მიჰაილოვიჩი: „მილანის“ ფეხბურთელებს ზიგმუნდ ფროიდი სჭირდებათ
Aa
Aa

მიჰაილოვიჩი: „მილანის“ ფეხბურთელებს ზიგმუნდ ფროიდი სჭირდებათ

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში, „მილანმა“ საკუთარ მოედანზე „ნაპოლი“ მიიღო და შეხვედრა სამარცხვინო ანგარიშით, 0-4 დათმო. მატჩის შემდეგ „როსონერის“ მთავარი მწვრთნელი, სინიშა მიჰაილოვიჩი უკმაყოფილებას ვერ მალავდა და რამდენიმე საინტერესო განცხადებაც გააკეთა.

„პირველ ტაიმში ცუდად არ გვითამაშია. შეგვეძლო წინ გავსულიყავით, თუმცა სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა. მატჩი კი მას შემდეგ დასრულდა რაც მე-2 გოლი გავუშვით. ისევე როგორც წინა მატჩში, ახლაც ძალიან სუსტი მენტალიტეტი ვაჩვენეთ. გამოსავალი უნდა ვიპოვოთ და ამას მხოლოდ სიმშვიდის შენარჩუნებითა და მძიმე შრომით მივაღწევთ. ძალიან კარგად ვმუშაობდით, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. დღეს მე ვათამაშე ის ფეხბურთელები, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო ჩემთვის. მეორე გოლზე რეაგირება ვერ მოვახდინეთ და ფსიქოლოგიურად დიდი სისუსტე ვაჩვენეთ.

როდესაც „მილანი“ გქვია, ყოველთვის საუკეთესო ადგილებისთვის უნდა იბრძოლო, მაგრამ ეს 7 ტურში ვერ მოხერხდება. ძნელი წარმოსადგენია ჩვენს თამაშს დაეყრდნო, მაგრამ მიზანი იგივე რჩება და შევეცდებით ამას მივაღწიოთ. ის ფეხბურთელები, რომლებიც სატრანსფერო პერიოდის დროს მოვიდნენ მნიშვნელოვანი არიან, თუმცა მათ დრო სჭირდებათ. ველოდებით ჟერემი მენეზის დაბრუნებას, თუმცა სამწუხაროდ ლაზარეთს ამ კვირაში ბალოტელიც შეემატა.

ამ მომენტში ალბათ ზიგმუნდ ფროიდი თუ გვიშველის. მას შემდეგ რაც აქ მოვედი ფეხბურთელების ფსიქოლოგიაზე ვმუშაობ. ინდივიდუალურად ვესაუბრები მათ და ყველაფრის ანალიზს ვაკეთებთ. სიმართლე გითხრათ, ეს არ არის ადვილი. ამ პრობლემის ადრე მოგვარებას ველოდი, მაგრამ როგორც ჩანს კიდევ საჭიროა მუშაობა. გამოსავალს აუცილებლად ვიპოვი. ეს გამიკეთებია სხვა კლუბებშიც და აუცილებლად შევძლებ „მილანშიც“ - განაცხადა სინიშა მიჰაილოვიჩმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები