ბოლო წუთებზე გატანილი გოლით დამარცხდნენ. „მიუნხენელებთან“ ფინალის შემდეგ კლოპს ამ ეტაპისთვის არასდროს მიუღწევია.

 

რომა

გზა ნახევარფინალამდე

„რომას“ ჯგუფიდან გასვლას არავინ ელოდებოდა. ექსპერტთა უმრავლესობა თვლიდა, რომ „ატლეტიკოსა“ და „ჩელსის“ საწყისი ეტაპის დაძლევა არ უნდა გასჭირვებოდათ. საბოლოოდ საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელმა „რომამ“ ლონდონში 3-0 იმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

მერვედფინალში „ჯალოროსიმ“ „დონეცკის შახტარს“ გასვლაზე გატანილი გოლის წყალობით სძლია, ხოლო მეოთხედფინალში „ბარსელონასთან“ საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა.

სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი

კოსტას მანოლასი

ფეხბურთელი, რომელმაც „ბარსას’ გადამწყვეტი გოლი გაუტანა დი ფრანჩესკოს სათამაშო სქემის მთავარი წერტილია. მისი მოედანზე ყოფნა „რომას“ დაცვის სტაბილურობას ერთიორად ამაღლებს.

დანიელე დე როსი

დე როსი ვეტერანი ნახევარმცველია, რომელმაც „ბარსელონასთან“ დიდი სამუშაო შეასრულა. იგი „რომას“ იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთნება, რომლის საკუთარ შემადგენლობაში ხილვაზეც უარს მსოფლიოს არცერთი გუნდი იტყოდა.

ედინ ჯეკო

ჯეკო იანვარში „ჩელსიში“ უნდა გადასულიყო, თუმცა რიგ მიზეზთა გამო ტრანსფერი ჩაიშალა. ბოსნიელი „რომას“ მთავარი იმედია, „ბარსელონასთან“ მან გოლი შეაგდო, ხოლო „ჩემპიონთა ლიგაზე“ დარჩენილი თავდამსხმელებიდან ყველაზე მეტჯერ ბურთი მეორე სართულზე მოგებული სწორედ მას აქვს.

„რომა“ და „ჩემპიონთა ლიგა“

დარჩენილი გუნდებიდან „რომა“ ერთადერთია, რომელსაც „ჩემპიონთა ლიგა“ არასდროს მოუგია. „ლიგის“ ნახევარფინალში გასვლა იტალიურმა გუნდმა მხოლოდ მეორედ მოახერხა.

მწვრთნელის გამოცდილება

წლევანდელი ნახევარფინალი დი ფრანჩესკოსთვის პირველია. მანამდე იგი ისეთ გუნდებს წვრთნიდა, როგორებიც: „სასუოლო, „ლეჩე“ და „პესკარა“ არიან.

ურთიერთშეხვედრები:

5 შეხვედრა

„ლივერპული“ -3 მოგება

ფრე - 1

„რომა“ – 1 მოგება

 

ბაიერნი

გზა ნახევარფინალამდე

„ბაიერნმა“ ჯგუფურ ეტაპზე „პსჟ“-სთან სტუმრად 3-0 წააგო და შინ 3-1 გამარჯვება პირველი ადგილის დასაკავებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

მერვედფინალში მიუნხენურმა გუნდმა „ბეშიქთაში“ ორი მატჩის ჯამში 8-1 გაანადგურა, ხოლო მეოთხედფინალში „სევილიას“ ბარიერი დამაჯერებლად გადალახა.

სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი

ჯოშუა კიმიხი

ფილიპ ლამის „შთამომავალმა“ 23 წლის ასაკში ადგილი „ბაიერნის“ ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრა. კიმიხმა „ჩემპიონთა ლიგაზე“ მხოლოდ ერთი შეხვედრა გამოტოვა და ყველა მატჩში,როგორც დაცვაში ასევე შეტევაში შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

არიენ რობენი

არიენ რობენი 34 წლის ასაკშიც საკმაოდ სახიფათო ფეხბურთელია. ტრამვების გამო მან სეზონის დიდი ნაწილი გამოტოვა, თუმცა „ჩემპიონთა ლიგის“ 8 შეხვედრაში მონაწილეობის მიღება მაინც მოახერხა.

რობერტ ლევანდოვსკი

დღესდღეობით ლევანდოვსკი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია. „ლიგაზე“ მას 5 გოლი აქვს გატანილი და დიდი ალბათობით ნახევარფინალში საკუთარ მონაგარს გაზრდის.

„ბაიერნი“ და „ჩემპიონთა ლიგა“

„ბაიერნს“ „ლივერპულის“ მსგავსად „ჩემპიონთა ლიგა“ 5-ჯერ აქვს მოგებული. ბოლოს მიუნხენურმა გუნდმა 2013 წელს იმარჯვა, როდესაც ფინალში „დორტმუნდი“ 2-1 დაამარცხა.

მწვრთნელის გამოცდილება

იუპ ჰაინკესმა „ბაიერნში“ „ჩემპიონთა ლიგა“ 2013 წელს მოიგო. გარდა ამისა, გერმანელის გაწვრთნილმა „რეალმა“ იგივე 1998 წელს გაიმეორა.

რეალი

გზა ნახევარფინალამდე

ყველასდა გასაოცრად „რეალმა“ ჯგუფური ცუდად ჩაატარა და მეორე ადგილზე გავიდა.

ჩვეული თამაში „სამეფო კლუბმა“ გულშემატკივრების მერვედფინალში აჩვენა, სადაც „პსჟ“ უშანსოდ გააგდო. მეოთხედფინალში მადრიდელებმა „იუვენტუსის“ წინააღმდეგობა დაძლიეს.

სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი

სერხიო რამოსი

„იუვესთან“ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თუ რა მნიშვნელოვანი ფიგურაა სერხიო რამოსი. მის გარეშე მადრიდელთა დაცვა საშინლად გამოიყურებოდა და შედეგმაც არ დააყოვნა, „ბებერმა ქალბატონმა“ „სამეფო კლუბს“ 3 გოლი გაუტანა. ბოლოდროინდელი ინფორმაციით რამოსი "ბაიერნთან" პირველ შეხვედრას არ გამოტოვებს!

ტონი კროოსი

გერმანელი დღესდღეობით ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, მის თამაშზე დამოკიდებული ბევრ რამ იქნება. კროოსს პასების სიზუსტის გარდა. კარგი დარტყმაც აქვს, რაც მისგან მომავალ საფრთხეს ერთიორად ზრდის.

კრიშტიანუ რონალდუ

„რეალის“ ხსენება რონალდუს გარეშე წარმოუდგენელია. პორტუგალიელს წლევანდელ „ჩემპიონთ ლიგაზე“ 15 გოლი აქვს გატანილი და ამ ტურნირის ეგიდით თავის გამოჩენა უკანასკნელ 11 შეხვედრაში მოახერხა.

„რეალი“ და „ჩემპიონთა ლიგა“

მადრიდელებმა ბოლო 4 შესაძლებლობიდან ლიგა 3-ჯერ მოიგეს, ხოლო ჯამში ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი მოგებული 12-ჯერ აქვთ.

მწვრთნელის გამოცდილება

ზინედინ ზიდანმა „სამეფო კლუბში“ რაფა ბენიტესი ჩაანაცვლა და პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც გუნდს ზედიზედ ორჯერ „ჩემპიონთა ლიგა“ მოაგებინა.

ურთიერთშეხვედრები

24 მატჩი

ბაიერნი - 11 მოგება

ფრე - 2

რეალი - 11 მოგება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები