არსენ ვენგერის ხუთი სავარაუდო შემცვლელი
Aa
Aa

არსენ ვენგერის ხუთი სავარაუდო შემცვლელი

ლონდონის “არსენალში’’ არსენ ვენგერის მომავალი გაურკვეველი რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონურ გუნდს "ევროპა ლიგის" მოგების შანსი აქვს, შესაძლოა, სეზონის შემდეგ ფრანგმა “მეთოფეები’’ დატოვოს.

ვენგერის გუნდი "ევროპა ლიგის" ნახევარფინალში მადრიდის “ატლეტიკოს’’ შეხვდება, ფინალში გამარჯვების შემთხვევაში “არსენალი’’ შემდეგ სეზონში ევროპის საუკეთესო საკლუბო ტურნირზე, "ჩემპიონთა ლიგაზე" ითამაშებს.

 Mirror Sport-ი ხუთ მწვრთნელს ასახელებს, რომლებსაც “არსენალის’’ ხელმძღვანელები ვენგერის შემცვლელად მოიაზრებენ.

იოახიმ ლიოვი

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, იოახიმ ლიოვს გერმანიის ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტი 2020 წლამდე აკავშირებს. ლიოვი გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2006 წლიდან მუშაობს. მას საკლუბო დონეზეც უმუშავია, თუმცა ორ წელზე მეტ ხანს არსად გაჩერდა.

1994 წელს შვეიცარიულ ''ფრაუნფელდში'' დაწყებული სამწვრთნელო კარიერა ''შტუტგარტში'' გააგრძელა, რომელთან ერთადაც პირველ საერთაშორისო წარმატებას მიაღწია. მისი ხელმძღვანელობით გერმანული გუნდი 1998 წლის "თასების მფლობელთა თასის" ფინალში გავიდა და ლონდონის ''ჩელსისთან'' დამარცხდა.

ლიოვი თურქეთშიც მუშაობდა, სადაც ''ფენერბახჩესა'' და ''ადანას'' წვრთნიდა, თუმცა მათთან ერთად ტიტული არ მოუგია. შვეიცარიისა და თურქეთის შემდეგ, ავსტრია მესამე უცხოური ქვეყანაა, სადაც მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონმა იმუშავა, იგი გერმანიის ეროვნულ გუნდში მისვლამდე ინსბრუკის ''ტიროლისა'' და ვენის ''აუსტრიას'' მთავარი მწვრთნელი იყო.

ლეონარდო ჟარდიმი

ჟარდიმი “არსენალის’’ ხელმძღვანელების თვალთახედვის არეში “მონაკოში’’ მუშაობისას მოექცა. გასულ სეზონში ჟარდიმის “მონაკომ’’ ლიგა 1 მოიგო, თანაც ფინანსურად მდიდარ და მონსტრ "პარი სენ ჟერმენთან" კონკურენციაში გამარჯვებული გამოვიდა. მას აქვს "ჩემპიონთა ლიგაში" მონაწილე გუნდის გაწვრთნის გამოცდილება.

43 წლის პორტუგალიელს ფეხბურთი პროფესიულ დონეზე არ უთამაშია, 1996 წელს კი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო, მისი ხელმძღვანელობით 2009 წელს ''ბეირა მარი'' პორტუგალიის სეგუნდა ლიგიდან ელიტაში აღზევდა.

ჟარდიმი 2012 წელს პირეოსში ჩავიდა და ''ოლიმპიაკოსი'' ჩაიბარა, მან ბერძნულ კლუბში ''ბარსელონას'' ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ესნესტო ვალვერდე შეცვალა.  ლეონარდოსთვის კარიერის საუკეთესო პერიოდი გასული სეზონი იყო, 2017 წლის გაზაფხულზე ''მონაკო'' გააჩემპიონა, თავად კი ლიგა 1-ის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი გახდა.

 

პაულუ ფონსეკა

ფონსეკას პრემიერ ლიგაში მუშაობის სურვილი არაერთხელ გამოუთქვამს. გავიხსენოთ, რომ რონალდ კუმანის “ევერტონიდან’’ წასვლის შემდეგ, “მერსისაიდელებს’’ ფონსეკას მიწვევა სურდათ, თუმცა "შახტარმა" პორტუგალიელს წასვლის უფლება არ მისცა.

''პასუშ ფერეირაში'' წარმატებული მუშაობის შემდეგ,  ფონსეკა ''პორტუში'' დანიშნეს, თუმცა მთავარ მიზანს ვერ მიაღწია, პორტუგალიის ჩემპიონი ''ბენფიკა'' გახდა და "პორტუს" 9 ქულით გაასწრო.

2016 წელს მირჩა ლუჩესკუ ''შახტარიდან'' წავიდა, მისი ადგილი ფონესკამ დაიკავა და პირველსავე სეზონში უკრაინაში ყველა შესაძლო ტიტული მოიგო.

ბრენდან როჯერსი

რამდენჯერ შეძლებს როჯერსი “სელტიკში’’ ტიტულის მოგებას?  გასულ სეზონში შოტლანდიის ჩემპიონატში პირველზე გავიდა, მიმდინარე სეზონშიც ახლოსაა ჩემპიონობასთან, პრინციპულ მეტოქე გლაზგო ''რეინჯერსს'' უსწრებს.

ჩრდილოირლანდიელმა რეპუტაცია დაიბრუნა და ევროპული გრანდები ისევ დააინტერესა. არადა გვახსოვს, რომ წარმატებული პერიოდის შემდეგ, როჯერსი "ლივერპულიდან" არცთუ კარგად წავიდა.

45 წლის სპეციალისტმა 2010-12 წლები უელსურ ''სუონსიში'' გაატარა, მისი ხელმძღვანელობით გუნდი პრემიერ ლიგაში აღზევდა, ფლეი-ოფის გადამწყვეტ შეხვედრაში ''უემბლიზე'' "რედინგი" 4:2 დაამარცხა, რომლის შემადგენლობაში ქართველმა მცველმა ზურაბ ხიზანიშვილმა ითამაშა.

მიკელ არტეტა

ესპანელი ''არსენალის'' მთავარი მწვრთნელობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატია, არტეტა ხუთი წლის განმავლობაში ლონდონურ გუნდში თამაშობდა.

არტეტა ''მანჩესტერ სიტიში'' პეპ გუარდიოლას ასისტენტია, რეალურად მიკელი სწავლის პროცესშია და სამომავლოდ მთავარ მწვრთნელობას უმიზნებს.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები