ვენესუელას საფეხბურთო ნაკრების ფიზიოთერაპევტი მოკლეს
Aa
Aa

ვენესუელას საფეხბურთო ნაკრების ფიზიოთერაპევტი მოკლეს

ვენესუელას ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფიზიოთერაპევტი, ხესუს გუაკარანი ქალაქ ბარკისიმეტოში მოკლეს. 30 წლის გუაკარანს იმ დროს ესროლეს, როდესაც ის აფთიაქიდან გამოვიდა  და სახლში მიდიოდა. ადგილობრივი მედიის ცნობით მას ტყვია პირდაპირ თავის არეში ესროლეს. გუაკარანი ვენესუელას 20 წლამდელთა ნაკრების ფიზიოთერაპევტიც იყო.

ვენესუელური გაზეთის El Impulso-ს ცნობით, გუაკარანს მკვლელთან შელაპარაკება არ მოსვლია და ის არც გაუძარცვავთ. წყაროს თქმით მას შემდეგ რაც მას  ესროლეს, მკვლელი შემთხვევის ადგილიდან მოტოციკლეტით მიიმალა. მომხდარს „ვესტ ბრომვიჩისა“ და ვენესუელას საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი, სალომონ რონდონი გამოეხმაურა.

„ძალიან მტკივნეულია და უიმედობის მომცემია, როდესაც ვხედავ რომ ჩემს ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლე არაფრად ღირს. ყველაფრისთვის დიდი მადლობა გუაკა! ყოველთვის მემახსოვრება ის ბედნიერება რასაც გადმოგვცემდი. ვიზიარებ შენი ოჯახის მწუხარებას.“

მომხდარის შესახებ ვენესუელას ნაკრების ნახევარმცველმა, ტომას რინკონმა სოციალურ ქსელში დაწერა - „აღშფოთებული ვარ ამ სამწუხარო ამბით, თავს უიმედოდ ვგრძნობ. კიდევ ერთხელ, ძალადობამ დიდებული ადამიანი იმსხვერპლა. ყოველთვის მემახსოვრება მისი მეგობრული ღიმილი. ღმერთმა გააძლიეროს მისი ოჯახი. საკმარისია ძალადობა!!!“

ხესუს გუაკარანის მკვლელობის შესახებ Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ვენესუელას საფეხბურთო ნაკრები წერს - „ვინოტინო“ იზიარებს იმ მწუხარებას რასაც ჩვენი ძმისა და ფიზიოთერაპევტის ოჯახი განიცდის. ხესუს ალბერტო გუაკარან ბარიოსი ქალაქ ბარკისიმეტოში მოკლეს. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ნათესავებს“

ცხელი ამბები